ზვიად დევდარიანმა შესაძლოა ორგანიზაცია სიდა დატოვოს

ზვიად დევდარიანმა შესაძლოა ორგანიზაცია სიდა დატოვოსზვიად დევდარიანმა, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” დატოვოს. ამ დროისთვის დევდარიანი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია.

მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს ორგანიზაციის გამგეობის სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთ საკითხი ზვიად დევდარიანის მხრიდან “სიდას” შესაძლო დატოვებას უკავშირდება. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღის წესრიგში ასეთი საკითხი მართლაც არის, ნეტგაზეთს გამგეობის წევრმა აგიტ მირზოევმა და ორგანიზაციის პრესსამსახურმა დაუდასტურეს.

ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ გაარკვია, ვინ არის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შეტანის ინიციატორი, თავად დევდარიანი თუ გამგეობა.

“საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გამგეობის სხდომის შემდეგ იქნება ცნობილი ყველაფერი. ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ”, – ამბობენ ორგანიზაციის პრესსამსახურში.

ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე – პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით. მის გამგეობას 8 წევრი ჰყავს.

17 მარტს  “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა.

ზვიად დევდარიანმა პასუხში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.

17 მარტსვე სახალხო დამცველმაც გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მისთვის უცნობი იყო სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტების შესახებ. ასევე, მიესალმა დევდარიანის გადაწყვეტილებას მოეხსნა კანდიდატურა:
– მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და ის კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.