“ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ხანძრის დროს თურქეთში იყო – თეონა ფუტკარაძე მეუღლის გათავისუფლებას ითხოვს

"ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ხანძრის დროს თურქეთში იყო - თეონა ფუტკარაძე მეუღლის გათავისუფლებას ითხოვსბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი მიქელაძე უდანაშაულოა. მათი ინფორმაციით, 24 ნოემბერს, როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, გიორგი მიქელაძე თურქეთში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

როგორც დაკავებულის მეუღლე თეონა ფუტკარაძე ამბობს, ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი მიქელაძეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასტუმრო „ლეოგრანდს“ ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ.

– გიორგი ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობდა საწყობში. არ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ედავებიან. ხანძრის დროს “ლეოგრანდის” საქმეზე თურქეთში იმყოფებოდა. ვითხოვთ მის გათავისუფლებას, – განაცხადა დაკავებულის მეუღლემ თეონა ფუტკარაძემ.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი