აგარის შაქრის ქარხანა ბრძოლის ველად გადაიქცა – ვის უნდა აქ ბიტკოინების ქარხნის გახსნა?

აგარის შაქრის ქარხანა ბრძოლის ველად გადაიქცა - ვის უნდა აქ ბიტკოინების ქარხნის გახსნა?ორ კვირაზე მეტია დაბა აგარა, კერძოდ, შაქრის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია ბრძოლის ველს ჰგავს – ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც ნოემბრიდან მოყოლებული, სამსახურის გარეშე არიან დარჩენილები, შენობასთან აღმებენ და ათენებენ. ამასთან, როგორც ირკვევა, პროტესტანტები შენობაში ქარხნის მფლობელს არ უშვებენ. ეს კი არადა, რამნდენიმე დღის წინ, ქარხანა იურისტსა და ბუღალტერსაც დაატოვებინეს.

ზოგადად, აგარის ქარხნის პრობლემების თობაზე მთელმა ხელისუფლებამ იცის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის უმეტესობაც მეშაქრეა, ამბობს, რომ ყურადღებას არავინ აქცევს. რაშია პრობლემა? ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ქარხნის აზერბაიჯანელმა მფლობელმა დასაქმებულებს უთხრა, რომ ვინაიდან აგარაში წარმოებული შაქარი შემოტანილს კონკურენციას ვერ უწევს, ამიტომ, ქარხანა უნდა გაჩერდეს. ეს, ერთი შეხედვით, ლოგიკური არგუმენტია, თმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შაქრის ერთ-ერთი შემომტანი სწორედ აგარის შაქრის ქარხნის მფლობელია. ამასთან, აგარელები იმასაც ამბობენ, რომ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შაქარი აგარის შაქარს კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან არავინ იცის, რისგანაა დამზადებული.

ასეა თუ ისე, ფაქტი სახეზეა: დაახლოებით, ხუთასამდე ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ყველა ამ ადამიანის უკან ოჯახი დგას. შესაბამისად, აგარაში მძიმე სოციალური ფონია.

ვის ინტერესშია აგარის შაქრის ქარხნის გაჩერება და ვინ რა ხეირს ნახავს დაბის განადგურებით? – ეს რიტორიკული კითხვა სულაც არ არის, რადგან როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჯერ ერთი, სახეზეა კლასიკური დემპინგი, ანუ კონკრეტულ იმპორტიორს ხელისუფლებაში, ალბათ, მფარველი ჰყავს. ამის წყალობით, იმპორტიორი შაქარს იმაზე იაფად ყიდის, ვიდრე შემოტანა უჯდება. ეს, თავისთვად, ადგილობრივ წარმოებას კლავს. მოკლევადიან პერიოდში, იაფი იმპორტირებული პროდუქცია მომხმარებლისთის მისაღებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი წარმოება მთლიანად გაჩერდება, იმპორტირებული პროდუქცია „ოთუზბირი“ გახდება. ზოგადად, დემპინგი ცივილურ მსოფლიოში მტაცებლურ ფასად ითვლება და იგივე დონალდ ტრამპმა, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, დემპინგს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ აუცილებლად მიიღებს ანტიდემპინგურ კანონს, რომლითაც ხელი შეეწყობა ეროვნული წარმოების განვითარებას, მაგრამ კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტმა დაიწუნა. მას შემდეგ ახალ ვარიანტზე მუშაობა დაუსრულებლად მიმდინარეობს. მართალია, ჯერ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონი არ მოქმედებს, მაგრამ სამაგიეროდ, ქვეყანაში არსებობს კონკურენციის კანონი, რომელიც წესით უნდა მოქმედებდეს, მაგრამ არც ეს კანონი მუშაობს და ის უწყებაც, რომელიც ამ კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, დუმს. როგორც ჩანს, ნოდარ ხადურის ყურამდფე ჯერ არ მიუღწევია, რომ აგარის მოსახლეობა არაჯანსაღ კონკურენციას ეწირება.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, რის გამოც შესაძლოა, აგარის შაქრის ქარხანა დაიხუროს, ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ქარხანა ლამის ნახევარი საუკუნეა არსებობს, ვიღაცები ბიტკოინების ქარხნის გახსნას აპირებენ. ვინ არიან ეს „ვიღაცები“ უცნობია, მაგრამ ადგილობრივთა თქმით, რამდენიმე დღის წინ, აგარაში უცნობები ჩავიდნენ, რომელთაც ქარხნის დათვალიერება უნდოდათ და ისიც თქვეს, რომ ბიტკოინების ქარხნის გახსნას გეგმავენ, თუმცა მოსახლეობამ უცნობები ქარხნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

ზოგადად, დასამალი არ არის, რომ საქართველოშ ბიტკოინების ბუმია, ანუ დიდი ხანია არსებობს ვერსია, რომ იგივე ელექტროენერგიის გაძვირება სწორედ ბიტკოინების ქარხნების გამო მოხდა, ანუ ამ ქარხნებს დიდი რაოდენობით დენი სჭირდება და ის, ვინც კრიპტოვალუტით მდიდრდება, თურმე, ცდილობს, რომ დანახარჯი ხალხის ჯიბიდან ამოიღოს. ამბობენ იმასაც, რომ ბიტკოინების ქარხნების მიმართ ინტერესი საქართველოს ყოფილ პრემიერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს აქვს.

ასეა თუ ისე, ჯერ გაურკეველია, რა ელით აგარელებს. ხალხი ამბობს, როიმ მზადაა, ქარხანა ინვესტორისგან გამოისყიდოს და თვითონ აამუშაოს. ასევე, დადის ხმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აგარაში პროტესტი გაგრძელდება, აქციის მონაწილეები შესაძლოა, სპეცრაზმით დაშალონ, თუმცა მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ამ ხმას დასაშინებლად ავრცელებენ.

„ჩვენ არავისი გვეშინია და აგარის შაქრის ქარხანას არავის დავუთმობთ!“ – ამბობენ აგარელები. ისე, ბიტკოინები შეიძლება, კარგია, მაგრამ ვირტუალურ ფულს ჯობია, ადგილობრივი წარმოება კი არ გაჩერდეს, არამედ, ამუშავდეს და ხალხი დასაქმდეს! იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აგარელები არ გამორიცხავენ, რომ ფართომასშტაბიან აქციები დაიწყო და მიტინგები თბილისშიც გამართონ!

ნიუპოსტი