თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდება – ”მოვითხოვთ, ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი”

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდება - ”მოვითხოვთ, ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი”თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი თანახმაა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ხვალ, თბილისში შეხვდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ განუცხადა.
– ხვალ ჩავალთ თბილისში და შევხვდებით შოთაძეს, რადგან მხოლოდ ოჯახთან უნდა შეხვედრა და სხვა გარეშე პირებთან არა. ჩვენთან ერთად იქნება ადვოკატიც. გვაქვს ბევრი კითხვა და იმედია, პასუხებს მივიღებთ, თუმცა კარგი იქნებოდა ხეობაში მომხდარიყო შეხვედრა იმ ხალხთან ერთად, ვისაც სპეცოპერაციის შესახებ ბევრი კითხვა აქვს.
ჩვენ, პირველ რიგში, მოვითხოვთ, ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი, მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
ირაკლი შოთაძე მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს.