ზვიად კუპრავა – “ხორავაზე მკვლელობის საქმეზე ძალიან სკანდალური ინფორმაცია მაქვს”

ზვიად კუპრავა - "ხორავაზე მკვლელობის საქმეზე ძალიან სკანდალური ინფორმაცია მაქვს"ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია დიდ და სკანდალურ საიდუმლოს მალავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე არაერთი სკანდალური ფაქტი გამომზეურდა, სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მთავარი საიდუმლო ჯერ არ გამჟღავნებულა.
ზვიად კუპრავამ ამ საქმეზე არაერთი სკანდალური ფაქტი გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყება ამ ფაქტების გასაჯაროებით, ბუნებრივია, უკმაყოფილო იყო, მაგრამ როდესაც კუპრავა ბაბუის სკანდალზე ალაპარაკდა, სათანადო ზომების მიღება გადაწყვიტეს.
რამდენიმე კვირის წი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გამოქვეყნდა აუდიო-ჩანაწერი, სადაც მოზარდები საუბრობენ, რომ ჩხუბში მონაწილე 2 პიროვნების ბაბუა მოწმეებს მისთვის სასურველ ჩვენების მიცემას სთხოვდა და ამის სანაცვლოდ მათ სოლიდურ თანხებს სთავაზობდა.
კუპრავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ ბაბუის ვინაობა და გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების სურვილი გამოთქვა. საგამოძიებო უწყებაში ის დაიბარეს და გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი.
ბოლო დღეების განმავლობაში პროკურატურის წარმომადგენლები გამუდმებით მის გვარს ახსენებენ და ამბობენ, რომ კუპრავამ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.
პროკურატურის გარდა, ახლო წარსულში ჩვენების მისაცემად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც იყო დაბარებული. იქ მან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებსა და მათ ქართულ კონტაქტებზე ისაუბრა.
რა არის ცნობილი ტატუნაშვილის მკვლელებზე, რა განწყობა ნახა სუსში, რატომ ახსენებს პროკურატურა მის გვარს ასე ხშირად და რა საიდუმლო ინფორმაციას ფლობს ხორავას ქუჩის საქმეზე? – ამ თემებზე ზვიად კუპრავა “ახალ თაობას” ესაუბრება.
– თბილისის მთავარი პროკურორი, მალხაზ კაპანაძე ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თქვენ გამოძიებასთან არ ითანამშრომლეთ. 26 მარტს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ თქვენ გამოკითხვის პროცედურის დროს გამოძიებას ვერ წარუდგინეთ აუდიო-ჩანაწერი.
– თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეების მოსყიდვის ფაქტზე, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განმცხადებელმა ანუ მე, არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, რის გამოც, ისინი ვერ ახერხებენ პირების იდენტიფიცირებას და შემდგომ მათ დაკითხვას.
ეს არის ტყუილი, რადგან თუ მე არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, აბა, რის საფუძველზე დაიკითხა ბორის კაკუბავა? დაესიზმრათ ეს თბილისის პროკურატურაში? ეს ინფორმაცია მათ ჩემგან გაიგეს.
– ფხაკაძე ამბობს, რომ ვერ წარმოადგინეთ ჩანაწერი და უარი თქვით მათთვის ტელეფონის გადაცემაზე. პროკურორის მტკიცებითვე, ეს აუდიო-ჩანაწერი თქვენი კუთვნილი ტელეფონით განხორციელდა.
– ეს ჩანაწერი მე არ გამიკეთებია. რაც შეეხება ტელეფონს, რატომ უნდა ამოეღო ის პროკურატურას? ჩემი ტელეფონი საქმეში არ ფიგურირებს. ტელეფონი, რომლის გადაცემასაც პროკურატურა ითხოვს, დაზიანდა და ის მე მივეცი ჩემს მცირეწლოვან შვილს, რომელიც თამაშობდა და სად გადააგდო, არ ვიცი.
საგამოძიებო უწყებისთვის მე ჩანაწერი არ დამიმალავს და ძალიან თუ უნდათ მისი მოსმენა, ძალიან მარტივად შეუძლიათ ამის გაკეთება. თუ არ იციან, ვასწავლი ეა უნდა გააკეთონ, შევიდნენ რუსთავი 2.გე-ზე და იქ შეუძლიათ ამ ჩანაწერის მოსმენა. ერთხელ თუ ვერ გაიგებენ, მოუსმინონ ორჯერ, ორჯერ მოსმენა საკმარისი თუ არ იქნება, სამჯერ გაიმეორონ. შეუძლიათ უსმინონ დაუსრულებლად.
სინამდვილეში, მათ არა ჩანაწერი, არამედ ჩემი პირადი მობილური ტელეფონის ამოღება უნდათ, რის შესაძლებლობასაც, როგორც პროკურორმა თქვა, ჩემი მცირეწლოვანი ნიკუშა არ იძლევა.
– იმედია, დაკითხვაზე არ დაიბარებენ.
– დაიბარონ. მაინც ვერაფერს გაიგებენ – ნიკუშამ ლაპარაკი ჯერ არ იცის.
– თქვით, რომ პროკურატურას ჩანაწერის მოსმენაზე მეტად, თქვენი პირადი ტელეფონის ამოღება უნდა. რა ამოძრავებს საგამოძიებო უწყებას? რა ინფორმაციას ინახავს თქვენი ტელეფონი?
– ის ტელეფონი, რომლის გადაცემასაც პროკურატურა ითხოვს, ბევრ ინფორმაციას ინახავს. იქ მე ვიწერდი ჩემს საუბრებს. ამ ტელეფონით ვეკონტაქტებოდი ახლობლებს. ვწერდი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მეუღლეს. არანაირი სურვილი არა მაქვს, რომ პროკურატურამ ეს ყველაფერი ნახოს. და ძალიანაც რომ მინდოდეს ამ ტელეფონის გადაცემა, ამას ვერ მოვახერხებ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არ ვიცი, სად გადააგდო ის ჩემმა შვილმა.
– როდესაც თქვენ პროკურატურამ გაუთქმელობაზე მოგაწერინათ ხელი, ამას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თქვენ ამ საქმეზე ბევრი რამე იცით და ამიტომ მოხდა თქვენი გაჩუმება?
– ბევრი რამე ვიცი და ამიტომ ცდილობენ, გამაჩუმონ. ამიტომ მომაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე, არსად არ უნდა მეთქვა, რომ მოზარდებთან მოლაპარაკებებს ბორის კაკუბავა აწარმოებდა. მე ვითანამშრომლე გამოძიებასთან და კაკუბავას გვარა არსად არ მიხსენებია.
არ ვიცი, საიდან გაჟღერდა მისი გვარი პრესაში, მომლაპარაკებელი ბაბუა რომ კაკუბავა იყო. ეს თავად პროკურატურამ დაადასტურა და ის გამოკითხვაზე დაიბარა.
და საერთოდ რა არის ეს გაუთქმელობის ხელწერილი. ასე მოიქცნენ ციანიდის საქმეზეც. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, თავად კი იმ განცხადებებს აკეთებდნენ, რაც მათ ინტერესში იყო. ამის მიუხედავად, სიმართლე მაინც არ დაიმალა. ასე იქნება აქაც.
– ბოლო დღეებში პროკურორები სულ თქვენს გვარს ახსენებენ, ამას ემატება გაუთქმელობის ხელწერილი. ჩნდება ეჭვი, რომ თქვენ რაღაც ისეთი იცით, რისი გაჟღერებაც ვიღაცების ინტერესში არ შედის. კიდევ რაიმე სკანდალური ინფორმაცია იცით?
– ვიცი და ეს ინფორმაცია არის ძალიან სკანდალური. ეს არის მთავარი საიდუმლო, რომლის დამალვასაც ვიღაცები ასე ცდილობენ. ამაზე დიდი ვაჭრობა მიდის. ეს იქნება დიდი სკანდალი.
– იმაზე დიდი სკანდალი, ვიდრე ბაბუა ბორისის ამბავი?
– ბევრად უფრო დიდი სკანდალი იქნება.
– პროკურატურის გარდა, თქვენ გამოკითხვაზე იმყოფებოდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც, სადაც ტატუნაშვილის შესაძლო მკვლელებზე ისაუბრეთ. თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მოგაწოდათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერეთ. დამატებით შეგიძლიათ კიდევ რამის თქმა? საინტერესოა, რაზე ისაუბრეთ სუსში?
– არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში მე დამიკავშირდა სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად მატროსოვის ციხეში ზის. ის ცხინვალის მიმართულებით მუშაობდა და ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს.
მან დეტალური ინფორმაცია მომაწოდა ტატუნაშვილის მკვლელ ფილიპ ხაჩიროვზე, რომლის ძმაც, სხვათა შორის, ვასიკო მაღლაფერიძის მძღოლი იყო.
მომაწოდა ინფორმაცია იმ ქონებაზე, რასაც ხაჩიროვი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფლობს. ის თემქაზე და მცხეთის ცენტრში ფლობს საცხოვრებელ სახლებს.
მითხრა იმათ შესახებაც, ვისთანაც მას კონტაქტი აქვს. ტატუნაშვილის მკვლელობამდე ის ხშირად გადმოდიოდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ეს ადამიანი იხვეწებოდა, 48 საათი გამიშვან გარეთ და ტატუნაშვილის მკვლელებს მე მივხედავო, აქ გადმოვათრევ და აქ გაასამართლონო. ასეთი ფაქტები არაერთხელ მომხდარა. ქართველების მკვლელები ჩვენს სპეცსამსახურებს ხშირად გადმოუთრევიათ, როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან.
ადამიანს, რომელიც მე მელაპარაკა, ამის გაკეთება ახლაც შეუძლია, მაგრამ გარეთ, ბუნებრივია, არავინ არ გამოუშვებს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც შეიძლება დაეხმაროს ჩვენს სპეცსამსახურებს. ყველაფერი, რაც მან მიამბო, სუსის თანამშრომლებს გადავეცი.
– გამოკითხვისას რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, დაინტერესდნენ სუსში ამ საქმით? 
– ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ბიჭებს კბილები უკაწკაწებდათ და ერთი სული ჰქონდათ, საკადრისი პასუხი გაეცათ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის. დარწმუნებული ვარ, მათ ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ეს რომ გაკეთდეს, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.
ძალოვან უწყებებში და განსაკუთრებით სპეცსამსახურებში თვითინიციატივის გამოჩენა არ შეიძლება. რაც არ უნდა გამოცდილი იყო, შენი ნებით ამას ვერ გააკეთებ. აქ პოლიტიკური ნებაა საჭირო. პოლიტიკური ნება კი არ ჩანს. ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთ თვეზე მეტია გასული და ჯერ არაფერი ჩანს.
მატროსოვის ციხეში მყოფი ადამიანი აღარ შემხმიანებია. ამდენად, ჩემთვის უცნობია, შევიდნენ თუ არა მასთან გამოკითხვაზე. ის მათ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიდა. მათ შორის ისეთებს, რაც ჩემთან საუბარში არ თქვა. ჯერ საუბრის დრო გვქონდა შეზღუდული და მეორეც, ტელეფონში ყველაფერი არ ითქმება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა