ლევან ალაფიშვილი – “ქალები პოლიტიკაში ხელოვნური ჩარევის გარეშე უნდა მოვიდნენ”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, პარლამენტი სავარაუდოდ მიიღებს კანონს პროპორციული საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით. ყველა პარტია ვალდებული იქნება, საარჩევნო სიაში ქალები ჰყავდეს წარმოდგენილი. არის თუ არა ასეთი ხელოვნური ჩარევა საჭირო?
– პირველ რიგში, მე, ისევე როგორც ამ საზოგადოების დიდი ნაწილი, თანასწორობის მომხრე ვარ ყველა სფეროში და შესაძლებლობები ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მე მომხრე ვარ, ამ საკითხზე საზოგადოებაში დისკუსია დაიწყოს და შეიძლება ამ დისკუსიაში ვიპოვოთ ის ოპტიმალური გადაწყვეტილება, რაც ჩვენს ქვეყანას, მის დემოკრატიულ განვითარებას რეალურად წაადგება.
ყველა აღიარებს, რომ სავალდებულო კვოტირება დროებითი ღონისძიებაა. ეს “დროებითი” რამდენ ხანს გასტანს და ამის შემდეგ რა იქნება, ამაზე არავინ არ საუბრობს. უფრო უპრიანი იქნებოდა ამ ყველაფერთან ერთად იმაზეც ვიმსჯელოთ, რამდენი ხანი იქნება კვოტირება სავალდებულო? რა შედეგებს მოგვიტანს ასეთი ჩარევები? შემდეგ რა იქნება? ამაზეც უნდა იყოს პარალელურად მსჯელობა, ეს მე უფრო სწორი და კომპლექსური მიდგომა მგონია პრობლემისადმი.
– რეალურად რა ხდება?
– ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ როგორმე დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა, მაგრამ რას მოგვიტანს, ამაზე არც კი ვფიქრობთ. დისკუსია აუცილებელია და ეს სწორი ნაბიჯი მგონია.
– ვიცე-სპიკერმა ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღებას მაღალი კვორუმი სჭირდება და ამიტომ მას უჭირს იმის თქმა, გავა თუ არა, რადგან მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავსო.
– რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ეს არ არის მარტივი საკითხი. პოლიტიკურ პარტიებს მოეთხოვებათ, რომ ქალები ჰყავდეთ საარჩევნო სიებში, მათთვის ადგილები გამოყონ. ამით არაპირდაპირი აღიარება ხდება იმ პრობლემისა, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. პარტიული სისტემის მოწესრიგება ამ ქვეყანაში არც ისე მარტივი საკითხია. ხომ ვიცით, საქართველოში პარტიული სისტემა რა მდგომარეობაშია, როგორი პარტიები გვყავს და პლუს კიდევ ასეთი ქირურგიული გზით გარედან ჩარევა, მით უფრო სავალდებულოდ, კანონისმიერი ძალით, რა შედეგებს მოიტანს?!
– რა შედეგს მოიტანს?
– შესაძლოა, მთლად ეფექტური არ იყოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამან კიდევ უფრო მეტი პრობლემა მოიტანოს, ვიდრე გადაჭრას. ამიტომ ვამბობ, რომ სერიოზული მსჯელობაა საჭირო. წამახალისებელი ეფექტები იყო და რჩება კიდეც კანონმდებლობაში.
– მაგალითად, დაფინანსება და ა.შ.
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ, მაგრამ ნახეთ, რეალობა როგორი გვაქვს, რეალობა არის ის, რაც გვაქვს: ადგილობრივ დონეზე, მაგალითად, საკრებულოებში, პარლამენტში თუ თვითონ პარტიებში. ნახეთ, სადამდე მივდივართ და რის აღიარებას ვახდენთ: საბოლოო ჯამში პარტიაში ვერ ხდება ქალი პარტიული ლიდერების გენერირება ანუ ქალი პოლიტიკოსის გენერირება და ეს ხელოვნურად უნდა შევქმნათ. მეორე, არჩევნებში მონაწილეობდნენ პარტიები, რომლებსაც ეს სავალდებულო კვოტირების პირობა სრულად ჰქონდათ დაცული, მაგრამ რა შედეგი დადეს ამ პარტიებმა? ისინი უბრალოდ არჩევანის მიღმა დარჩნენ, ამომრჩეველმა ეს არჩევანი არ გააკეთა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ?
– იმიტომ, რომ პრობლემა სხვაგან არის, ეს პრობლემა სხვაგან უნდა ვეძიოთ. ამიტომ ვამბობ, რომ დროებით ღონისძიებას ჯობია, გრძელვადიან პერსპექტივაზე ვიფიქროთ, რომელიც ბუნებრივად მოიყვანს ქალებს პოლიტიკაში ყოველგვარი ხელოვნური ჩარევების გარეშე და მათ ამომრჩეველი მოიყვანს.
ჩვენ მხოლოდ პარლამენტზე ვსაუბრობთ, მაგრამ მთავრობას რა ვუყოთ, იქ როგორია ქალთა წარმომადგენლობა?! ნებისმიერ სხვა საჯარო სამსახურში როგორ ვქნათ?!
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ მთავრობაშიც სავალდებულო კვოტირება ხომ არ იქნება, საჯარო სამსახურებშიც.
– დიახ, სწორედ ამაზე. თუ მხოლოდ პარლამენტია მნიშვნელოვანი და მორჩა დამთვარდა. სასამართლო სისტემაში როგორ იქნება?! თუ ეს პრობლემა მხოლოდ არჩევით ორგანოშია?
– როდესაც ამ საკითხზე არის დისკუსია, არგუმენტად მოჰყავთ ხოლმე, რომ ქალი პოლიტიკაში შეიძლება უფრო რბილი გადაწყვეტის მომხრე იყოს. ეს რამდენად არის რელევანტური არგუმენტი?
– ეს არ არის დასაბუთებელი მსჯელობა. ეს არის გარკვეული ნიშნით პირდაპირ დაყოფა, რაც სრულიად მიუღებელია. რა გამოდის, რომ არიან ადამიანები და ქალები?! რომ კაცი ადამიანები უფრო მკაცრები არიან და ქალი ადამიანები ნაკლებად მკაცრები?!
– ბატონო ლევან, თითქოს ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ურჩია, რომ ქალი კანდიდატი წამოაყენოს მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამაზე რას იტყვით?
– ამ ორი პირიდან არც ერთს, არც ამერიკის ელჩს არ აქვს შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება და არც ბატონ ივანიშვილს არ აქვს ამის უფლება ფორმალურად მაინც. წლების განმავლობაში ქალთა ჩართულობის, შესაძლებლობების გათანაბრებისა თუ გაზრდის საკითხი არამხოლოდ ქართული, არამედ გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგშია. იქნებ, ჩვენს ხელისუფლებას ახალი დემოკრატიული მექანიზმის დანერგვის სურვილი გაუჩნდა და ამიტომ წამოწია ეს საკითხი?! ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018