აგარის შაქრის ქარხანაში კრიპტოვალუტას აწარმოებენ?!

შ.პ.ს აგარის შაქრის კომპანიის დირექტორი ალჰან ალიზადე ქარხნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გამომუშავების ცენტრის გაკეთების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

ნეტგაზეთთან საუბრისას ის ამბობს, რომ კომპანია აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გამომუშავებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა ინვესტორთან  მოლაპარაკება არ შედგა.

“ქარხნის ტერიტორიაზე ბიტკოინების წარმოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ჩვენ კრიპტოვალუტის წარმოებას არ ვაპირებთ.  ისრაელიდან ინვესტორს სურდა ქარხნის ტერიტორიის ქირაობა კრიპტოვალუტის წარმოებისთვის, თუმცა ჩვენ მასთან შეთანხმება ვერ შევძელით. ეს საკითხი რამდენიმე დღეა უკვე მოხსნილია დღის წესრიგიდან,”-აცხადებს ალჰან ალიზადე.

შ.პ.ს აგარის შაქრის კომპანია აგარაში ქარხნის მუშაობის შეჩერებას საქართველოში შაქრის იმპორტის გაზრდას უკავშირებს, რამაც მათი განცხადებით,  შაქარზე ფასის შემცირება გამოიწვია.

– 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქრის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში ისედაც გაზრდილი თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა შაქრის ფასების გლობალური შემცირება.

აგარის შაქრის მიერ წარმოებული თეთრი შაქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯები, ცხადია, იგივე დარჩა. რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ და გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე,”- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეული გაიაფდება, აგარის შაქრის ქარხანა მუშაობას გააგრძელებს.

“თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეული გაიაფდება, მეპატრონე მზადაა დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება, – აცხადებენ კომპანიაში.

“აგარის შაქარის კომპანია” მეექვსე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს. ქარხნის გაჩერების გამო, ქარხნის მუშებმა არაერთი აქცია გამართეს.
აგარის ქარხანააგარის შაქრის კომპანიააქციაკრიპტოვალუტა

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018