თამუნა ამონაშვილი – “დავიღალე კითხვით “ქმარს გაშორდი?” – რეზი რომ არა, მოსკოვში ვერაფერს ვიზამდი”

თამუნა ამონაშვილი - “დავიღალე კითხვით “ქმარს გაშორდი?” – რეზი რომ არა, მოსკოვში ვერაფერს ვიზამდი”მომღერალი თამუნა ამონაშვილი 12 წელია მოსკოვში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოაჩინა. სამშობლოდან შორს შემდგარ კარიერაში მის შრომასთან ერთად ქმრის, რეჟისორ რეზი არჩვაძის დიდი დამსახურებაცაა. საკუთარი ბენდი, კონცერტები… მომღერალი ამბობს, რომ ქმრის გარეშე ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა.

უცხოეთში რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ნოსტალგიაა. ამიტომაც წელიწადში 6 თვეს საქართველოში ატარებს, დანარჩენს მოსკოვში. “სარკე” მას სწორედ გაფრენამდე ერთი დღით ადრე ესტუმრა.

– თამუნა, ამჯერად სამშობლოში დიდხანს დარჩით. რას საქმიანობდით თვეების განმავლობაში?

– ვერ გეტყვით, რომ ამ ხნის განმავლობაში ალბომი ჩავწერე, მაგრამ იყო წვრილ-წვრილი კონცერტები, პირადი საქმეები.

საქართველოში მაისში დავბრუნდები, ახალი სიმღერები მაჩუქეს და უნდა ჩავწერო. მართლა დიდი ხანია არაფერი გამიკეთებია.

– სოლო კონცერტის ჩატარებას არ გეგმავთ?

– 2000 წელს მქონდა საკმაოდ გრანდიოზული სოლო კონცერტი. მერე მოსკოვში წავედით, იქ მყავს ბენდი, აქტიურად ვმუშაობ. აქ კი სოლო კონცერტის ჩატარების სურვილი არ მაქვს.

– რატომ?

– რაღაცნაირი სიტუაციაა.

– აღარ ხართ მოთხოვნადი? ხანგრძლივმა ტაიმ აუტმა ხომ არ განაპირობა ეს?

– არა, პირიქით, ახალი სიმღერების ჩაწერას რომ ვაპირებ, ეს ხალხის, უცნობების თუ ნაცნობების დამსახურებაა. ხშირად მიმეორებენ, რომ მოენატრათ ჩემი ხმა. ამიტომ გადავწყვიტე რეპერტუარის განახლება.

– კვლავ ქართული ესტრადის მომღერლად მიიჩნევთ თავს?

– რა თქმა უნდა, ქართული ესტრადის წევრი ვარ, ბავშვობიდან დღემდე ეს არის ჩემი პროფესია. ამ საქმისთვის იმდენი რამ გავაკეთე, ჩემი თავი სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესიებიც მაქვს.

მინდოდა, სხვა განხრითაც მეცადა თავი, მაგრამ არ გამოვიდა. ერთ ადგილას რომ ხარ, შეიძლება რაღაც შეძლო და გააკეთო, მაგრამ ორ ქალაქს შორის როცა გიწევს წასვლა-მოსვლა, ვერ ეწყობა საქმე. სამოდელო საქმე და ესტრადა ისეთი სფეროებია, რთულია ორივე საქმის ერთდროულად კეთება.

– რა მოგცათ მოსკოვში გატარებულმა 12-მა წელმა?

– შემოქმედებითად ბევრი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში, სხვანაირად დავინახე ჩემი შემოქმედება.

– მონატრება არ გიტევდათ?

– რასაკვირველია. ერთადერთი ერი ვართ, რომელსაც ნოსტალგია 200 პროცენტით აქვს განვითარებული. ბევრი რთული ეტაპი გავიარე როგორც პიროვნულად, მორალურად, ასევე შემოქმედებითად. ჩემი ქვეყანა მენატრებოდა. პირველი სამი წელი ვერ ჩამოვდიოდი და მორალურად საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, მერე რაღაცნაირად შევცვალეთ ყველაფერი.

ჯერ ერთი, ჩვენ არ წავსულვართ სიმღერის გამო, ოჯახური სიტუაცია მოითხოვდა ამას. სიმღერა ჩასვლიდან 3 წლის შემდეგ დავიწყე, რადგან მივხვდით, რომ დიდხანს მოგვიწევდა იქ ყოფნა.

რეზიკომ ყველაფერი გააკეთა მაღალ დონეზე, ბენდი შექმნა, დირექტორი იყო, მე მხოლოდ ვმღეროდი. ამდენი წელი მოსკოვში ბენდი გყავდეს, ეს ძალიან რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელია.

თბილისში არ მყავს ბენდი იმიტომ, რომ არ არის ბევრი კონცერტი. აქ ბარსა და რესტორანში ნამდვილად ვერ ვიმღერებ, არც მჭირდება და სურვილიც არ მაქვს. სცენისთვის რომ გააკეთო ბენდი, აზრი არ აქვს, რადგან დიდ სცენაზე წელიწადში ერთხელ არის კონცერტი. ამდენის “ჩალიჩის” თავი მე აღარ მაქვს. ასაკით უფრო პატარა რომ ვიყო, რაზეა ლაპარაკი, წლების წინ შეუძლებელს ვაკეთებდი.

– როცა თქვენ და რეზიმ იქორწინეთ, რატომღაც ამბობდნენ, ეს წყვილი დიდხანს ვერ გაძლებსო. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაზე, ცოლქმრულ ცხოვრებაზე?

– ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე იქ ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს.

კითხვის გაგრძელება