დავით ჯანდიერი – ”თეა წულუკიანი უნდა გადადგეს”

დავით ჯანდიერი - ”თეა წულუკიანი უნდა გადადგეს”იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდიერმა განუცხადა, როგორც დადასტურდა, თეა წულუკიანი მფარველობდა პაპუნა უგრეხელიძეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
– ის ფაქტები, რომლებიც გახმაურდა, ერთადერთი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას უტოვებს ”ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის მინისტრი გადააყენონ თანამდებობიდან. როგორც დადასტურდა, ის მფარველობდა, რომ ეს ამბავი არ გამხდარიყო საჯარო. ის მფარველობდა პირს, რომელიც რეალურად სახალხო დამცველის მიერ არის მხილებული სექსუალურ შევიწროებაში. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, რომ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს წლების განმავლობაში მუდმივად ამხელდნენ შრომითი უფლებების დარღვევაში, არა ერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია ამის შესახებ მედიის მეშვეობით. ეს ყველაფერი არის მაგალითი იმის, რომ იუსტიციის სამინისტროში არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თანამშრომელს, თუ მინისტრისგან მფარველობა არ აქვს, ჩაგრავენ, – განაცხადა ჯანდიერმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები შურისძიების მოტივით ახსნა.