გია ხუხაშვილი – “მგონი ის დროა, კვირიკაშვილმა სასწრაფოდ აფრინოს წერილი მოსკოვში”

გია ხუხაშვილი - "მგონი ის დროა, კვირიკაშვილმა სასწრაფოდ აფრინოს წერილი მოსკოვში"რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თანამშრომლობა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ევროპულ საქართველოსთან ერთად, საერთო რეზოლუციის მიღებამ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი გაანაწყენა. მათ შორის ყველაზე აგრესიული და კრიტიკული მსახიობი ზაზა პაპუაშვილია.

მომხდარს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება ექსპერტი, გია ხუხაშვილი და წერს:

“მგონი ის დროა, კვირიკაშვილმა სასწრაფოდ აფრინოს წერილი მოსკოვში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით. აბა ამდენი ხალხი სად უნდა წაიყვანოს კრემლმა? ამას ნამდვილად დაგვიფასებენ”…

პაპუაშვილის პოზიციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე გავლენიანი წევრი იზიარებს.
უმრავლესობის ლიდერები და თვითონ პაპუაშვილიც, გუნდში აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებენ, მაგრამ გამორიცხავენ „ქართული ოცნების“ ორ ბანაკად გაყოფას.

პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია, რომელსაც მხარი უმრავლესობასთან ერთად, უმცირესობამაც დაუჭირა, გასულ კვირას მიიღო. დოკუმენტის მიღება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს.