ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვეს

ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვესრუსი ბიზნესმენი და ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვეს. ამის შესახებ Independent-ი გამომძიებლებზე დაყრდნობით წერს.

პათოლოგანატომების თქმით, სიკვდილის მიზეზი კისრის დაზიანება გახდა.

გლუშკოვის ცხედარი 13 მარტს იპოვეს.

გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს. 2010 წელს მან დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2017 წელს ის რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და “აეროფლოტის” თანხების, 122 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

1990-იან წლებში გლუშკოვი კომპანია “აეროფლოტსა” და ბორის ბერეზოვსკის საავტომობილო კომპანიაში LogoVAZ-ში მუშაობდა.

1999 წელს, მაშინ როდესაც ბერეზოვსკის სამთავრობო ძალებთან ურთიერთობა დაეძაბა და დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, მისი პარტნიორი გლუშკოვი ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან 5 წელი გაატარა საპატიმროში და 2004 წელს გაათავისუფლეს.

2011 წელს გლუშკოვის მეგობარმა, ბერეზოვსკიმ რუს ოლიგარქთან, რომან აბრამოვიჩთან სასამართლო დავა დაიწყო. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე გლუშკოვმა მეგობრის სასარგებლოდ და აბრამოვიჩის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ბერეზოვსკი კრემლთან დაახლოებულ აბრამოვიჩს $5 მილიარდის მითვისებაში სდებდა ბრალს.

2013 წელს, 67 წლის ბორის ბერეზოვსკი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით მან თავი მოიკლა.

გლუშკოვის გარდაცვალება ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას დაემთხვა. ჯერჯერობით ბრიტანულ პოლიციას სერგეი სკრიპალის მოწამლვასა და გლუშკოვის მკვლელობას შორის კავშირის შესახებ არაფერი ოფიციალურად არ უთქვამს.

იმედინიუსი