ვახტანგ მაისაია – “რუსეთის მიერ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჯანჯლება მისი ბარბაროსობის მაჩვენებელია”

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკა კვლავ არის ველიკოდერჟავული. რუსეთი კვლავ აჩვენებს, რომ მას აქვს ძალა. ძალა კი აღმართს ხნავს. რუსეთს არ უნდა, დაადასტუროს, რომ მის ციხეებში ადამიანებს წამებით კლავენ და რომ არჩილ ტატუნაშვილი, ფაქტობრივად, რუსულ ციხეში მოკლეს.
– დასავლეთის ქვეყნები, ქართველი საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებენ რუსეთს, ცხედარი გადმოგვცენ, მაგრამ რუსეთს არაფერი ესმის. ეს რა პოლიტიკაა?
– რუსეთის პოლიტიკა კვლავ არის ველიკოდერჟავული. რუსეთი კვლავ აჩვენებს, რომ მას აქვს ძალა. ძალა კი აღმართს ხნავს. მეორე – რუსეთს არ უნდა, დაადასტუროს, რომ მის ციხეებში ადამიანებს წამებით კლავენ. არავინ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს. რომ არჩილ ტატუნაშვილი რუსული პენიტენციალური სისტემის ეგიდით მართულ ციხეში მოკლეს.
გარკვეული პერიოდის წინ ცხინვალის მთელი მარიონეტული რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურა გადავიდა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის სათანადო ინსტიტუტების დაქვემდებარებაში. მათ შორის, ე.წ. შს სამინისტრო გადავიდა რუსეთის შს სამინისტროს დაქვემდებარებაში. თავდაცვის სისტემა გადავიდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. პენიტენციური სისტემის ცხინვალში მოქმედი ციხეები კი დაექვემდებარა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას. აქედან გამომდინარე, ხაჩიროვს, რომელიც, გონივრული ეჭვის საფუძველზე, არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი, ეცვა რუსული სამხედრო ფორმა. ამდენად, ტატუნაშვილი მოკლეს არა სეპარატისტული რეჟიმის ციხეში, არამედ რუსეთის ფედერაციის ციხეში, ისევე, როგორც თავის დროზე მაგნიტსკი.
სწორედ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობამ გააჩინა პირველი ბზარი დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. პირველი სანქცია რუსეთს სწორედ სერგეი მაგნიტსკის ციხეში მკვლელობასთან დაკავშირებით დაუწესეს. ტატუნაშვილის მკვლელობა კიდევ ერთი დანაშაულია, რომელიც ჩადენილ იქნა რუსულ ციხეში. რუსეთი და მისი ცხინვალელი მარიონეტები ყველანაირად ცდილობენ წამების კვალი წაიშალოს და მერე მოხდეს ცხედრის გადმოცემა ისე, რომ არ დაფიქსირდეს ამ პოლიტიკური მკვლელობის შედეგები.
– მკვლელობა ერთია, ცხედრის ოჯახისთვის გადმოუცემლობა – მეორე. საქართველოს პატრიარქიც კი გააწბილეს. რუსეთის პატრიარქი კი პუტინისა და კრემლის მარიონეტად გამოჩნდა.
– ყველაფერი კრემლის პოლიტიკაზეა დამყარებული. რუსეთში ერთ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და, როგორც ჩანს, ესეც ერთგვარი ძალის დემონსტრირებაა, თუნდაც იგივე ურჩი რესპუბლიკების მიმართ. სხვანაირად არ შეიძლება აიხსნას რუსეთის ასეთი ძალადობრივი ქმედებები.
– რას იტყვით კვირიკაშვილის განცხადებაზე?
– მიკვირს, რატომ აკრიტიკებენ კვირიკაშვილს. კვირიკაშვილი ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე გავიდა რუსეთის ხელმძღვანელობაზე და რუსეთის ხელმძღვანელობას ამ ფორმით მიმართა, ცხედარი გადმოეცათ. ის ცდილობს, თითოეული მოქალაქის ღირსება დაიცვას თუნდაც საკუთარი პოლიტიკური ღირსების გზითაც. კვირიკაშვილის მიერ ასეთი განცხადების გაკეთება იოლი და მარტივი არ იყო.
– კავშირზე გავიდა, ანუ კვირიკაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობასაც დაუკავშირდა და მხოლოდ განცხადება არ გაუკეთებია?
– მიმართვა გააკეთა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მიეღო ჰუმანური გადაწყვეტილება ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით. რუსეთი მტერია თუ რაც არის, ცხედრის გადმოცემა უნდა მოხდეს. ჩვენ გადმოგვცეს ის ცხედრები, რომლებიც დაიღუპნენ ბაბუშერაში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად. ჩვენ გადმოგვცეს მათი ცხედრები, რომლებიც დაიღუპნენ სოხუმში მინისტრთა საბჭოს აღების დროს. ისინი არაკაცურად მოკლეს. მაგალითად, შარტავა, გაბესკირია, ალასანია და ის 28 გმირი ქართველი, რომელიც ჰუმანიტარული სამართლის ყოველგვარი წესების დარღვევით დახვრიტეს აფხაზმა თუ ჩრდილოეთ კავკასიელმა გადამთიელებმა. ამდენი წლის შემდეგ მათი ცხედრები ჭირისუფლებს გადმოეცათ. ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა პირდაპირი კავშირი აფხაზეთის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან.
– შეიძლება ვიფიქროთ, რომ პუტინი არჩევნების დასრულებას ელოდება და არჩევნების შემდეგ გადმოგვცემენ?
– ვერ გეტყვით. არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს და ახლა გვამზე მტკიცებულებების ნაკვალევის წაშლას ელოდებიან. რუსული მხარის მიერ ცხედრის გადმოცემის გაჯანჯლება მისი ბარბაროსობის მაჩვენებელია.
– კვირიკაშვილის მიმართვამ პირდაპირი მოლაპარაკების თაობაზე, საქართველოში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა კვირიკაშვილის განცხადება როგორ მიიღო?
– იქ მოლაპარაკებაზე არ არის საუბარი. კვირიკაშვილმა მიმართა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. არა მგონია, გიორგი კვირიკაშვილს ეთქვა, რომ პირდაპირი დიალოგი დაწყებულიყო თბილისსა და მოსკოვს შორის სხვა საკითხზე, რომელიც, დავუშვათ, წლების განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის გაჩნდა. აქ საუბარია ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
– თქვენ კვირიკაშვილის განცხადება ასე გაიგეთ? ექსპერტები გამოდიან და ზოგად სტილში განიხილავენ დიალოგის შეთავაზებას.
– ვინ როგორ განიხილავს, მისი საქმეა. მე როგორც გავიგე, ისე ვაფიქსირებ, რომ კვირიკაშვილმა, ფაქტობრივად, ფაქტობრივად, დააყენა საკითხი, ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მომხდარიყო დიალოგის წარმოება.
– კვირიკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, მზად ვარ დავიწყო დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, აფხაზებსა და ოსებთანო, ეს არ ნიშნავს ზოგად პრობლემებზე ყურადღების მიპყრობას?
– განცხადება არის ყურადღების მიპყრობა სწორედ იმ პრობლემაზე, რაც დღეს არსებობს და არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით პირდაპირი კავშირების დამყარება მომხდარიყო აფხაზურ-ოსურ და აფხაზურ მხარესთან. აფხაზური მხარეც იგულისხმება, როგორც ოსური მხარის სტრატეგიული პარტნიორი, რომ ზეგავლენა მოახდინოს რუსულ მხარეზე ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
– ქვეყანა, რომელიც ერთი ქართველის ცხედარს არ გიბრუნებს, შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ თავისი ნებით, მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით, ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს?
– არსებობს უტოპიური სცენარიც და პოლიტიკაში არსებობს ისეთი სცენარიც, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება გახდეს რეალური. 1993 წლის 27 სექტემბერს ჩვენი თანამოქალაქეები მხეცურად მოკლეს და მათი ცხედრები ქართულ მხარეს ახლა გადმოგვცეს. სამწუხარო რეალობაა. მახსოვს, 1993 წელსაც ცხედრების გადმოცემასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები იყო. პროცესში ჩართული იყო ბორის პასტუხოვი. ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის იძულებით კარგი ურთიერთობა იყო. საქართველო ძალითYშევიდა დსთ-ის შემადგენლობაში, შეცვალა თავისი პოლიტიკური ორიენტაცია, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მოვიდნენ პრორუსი პოლიტიკური გავლენის მქონე პოლიტიკოსები. ჩვენ გვყავდა ვიცე პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც უფრო მეტად რუსეთიდან იმართებოდნენ, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მეთაურის კაბინეტიდან, მაგრამ მაშინაც კი არ გადმოგვცეს ცხედრები.
კვირიკაშვილის განცხადებას წინ უძღოდა სიტუაცია, როდესაც პარლამენტმა ერთიანი რეზოლუცია დღემდე ვერ მიიღო. წარმოიდგინეთ კვირიკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი, ერთიან დოკუმენტს ვერ ღებულობს. პარლამენტშიც არ არის ერთიანობა. საზოგადოებაც ერთიანი არ აღმოჩნდა. ტატუნაშვილის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები იმართებოდა. ამ დროს ზოგიერთი მომიტინგე რუსულ დროშას აფრიალებდა, გიორგიევსკის ბანტებით ატარებდა დემონსტრაციას. სიტყვის თავისუფლებას პატივს ვცემ, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება, მაგრამ როცა ასეთ მძიმე პერიოდში გამოდიხარ და რუსულ პოზიციას ემხრობი, მოსაწონი არ არის.
ამ მომენტში ხელოვნების ზოგიერთი მოღვაწეები მოსკოვში იყვნენ კონცერტის ჩასატარებლად. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ რაღაც ელემენტის გამოხატულებაც საჭიროა, როცა საქმე ქვეყნის, ოჯახის, იმ ადამიანის ტრაგედიას ეხება, როცა ჭირისუფალი ცხედარს ვერ მარხავს. ქრისტიანული წესების სრული დაცვით, ვერ ახერხებენ ცხედრის დამარხვასა და პატივის მიგებას. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, მაგრამ აქაც, სამწუხაროდ, ჩვენ ერთიანობას ვერ ვავლენთ. აი, რა არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. მხოლოდ რუსეთის, კრემლის და რუსული პოლიტიკური ვანდალიზმის განხორციელება, არ არის ჩვენი პრობლემა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლის გავლენები საქართველოში ჯერ კიდევ დიდია?
– მე ვაფიქსირებ ფაქტს, დანარჩენზე დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018