ბორჯომის მერი: „საკრებულოში კვლავ გავგზავნით დოკუმენტს და მოვითხოვთ, რომ თითოეული თანამშრომლის ხელფასი გაიზარდოს“

ბორჯომის მერი: „საკრებულოში კვლავ გავგზავნით დოკუმენტს და მოვითხოვთ, რომ თითოეული თანამშრომლის ხელფასი გაიზარდოს“ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდებს, რომ „გადადგან გონივრული ნაბიჯი და მერიის თანამშრომლების სახელფასო სარგოს ცვლილებას მხარი დაუჭირონ“.

ლევან ლიპარტია მოთხოვს, რომ მისი, როგორც მერის, ხელფასი დარჩეს უცვლელი, ხოლო სხვა დანარჩენი თანამშრომლების, რომლებიც უკვე თვეებია უხელფასოდ ემსახურებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტს, სახელფასო სარგომ მოიმატოს.

ბორჯომის მერის განცხადებით, ამის საპირისპიროდ, მან საკრებულოს თავმჯდომარისგან სრულიად გაუგებარი შეთავაზება მიიღო.

– სამწუხაროდ, საკრებულოს თავმჯდომარისგან მივიღეთ დოკუმენტი, შემოთავაზება, რომელშიც ჩვენთვის სრულიად გაუგებრად და პროვოკაციულად საუბარია ჩემი სახელფასო სარგოს ზრდაზე და იმაზე, რომ ამის საპირისპიროდ სხვა დანარჩენი თანამშრომლებისთვის არავითარი სახელფასო სარგოს ცვლილება არ მოხდეს.

პირიქით, საუბარია შემცირებაზეც კი. ეს არის ჩვენთვის სრულიად გაუგებარი. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა უკანაც არის ოჯახები და რომლებიც უკვე თვეებია სრულიად უხელფასოდ ემსახურებიან თავიანთ მუნიციპალიტეტს. ეს არის საბოტაჟი, პროვოკაცია და სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ. პირდაპირ მინდა ვთქვა, ეს არის საკრებულოს მიერ მოწყობილი საბოტაჟი, პროვოკაცია. არ შეიძლება ასეთი რაღაც კეთდებოდეს და ხდებოდეს ბორჯომსა და მთლიანად საქართველოში.

პირდაპირ ვამბობ, ეს არის სირცხვილი, შეურაცხყოფა ჩვენი და მთელი საქართველოს. სრულიად გაუგებარია თითოეული ჩვენგანისთვის, რატომ გვთავაზობენ ჩემი სახელფასო სარგოს ზრდას მაშინ, როდესაც მე ამაზე უარი განვაცხადე. გვთავაზობენ იმას, რომ დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასი მოვაკლოთ და ჩემი სახელფასო სარგო გაიზარდოს, – განაცხადა ბორჯომის მერმა.

მისივე განცხადებით, მერია საკრებულოში კვლავ გაგზავნის დოკუმენტს და მოითხოვს, რომ თითოეულ თანამშრომლის ხელფასი გაიზარდოს, ხოლო მერის სახელფასო სარგო დარჩეს უცვლელი.

– მინდა მოვუწოდო ოპოზიციურ საკრებულოს, გადადგან ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, აირჩიონ ერთადერთი გონივრული გზა და ამ ხალხის ხელფასების ცვლილებას მხარი დაუჭირონ, – განაცხადა ბორჯომის მერმა.