ბორჯომში პოლიციელების მობილიზების მიზეზს შსს განმარტავს

ბორჯომში პოლიციელების მობილიზების მიზეზს შსს განმარტავსბორჯომში პოლიციელებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისინი ბორჯომში საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან“, – თქვეს შს სამინისტროში.

ბორჯომის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული. ქალაქში იმყოფება სპეცრაზმიც, თუმცა ისინი ამ დროისთვის პოლიციის შენობასთან რჩებიან.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” კი საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის იყო.

საკრებულოში სხდომა გუშინ დღისითაც გაიმართა, თუმცა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების გამო ხელფასების საკითხი ვერ დაამტკიცეს. 

შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.