განახლდება თუ არა ომი მთიან ყარაბაღში?

გახშირდა კავკასიელი ექსპერტების პროგნოზები მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების თაობაზე.
ახალ ომს წინასწარმეტყველებენ იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა განაცხადეს მოლაპარაკებათა პროცესის ინტენსიფიკაციის აუცილებლობის შესახებ. არსებული მონაცემებით, მოლაპარაკებები გააქტიურდება ორივე ქვეყანაში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან ენდრიუ შეფერი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტატუს-კვო დიდხანს ვერ შენარჩუნდება, კონფლიქტის ომით გადაჭრის გზა კი არ არსებობს.
მისი თქმით, კონფლიქტის მხარეებს მოუწევთ ძნელი გადაწყვეტილების მიღება. ამისათვის აუცილებელია მათი, ასევე თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა.
ომი ყარაბაღში 2016 წლის აპრილში განახლდა. ოთხდღიანმა ომმა გამოიწვია მსხვერპლი. მაშინ გამოცხადებული ზავი მუდმივად ირღვევა. ეს გამოიხატება სროლებში, რომელთაც მასშტაბური ხასიათი არ მიუღია. ამ ორი წლის განმავლობაში მხარეების საომარი რიტორიკა შენელდა.
ახალ მუქარად გაისმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის ალი ჰასანოვის განცხადება.
აზერბაიჯანელთა ევროპულ კონგრესზე ჰასანოვმა თქვა, რომ ბაქოს ჰყავს რეგიონში ყველაზე ბრძოლისუნარიანი და ტექნიკურად სრულყოფილი არმია, რაც დადასტურდა აპრილის ომის დროს.
ჯარის გაძლიერებაზე სომხეთიც ზრუნავს. რუსეთი სომხეთს შეიარაღებას იაფად აძლევს და ამისთვის ერევანს შეღავათიანი კრედიტებით უზრუნველყოფს. ბოლო დროს სომხეთის, ასევე სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის არმიას შეემატა რეაქტიული სისტემა “სმერჩი”, “ოსკანდერის” სარაკეტო კომპლექსი და სხვა რუსული შეიარაღება.
ცნობილია, რომ იარაღს რუსეთიდან აზერბაიჯანიც ყიდულობს.
საომარ სიტუაციაში აზერბაიჯანს პარტნიორი თურქეთის იმედი აქვს. მიზეზი, რის გამოც ანკარა ბაქოს დასახმარებლად ამჟამად ვერ მოიცლის, სირიაში მიმდინარე მოვლენებია. ბოლო დროს აზერბაიჯანი სულ უფრო უახლოვდება ირანს. მართალია, თეირანი აცხადებს, რომ კავკასიაში სტაბილურობა სურს, მაგრამ არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ირანი კავკასიაში ახალი ომის შემთხვევაში.
დაახლოებით ორი თვის წინ აზერბაიჯანელი პოლიტიკოგების ნაწილი აცხადებდა, რომ მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთის პროცესების გაფართოება. სირიის პარალელურად, ბრძოლები შეიძლება დაიწყოს მთიან ყარაბაღში.
ითვლება, რომ კონფლიქტის მხარის უპირატესობას განაპირობებს ძლიერი ხელისუფლება. გადაჭარბებული ძალაუფლება აზერბაიჯანის პრეზიდენტს აქვს. სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. არის აზრი, რომ ამას დასავლეთის თვალში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება – ევროპაში ბევრად უკეთესი თვალით შეხედავენ დემოკრატიულ საპარლამენტო სომხეთს, ვიდრე ავტორიტარულ აზერბაიჯანს.
ამას ყურადღება მიექცევა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისას. კავკასიაში ცხელი კერების გაჩენა სხვა აქცენტებს გააჩენს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018