ზაალ კასრელიშვილი – “კრემლი საქართველოში თავისი მონების საქმიანობით უკმაყოფილოა”

ზაალ კასრელიშვილი - "კრემლი საქართველოში თავისი მონების საქმიანობით უკმაყოფილოა"რისთვის ემზადება რუსეთი, რას აპირებენ საქართველოში პრორუსული ძალები, როგორ უნდა ელაპარაკებოდეს ჩვენი ხელისუფლება სეპარატისტებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
ზაალ კასრელიშვილი:
– ჩვენ გარშემო ძალიან, ძალიან ცუდი ამბები ტრიალებს. სამწუხაროდ ჩვენთვის და საუბედუროდ თავისი სახელმწიფოსთვის, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვერაგი მეზობელია და მისი ნდობა არ შეიძლება.
დღეს მოსკოვი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრით ვაჭრობს. ამით რუსეთი ცდილობს, საქართველოს მოსახლეობის თვალში დასავლეთის როლი დააკნინოს. კრემლს და მის სპეცსამსახურებს დღეს საქართველო ორ ნაწილად ჰყავს გაყოფილი. მცირე ნაწილს წარმოადგენენ რუსეთუმეები, რომლებსაც ჩვენებურად ბუდარიები და ბუდარიხები ჰქვიათ. საქართველოს მეორე და გაცილებით მრავალრიცხოვან ნაწილს მოსკოვი დამოუკიდებლობის მომხრეებს უწოდებს.
სპეცსამსახურები ორივე ნაწილზე სხვადასხვანაირად ზემოქმედებენ. ბუდარიებს და ბუდარიხებს გამოხრილ ძვლებს უყრიან და თანამდებობებს ჰპირდებიან. მოსკოვში ეპატიჟებიან და იქ მოღვაწე ქართველების ხელით აფინანსებენ წვრილ-წვრილად.
– წვრილ-წვრილად რატომ აფინანსებს მოსკოვი რუსეთუმეებს, ფული აღარ აქვს?
– წვრილად დაფინანსებას თავისი მიზანი აქვს – ბუდარიები არ უნდა გაწყდნენ, მაგრამ არც უნდა გაძღნენ. იმ შემთხვევაში თუ ბუდარიები გაძღვბიან, თავად მოინდომებენ მოჯამაგირეების აყვანას.
ბუდარიებს და ბუდარიხებს ბევრი ფული უნდათ, მაგრამ იციან, რომ მისი შოვნის შანსები ნაკლებად აქვთ. ამიტომაც ისინი მზად არიან, მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურონ რუსეთს.
დამოუკიდებლობის მსურველ ქართველებზე, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ, რუსეთის სპეცსამსახურები სხვანაირად ზემოქმედებენ – მათ წინააღმდეგ იძულებითი დაყოლიების მეთოდს იყენებენ.
პოლიტიკაში და კრიმინალისტიკაში ეს მეთოდი კარგად არის ცნობილი. ეს მეთოდი მაფიოზებმა მოიგონეს. ისინი იძულებითი დაყოლიების სახით ცდილობენ, მოსახლეობას ხარკი ახდევინონ. ჩვენს შემთხვევაში ხარკი საქართველოს დამოუკიდებლობაა.
აშკარაა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე დიდი გავლენა მოახდინა მაფიოზებზე გადაღებულმა ფილმებმა. ამ ფილმებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შემოაღწია. კრემლის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა “ნათლიამ”.
– რატომ გგონიათ, რომ ამ ფილმის გავლენის ქვეშ არიან?
– ძალიან მაიკლ კორლეონობენ და მაგიტომ. ჯოი ზაზაობას ატარებენ და კარგად იცით, როგორ დაამთავრა მან. რუსებისგან განსხვავებით, საქართველოში გემოვნებიანი მაყურებელია და ასეთი ფილმები არასოდეს არ ყოფილა მისაბაძი.
დავუბრუნდები იძულებით დაყოლიების მეთოდს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ დამოუკიდებლობაზე უარი ვთქვათ. მათ ცხედრებითაც კი დაიწყეს ვაჭრობა.
– ტატუნაშვილის ამბავი დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ერთი ცხედრით ვერ მოახერხებენ ჩვენს დაყოლიებას. ამ წლების მანძილზე ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა მათი წყალობით, მაგრამ ვერ დაგვიყოლიეს.
– მხოლოდ ტატუნაშვილის ცხედრით ვერ დაგვიყოლიებენ. ეს მხოლოდ დასაწყისია და რუსეთი უამრავ სხვა მეთოდს გამოიყენებს. აბა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ტატუნაშვილი ჯერ შეიტყუეს ცხინვალში და შემდეგ იქ წამებით მოკლეს. ამ ამბის შემდეგ, რამდენიმე დღე სეპარატისტები დუმდნენ. მერე შიშისგან აკანკალებულებმა გამართეს პრესკონფერენცია, სადაც კრიმინალები თავს იმართლებდნენ.
საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხალხს დე ფაქტო ხელისუფლებას ვერ დავარქმევთ. ისინი არიან კრიმინალები და ისინი ასე უნდა მოვიხსენიოთ. ეს კრიმინალები ისე იყვნენ შეშინებული, რომ მზად იყვნენ, ცხედარი დაებრუნებინათ, მაგრამ ეს ფაქტი გამოიყენა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ.
კრემლმა ცხედრით დაიწყო ვაჭრობა და ამით საქართველოს მოსახლეობას თავისი ნება, ძალა და გავლენები აჩვენა. ამის გარდა, დემონსტრაციულად აჩვენა, რომ ის საერთაშორისო სამართალს არ ემორჩილება. ამ ნაბიჯით კრემლი აქ პრორუსული ძალების გაძლიერებას ცდილობს.
– პრორუსული ძალები როგორ უნდა გააძლიეროს? მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ცხედრით დაიწყო ვაჭრობა, კრემლს მამალი რუსეთუმეებიც კი აგინებენ, მართალია, მოკრძალებით, მაგრამ მაინც.
– ამ ქმედებამ მთელ მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რასაც ახლა რუსეთი აკეთებს. ამას კაცების ენაზე არიფული აზროვნება ჰქვია. ამ ამბების შემდეგ რუსეთის ავტორიტეტი კიდევ უფრო დაეცა.
საქართველოში არსებული პრორუსული ძალები შეეცადნენ ტატუნაშვილის ცხედრის გამოტანას. ეს ამბავი რატომღაც ჩაიშალა, რომ გამოსულიყო, მერე ნახავდით, როგორ ისპეკულიანტებდნენ ამით.
– რას მიაღწევდნენ, ხალხი მათ მიმართ დადებითად განეწყობოდა?
– ყველა არა, მაგრამ საზოგადოების რაღაცა ნაწილის თვალში პოლიტიკურ ქულებს დაიწერდნენ.
– და რატომ არ დაუშვა ეს რუსეთმა?
– კრემლი თავისი მონების საქმიანობით უკმაყოფილოა. მათ არჩევნებზე შედეგი ვერ დადეს. ამიტომაც ნაკლებად ენდობიან. მთავარი მიზეზი კი სულ სხვაა – მოსკოვმა გარდაცვლილი მძევლად იმიტომ დაიტოვა, რომ კავკასიაში ვითარების დაძაბვა უნდა.
– რამდენიმე თვის წინ თქვენ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადეთ, რომ რუსეთი კავკასიას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არევდა. არევა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყეს?
– ასე მოუწიათ. გეგმის მიხედვით, არეულობა 18 მარტის შემდეგ უნდა დაეწყოთ. დაველოდოთ ცოტა ხანი, ვნახავთ, რომ ტატუნაშვილის ამბავს მთლიანად ცხინვალს დააბრალებენ, თავად კი თავზე ნაცარს წაიყრიან. ეს არჩევნებამდე გასტანს, ნაარჩევნებს კი გეგმის განხორცილებას დაიწყებენ. დაიძაბება სიტუაცია დაღესტანში, იქ კლანებს დააპირისპირებენ ერთმანეთთან და საქმე სამოქალაქო ომამდე არ მივა.
უახლოეს მომავალში გააქტიურდებიან აზერბაიჯანში არსებული პრორუსული ძალები და ისინი სერიოზულ პრობლემებს შექმნიან.
– ალიევს შეუქმნიან პრობლემას? აკი იქ ოპოზიცია არ არისო.
– ისინი ალიევის ოპოზიციას არ წარმოადგენენ. ეს ძალები ანტიქართული განცხადებებით გამოიჩენენ თავს. გამოვლენ ანტიქართული მოწოდებებით – დაიწყებენ ისტორიის გაყალბებას და გამოთქვამენ ტერიტორიულ პრეტენზიებს. ამ პრეტენზიების მოსმენა მომავალი 6 წლის განმავლობაში მოგვიწევს.
– 6 წელი რატომ?
– იმიტომ, რომ პუტინი კიდევ ამდენი ხნით იქნება პრეზიდენტი, რომელსაც არეულობის მოწყობის გარდა, სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება. და რატომ აღარ დარჩა სხვა გზა, ამას ახლავე მოგახსენებთ: ანტიდასავლური კოალიცია, რომელმაც პუტინმა შეკრა, პრაქტიკულად დაიშალა; ჩრდილოეთ კორეამ კრემლის წაქეზებით ბირთვული სპექტაკლი ხომ დადგა, ამის სანაცვლოდ ფული მოითხოვა, რუსებმა ფული არ მისცეს და ფხენიანი სამხრეთ კორეას ჩაეხუტა; ირანი უძველესი სპარსული დიპლომატიის მქონე ქვეყანაა და ის რუსეთის გამო დასავლეთს არ დაუპირისპირდება.
– აბა რას ეხუტებიან მოსკოვს?
– ირანი რუსეთთან სიახლოვეს დასავლეთთან სავაჭროდ იყენებს. რუსეთთან სიახლოვით დასავლეთთან კარგად ივაჭრეს კიმ ჩენ ინმა და ერდოღანმა. ასე რომ მოსკოვი სრულიად მარტო დარჩა – დასავლეთთან დაპირისპირებულია, აღმოსავლეთში ბირთვული პარტნიორი აღარ ჰყავს.
მომავალი 6 წლის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეკონომიკის მოდერნიზაციას ვერ მოახერხებს – ახალ ტექნოლოგიებს მაგათ აღარავინ მიჰყიდის, ძველი ტექნოლოგიებით გამოშვებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზეც ჩაწოლილია.
შიდა ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღება სადმე ხომ უნდა გადაიტანოს? ყველაზე მეტი დაკონსერვებული ცხელი წერტილი სად აქვთ? კავკასიაში. რომელიღაცის სასარგებლოდ კრემლი კონფლიქტს არ გადაწყვეტს – მხარეებს ერთმანეთის წინააღმდეგ წააქეზებს.
სამხრეთ კავკასიის გარდა, სერიოზულ კონფლიქტს ველოდებით ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშებს დააპირისპირებს ხელახლა ერთმანეთთან.
– აქ ეს დაპირისპირება ფაქტიურად უკვე დაწყებულია. რამდენიმე რუსი პოლიტიკოსი უკვე გამოვიდა მოწოდებით, რომ პრიგოროდნი რაიონი, რომელიც ოსებმა კრემლის დახმარებით 1992 წელს გაიფორმეს, ინგუშებს დავუბრუნოთო. 
– ძალიან მალე სხვა პოლიტიკოსები გამოვლენ და იტყვიან, რომ ეს რაიონი ოსების კუთვნილი მიწაა. პოლიტიკურ განცხადებებს მალე სერიოზული კონფლიქტი მოჰყვება. ისე, ოსებს ბევრისთვის აქვთ მიწები დასაბრუნებელი. თავის დროზე ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომია რომ შეექმნათ, სტალინმა ყაბარდოელებს მოზდოკი წაართვა.
– ამბობთ, ოსებს ბევრისთვის აქვს მიწა დასაბრუნებელიო, მაგრამ დაბრუნებას არ აპირებენ, იქეთ ითხოვენ. ცოტა ხნის წინ ყაზბეგის რაიონი აღმოსავლეთ ოსეთად გამოაცხადეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს “ჭეშმარიტად ოსური მიწის” – თრუსოს ხეობის დაბრუნება.
– ეგენი ჯერ ჩამოყალიბდნენ, ყაზბეგი ცენტრალური ოსეთია თუ აღმოსავლეთ ოსეთი. რაც შეეხება თრუსოს ხეობას, ამ მიმართულებით არ არის კარგად საქმე. რამდენიმე წლის წინ, ვლადიკავკაზიდან დამიკავშირდნენ ოსი მონადირეები, რომლებსაც საქართველო ძალიან უყვართ. მათ მომაწოდეს ფოტომასალა საიდანაც ნათლად ჩანდა, რომ რუსეთს თრუსოს ხეობის თავზე “გრადის” და “ურაგანის” სისტემები ჰქონდათ განთავსებული. ამ ბიჭებმა მითხრეს, იმოქმედეთ, რუსებმა რაღაც არ მოიმოქმედონო.
ამის შესახებ 3 წლის წინ “ახალ თაობასთან” ვისაუბრე. ამას დიდი ამბები მოჰყვა და ჩვენ კინაღამ პროვოკატორებად მოგვნათლეს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით არაფერი არ ხდებოდა. რამდენიმე თვეში უკვე რუსებმა აღიარეს, რომ იქ არამარტო “გრადი” და “ურაგანი” ეყენათ, არამედ ბალისტიკური რაკეტები – ისკანდერები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ხმა ვეღარ ამოიღეს.
– ისე რა სამწუხაროა, არა, ოს მონადირეებს რომ უფრო მეტად შესტკივა გული საქართველოზე, ვიდრე მისი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს.
– ეს სამწუხარო კი არა, კატასტროფაა. მაგრამ რას ვიზამთ. ამ ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა მოღალატეები.
ყოველთვის მიკვირს, რატომ არის ქართველების ნაწილი რუსების მხარეს. მესმის, რომ რუსები ამის გამო აჯილდოვებენ, მაგრამ მთლად ჯილდოებშიც არ უნდა იყოს საქმე. ამ მოღალატეებს მარტო გვარი აქვთ ქართული, ხისხლი ან ოსმალური აქვთ ან ყიზილბაშური.
– ოსმალურ და ყიზილბაშურ სისხლს შორის რა განსხვავებაა?
– არის და თან როგორი – ერთი ცბიერია, მეორე – ვერაგი. მაგათი გენეტიკა სხვა ამბავია, მე მოღალატე ქართველების ქმედებას ვერ მოვუძებნე ახსნა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაუხარდეს ქართველს, რომ რუსეთს თურმე მაგარი რაკეტა აქვს.
– ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ეს რაკეტა სულაც არაა ისეთი მაგარი, როგორც კრემლმა დახატა.
– ახლავე გეტყვით, როგორი მაგარიცაა ეს რაკეტა, ბარემ ცივი წყალი გადავასხათ ამ რუსეთუმეებს. კასპიის ზღვიდან სირიის მიმართულებით რუსეთის კოსმოსურმა ძალებმა რაკეტები რომ გაუშვა, ხომ გახსოვთ? მაგ ტიპის რაკეტები 1953 წელს გამოსცადეს ამერიკაში, ნატოს შეიარაღებიდან 1967 წელს მოხსნეს, როგორც ვადაგასული.
რაც შეეხება თავად იმ რაკეტას, რომელმაც ასე ძალიან აღაფრთოვანა მოღალატე ქართველები. აშშ-ს ახლოს რუსებს არა აქვთ სამხედრო ბაზები, საიდანაც შეძლებენ ასეთი ტიპის ბალისტიკური რაკეტის გაშვებას. ამ რაკეტის გაშვებას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზებიდან მოახერხებენ. აშშ-ს ტერიტორიამდე რომ მიაღწიოს ამ რაკეტამ, მინიმუმ 35 წუთი უნდა იფრინოს. 35 წუთში ყველანაირი რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარიდან მოხსნიან ამ რაკეტას.
ასეც რომ არ იყოს და ამ რაკეტის ჩამოგდება შეუძლებელი იყოს, რატომ უნდა გიხაროდეს შენთვის ტერიტორიების წამრთმევის სიძლიერე?! ბოდიში, მაგრამ სხვანაირადაც უნდა ვთქვა – რატომ უნდა გიხაროდეს, მხმარებელს უფრო კარგი იარაღი რომ აქვს, ვიდრე ცივილიზებულ დასავლეთს.
მაინტერესებს, რას მიპასუხებენ ამ რაკეტით გახარებულები. ერთ რჩევასაც მივცემდი. წადით და გენეტიკაზე გაესინჯეთ.
– გენეტიკა რა შუაშია? 
– შუაშია კი არა, თავშია. ოსმალოს და ყიზილბაშის სისხლი თუ არ გაქვს, რატომ უნდა გიხაროდეს, რუსეთს რომ კარგი შეიარაღება აქვს. გასკდა რა გული ამ ბუდარიების ყურებით.
– მოდით, ყიზილბაშურ და ოსმალურ სისხლს შევეშვათ და რუსეთის გეგმებს დავუბრუნდეთ. როცა ჩამოთვალეთ მოსალოდნელი კონფლიქტები, არ ახსენეთ ჯავახეთი. გამოგრჩათ თუ რუსეთი ამ კარტის გამოყენებას არ აპირებს?
– როგორ არ აპირებს, მაგრამ ამაზე სომხეთი არ დათანხმდება. მას ახლა საქართველოსთან კონფლიქტი არ აწყობს. სომხეთი გარესამყაროს საქართველოს გავლით უკავშირდება.
საქართველო აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ კრემლი შეეცდება, ეს მიმართულება გაამწვავოს. თუ დასჭირდათ, სომხებსაც აგვიბუნტებენ.
– საქართველოს ხელისუფლება ამ გამოწვევებისთვის მზად არის?
– ვერ გეტყვით. მონდომების შემთხვევაში პრობლემასთან გამკლავება შეიძლება – ჩაკეტონ ლარსი და დამთავრდება. ვიღაც მეტყვის, რომ ამით საქართველოც დაზარალდება. რუსეთს ბევრად მეტი ზარალი მიადგება, ლარსი მაგათი ჭიპია და არა – ჩვენი. აბა, გადავკეტოთ ეს გზა ცოტა ხანი და ვნახავთ რაც მოხდება. და, მგონი, მოვიდა დრო ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
ამ ხელისუფლებაში ამდენი დედიკოს ბიჭი ერთად როგორ შეიყარა. ცხედარს არ გვიბრუნებენ და ესენი ცხინვალელ კრიმინალებს დე ფაქტო ხელისუფლებად მოიხსენიებენ. დე ფაქტო ხელისუფლება კი არა, ნიფხავგამოხეული რუსეთის მონები და ქართული სახელმწიფოს მტრები არიან. დროა, შევიმუშავოთ კანონი, რომელიც სახელმწიფოს მტრების წინააღმდეგ ამოქმედდება. ყელში ამოვიდა ამდენი მოფერება, დე ფაქტო ხელისუფლება კი არა, გამოდით და ერთი კაცურად აგინეთ.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა