ვინ იყო 14 წლის ასლან მამედოვი, რომელიც ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

ვინ იყო 14 წლის ასლან მამედოვი, რომელიც ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნას ემსხვერპლათბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 14 წლის მოსწავლე ემსხვერპლა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შენობიდან მოზრდილი შუშა ჩამოვარდა, რომელიც 6 მოზარდს დაეცა. მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა სკოლის მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ.

“ხმაურზე რომ გამოვედით, დავინახეთ დასისხლიანებული ბავშვები. განსაკუთრებით მძიმე იყო ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობები სახის არეში ჰქონდა. სხვა ბავშვებსაც ჰქონდათ დაზიანებები ხელებზე, ფეხებზე და სახეზე. ჩემმა შვილმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ვიდრე ექიმები მოვიდოდნენ, ვცდილობდით ბავშვებისთვის მინის ნამსხვრევები მოგვეცილებინა”, – განაცხადა თვითმხილველმა.

გარდაცვლილი მოსწავლე 14 წლის ასლან მამედოვია. იგი თბილისის 70-ე საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. მამედოვი ფონიჭალაში ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. “ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს” – აღნიშნა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

უბედური შემთვევის შემდეგ, ასევე განცხადება გაავრცელა იმ შენობის ადმინისტრაციამ, საიდანაც შუშა ჩამოვარდა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2008 წელს განხორციელდა და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა.

“მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს”, – ნათქვამია განცხადებაში. მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები გაავრცელეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

ამბები