დოდო გუგეშაშვილი – „შევხვდებით მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილს მშობლიურ მიწას მიაბარებენ“

დოდო გუგეშაშვილი - „შევხვდებით მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილს მშობლიურ მიწას მიაბარებენ“„მხედრიონის“ ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალიდან გადმოასვენებენ, საჯარო განცხადებების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ გუგეშაშვილის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც გაიზიარა ჩემი ტრაგედია. ჟურნალისტებს, ვინც ობიექტურად და სამართლიანად აშუქებს ყველაფერს ჩვენი საქმის ირგვლივ. პირადა თქვენ გიორგი და თქვენს გადაცემა „ფაბრიკას“, რომ დაინტერესდით ჩემი მდგომარეობით. ვიცი, რომ ბევრი შეკითხვაა და ეს შეკითხვები ჯერჯერობით ჩემთვისაც პასუხგაუცემელია, სამწუხაროდ. ახლო მომავალში ვაპირებ ფეხზე დადგომას და ბოლომდე ბრძოლას. მანამდე კი გადავწყვიტე, არ ვიაქტიურო და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი – ველოდები, სანამ მშობლებს არ დაუბრუნებენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, რადგან ვთვლი, რომ ამ წუთისთვის ეს არის ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი და არ იქნება სწორი ამ თემის გარდა სხვა რამეზე ყურადღების გადატანა.
სამძიმარს ვუცხადებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილს ოჯახს. ვის თუ არა მე, ყველაზე კარგად მესმის, რამდენად მძიმეა ახლა მათი მდგომარეობა, რამდენად მძიმეა დედისთვის, რომ გარდაცვლილი შვილის ცხედრის დატირების შესაძლებლობაც არ ეძლევა. იმედი მაქვს, ჩვენი უწმინდესის ჩარევის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მისი ცხედრის მალე გადმოსვენება ოჯახში, რომ მთელმა საქართველომ ღირსეულად დაიტიროს საკუთარი გმირი შვილი. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და მე ველოდები იმ წუთს, როცა ის სამშობლოში დაბრუნდება. ასევე, ძალიან განვიცდი იმ ორი ახალგაზრდის მდგომარეობას, ვინც ახლაც ტყვეობაში არიან. დარწმუნებული ვარ, ისინიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, როგორც სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმის მძევლები. იმედი მაქვს, ისინიც მალე დაუბრუნდებიან ოჯახებს. ჩვენ კი შევხვდებით მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილს მშობლიურ მიწას მიაბარებენ და ამის შემდეგ გავაკეთებ საჯარო განცხადებებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის,“ – ნათქვამია დოდო გუგეშაშვილის განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანმა გიორგი გასვიანმა გადაცემა „ფაბრიკაში“ წაიკითხა.

ნიუპოსტი