ვერა ქობალია – “დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოსთვის”

ვერა ქობალია - "დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოსთვის"საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია „დიდი სიამოვნებით იმუშავებდა საქართველოსთვის“. ამის შესახებ ქობალიამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა.
– ისევ საჯარო სამსახურში, თან საქართველოში, ხედავთ საკუთარ თავს? 
– დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოსთვის. იცით როგორ არის?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც წასულია და საზღვარგარეთ და სხვადასხვა დიდ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ, ასე მოიქცევა; როცა მე გავხდი მინისტრი, სხვათაშორის Facebook-ით და სხვა სოციალური ქსელებით დავუკავშირდი ადამიანებს, რომლებიც ლონდონში ბანკებში და სხვაგან, ცნობილ კომპანიებში მუშაობდნენ და ვუთხარი, რომ საქართველოს სჭირდება და შეგიძლიათ რამდენიმე წლით ჩამოხვიდეთ და იმუშაოთ?! ბევრი მზად არის, რომ გადადოს მაღალი ხელფასი, ჩამოვიდეს აქ და იმუშაოს, მაგრამ გარემოც უნდა იყოს შესაბამისი ანუ რას ვგულისხმობ – მარტო შენ კი არ უნდა გინდოდეს, არამედ უნდა გჯეროდეს, რომ სწორ საქმეს აკეთებ.
– ანუ თუ დაიჯერებთ ისევ დაბრუნდებით? 
– დიახ..
– ქართული კერძო სექტორისგან ხომ არ გქონიათ შემოთავაზებები? 
– არა მგონია, ქართული კერძო სექტორისგან შემოთავაზება მივიღო (იღიმის), რადგან ჩვენ ძალიან პოლიტიზირებულები ვართ. მე მგონი, ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ტექნოკრატი იყავი თუ არა, მაინც ყველას პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ. ალბათ გასაგები არის, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ არ უნდა იყოს გასაგები. მე ვარ ადამიანი, რომელიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემი ქვეყნისთვის; მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, რადგან ბევრი ადამიანი და არა მარტო ისინი, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, წავიდნენ საზღვარგარეთ, აშშ-ში და ნულიდან დაიწყეს მუშაობა. ძალიან საწყენია ასეთი ადამიანების დაკარგვა..
– საგანმანათლებლო სფეროში თუ ხედავთ საკუთარ თავს? 
– პოლონეთში, პოლონეთის დიპლომატიის აკადემიაში ახლაც ვკითხულობ ლექციებს, სადაც წელიწადში ორჯერ ჩავდივარ; ასევე ინდონეზიაში ვკითხულობდი ლექციებს, მაგრამ ეს არის უფრო თავისუფალი დროის საქმე – თუ მაქვს საშუალება, რაღაც ჩემი გამოცდილება გავუზიარო სტუდენტებს და მათგანაც მივიღო ახალი ინფორმაცია, ეს ძალიან კარგია ენერგიის აღსადგენად; ყველაზე მეტად ახალგაზრდებს შეუძლიათ ენერგიით აგავსონ. საქართველოში ლექციების წაკითხვას რაც შეეხება, ალბათ იგივე პასუხი მექნებოდა რაც იმ კითხვაზე, რომელიც საჯარო სექტორიდან შემოთავაზებებს შეეხებოდა…