„გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ“ – პოლიციელებმა თელავში 25 წლის გიორგი ქიტოშვილი დააკავეს – ვიდეო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით 25 წლის გიორგი ქიტოშვილი დააკავეს. თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავებისას მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზემოდან აწვება და ყელში უჭერს, რის გამოც ახალგაზრდა პოლიციელებს რამდენჯერმე მიმართავს, რომ სუნთქვა უჭირს.

„რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით გააჩერეს. საბუთების წარდგენის შემდეგ, მძღოლმა პოლიციელებს უთხრა, რომ უსამართლოდ იყო გაჩერებული და მისი დაჯარიმების საფუძველი არ არსებობდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელსა და მძღოლს შორის ხმამაღალი საუბარი იყო, თუმცა მძღოლს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით მოქალაქის დაკავება დაიწყეს. ვიდეომასალის მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მძღოლს განუმარტავს, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც გამოიწვევს 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ქიტოშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, დაკავების დროს სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

– პატრულ-ინსპექტორები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ და გამოიყენეს პროპორციული ძალა. მოქალაქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. არაერთგზის მოწოდებას, რომ წასულიყო და დამჯდარიყო მანქანაში, არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ მათ მოახდინეს მისი დაკავება. ვნახე ვიდეოკადრები ასევე სხვა კადრებიც მაქვს ნანახი, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა, არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, – აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ქიტოშვილი თელავში, დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით 6 მარტს დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზემოდან აწვება და ყელში უჭერს, რის გამოც ის პოლიციელებს რამდენჯერმე მიმართავს, რომ სუნთქვა უჭირს. გიორგი ქიტოშვილის მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ ქიტოშვილი გაჩერების და დაჯარიმებას აპროტესტებდა. მისივე თქმით, გიორგი ქიტოშვილს პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე თელავის რაიონულ სასამართლოს 7 მარტს უნდა განეხილა, თუმცა სასამართლო სხდომა 30 მარტისთვის გადაიდო. მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარეს კანონდარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.

რეგინფო

„გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ“ – პოლიციელებმა თელავში 25 წლის მამაკაცი დააკავეს

თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავებისას მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზემოდან აწვება და ყელში უჭერს, რის გამოც ახალგაზრდა პოლიციელებს რამდენჯერმე მიმართავს, რომ სუნთქვა უჭირს.

Posted by რეგინფო / Reginfo.ge on Dienstag, 6. März 2018

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018