რას მოხმარდება “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების 400 მილიონი დოლარი? – ნატო ტერორისტების წინააღმდეგ ახალ მისიას იწყებს

რას მოხმარდება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების 400 მილიონი დოლარი? - ნატო ტერორისტების წინააღმდეგ ახალ მისიას იწყებს“ისლამური სახელმწიფოს” დაშლით სირია-ერაყში რომ ტერორიზმის საფრთხე არ დამთავრებულა, ამაზე მსოფლიოს გაერომაც შეატყობინა. გაეროს დამკვირვებლებმა დაახლოებით ორი კვირის წინ არ გამორიცხეს “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებების გაერთიანება ალ-ქაიდასთან.
ბრიტანული მედიის მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებმა ომში დამარცხების შემდეგ სირიიდან და ერაყიდან გამოიტანეს 400 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, ტერორისტები ათეთრებდნენ ფულს. ისინი შუამავლების დახმარებით ყიდულობდნენ საწარმოებს ერაყში. ტერორისტებმა შეძლეს თავიანთი სახსრების თურქეთში განთავსება ოქროს სახით. “ისლამურ სახელმწიფოს” არ უჭირს თავისი მიძინებული განაყოფების რჩენა. ფულადი გადარიცხვებისთვის გამოიყენება არაფორმალური ქსელი.
“ისლამური სახელმწიფო” მდიდრდებოდა ადამიანების გატაცების გზით გამოსასყიდის მოთხოვნის, ძარცვის, ნავთობისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის შედეგად. ჯიჰადისტები სურსათისა და სამშენებლო მასალების გაყიდვასაც კი ახერხებდნენ. სირიისა და ერაყის “შავ ბაზრებზე” გამოტანილი იყო ისტორიული მემკვიდრეობის ნივთები.
აშშ-ის მეთაურობით შექმნილმა ანტიტერორისტულმა კოალიციამ ჯიჰადისტების სიმდიდრის დიდი ნაწილი გაანადგურა. ახლა ირკვევა, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” დიდი მატერიალური რესურსები შემორჩა.
“ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებების არსებობაზე სირიასა და ერაყში რეგიონში ნატოს ამოცანები მეტყველებს.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, გააფართოვოს ერაყის სპეცსამსახურების მხარდაჭერა.
ერაყის სპეცსამსახურების თანამშრომლების წვრთნა გაძლიერდება, რათა ისინი წინ აღუდგნენ ჯიჰადისტებს და არ მოხდეს ტერორისტების მომძლავრება.
ჯიჰადისტებთან ბრძოლაში მისიის გაფართოების თხოვნით ნატოს ოფიციალურმა ბაღდადმა და ანტიტერორისტულმა კოალიციამ მიმართეს.
ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” შესაძლო გაცოცხლებას ხელს უწყობს მოსახლეობის ნაწილის განწყობა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ მოსულის მცხოვრებლები ნეგატიურად არ იხსენებენ იმ დროს, როცა ქალაქი “ისლამური სახელმწიფოს” ხელში იყო. ისლამისტებმა შექმნეს თავიანთი უწყებები, მოახერხეს სისუფთავის უზრუნველყოფა და ელექტროენერგიის გადასახადის ამოღება. მათ არ შეუფერხებიათ სასწავლო პროცესი. მოსულის მოსახლების მტკიცებით, ქალაქის წინანდელი ხელისუფლება კორუმპირებული იყო, ხალხს ცუდად ექცეოდა და პრობლემებს ვერ აგვარებდა.
როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული “ისლამური სახელმწიფოს” უჯრედები მიძინებული არ არის.
“ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო დაღესტნის ქალაქ ყიზლარში მომხდარი ფაქტი. შენდობის კვირას ტერორისტმა სანადირო თოფით სროლა აუტეხა მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოსულ მორწმუნეებს. ამ აქტმა 5 ქალი იმსხვერპლა. მრევლის რამდენიმე წევრი და 2 პოლიციელი საავადმყოფოში მოათავსეს. ტერორისტი როსგვარდიამ გაანადგურა. იგი აღმოჩნდა 22 წლის ხალილ ხალილოვი, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოში” შარშან გაწევრიანდა.
სირია-ერაყში არსებობენ ტყვედ აყვანილი ტერორისტებიც. არსებობს მათი გუანტანამოს საპყრობილეში მოთავსების იდეა. ამას არ ეთანხმება ამერიკელი ექსპერტების ნაწილი. მათი აზრით, ეს ტერორისტები იმ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ, საიდანაც წარმოშობით არიან. ამერიკამ ისინი არ უნდა შეინახოს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა