თეა წულუკიანი თუ სალომე ზურაბიშვილი? – ვინ იქნება “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი

თეა წულუკიანი თუ სალომე ზურაბიშვილი? - ვინ იქნება "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი“ქართულ ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატურის შესარჩევად სერიოზული კასტინგია გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის კანდიდატი ქალი იქნება. ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა “ახალ თაობასთან” საუბარში, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად წულუკიანი მოიაზრებოდა.
მისივე თქმით, “ოცნებაში” მეორე ქალი კანდიდატურაც განიხილებოდა და ეს სალომე ზურაბიშვილი იყო. სადღობელაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
– თქვენ დაახლოებით 2 თვის წინ განაცხადეთ, რომ “ოცნება” თავის საპრეზიდენტო კანდიდატად თეა წულუკიანს მოიაზრებდა. ახლა ეს ინფორმაცია თითქმის დადასტურდა. თქვენი აზრით, ის იქნება საბოლოო კანდიდატი თუ შეიცვლება რამე?
– იმ მომენტამდე, სანამ კანდიდატურა დასახელდება, ბევრი რამე შეიცვლება. თეა წულუკიანს რაც შეეხება, მართლაც პირველი ვიყავი, ვინც თქვა, რომ ის მოიაზრებოდა “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლები ამ თემაზე კულუარულადაც გაურბოდნენ საუბარს. ახლა, როგორც ჩანს, უკვე დაიწყეს ამბის გამოტანა.
ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გააკეთებდნენ საჯარო განცხადებებს. ისინი ჯერ დუმილს ინარჩუნებენ და ძალიან კარგად ვიცი მათი დუმილის მიზეზი – “ოცნებაში” კიდევ ერთი კანდიდატურა განიხილება.
– კიდევ ერთი კანდიდატურა ისევ სალომე ზურაბიშვილია? 2 თვის წინ მასზე და თეა წულუკიანზე საუბრობდით.
– დიახ. ისევ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. “ოცნება” რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი და ყველა თავის კანდიდატურას ლობირებს.
– სალომე ზურაბიშვილს ვინ ლობირებს?
– ვერა-ვაკეს “სასტავი”.
– ვერა-ვაკელების “სასტავში” ვინ შედის?
– ვითომ სვეცკი ტიპები გოგა ხაინდრავა, ძმები გაჩეჩილაძეები. ეგენი და მათი ახლობლები ლობირებენ სალომეს.
– გაჩეჩილაძეებსა და ხაინდრავას იმხელა გავლენები აქვთ, რომ კანდიდატურას ლობირებენ?
– რა თქმა უნდა. სერიოზული გავლენები აქვთ. ვერ ნახეთ, რა ამბავი ატყდა, უცნობის სიძემ ტენდერი რომ ვერ მოიგო.
– ამხელა გავლენები თუ აქვთ, თავად რატომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში?
– მერე, ვინ გითხრათ, რომ ამის მცდელობა ჰქონდათ? მათ ხელისუფლებაში ყოფნა არ სურთ. ისინი ხელისუფლებებთან ვაჭრობენ და ასე იწყობენ ცხოვრებას. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი რაღაც გადაცემის გაკეთებას აპირებს. დაახლოებით ისეთი გადაცემა იქნება, ნაცების დროს რომ გააკეთა – საკანი N5. ახლაც ასეთ რამეს მოიფიქრებს და ხელისუფლებას გააკრიტიკებს. ეს “ოცნებასთან” სავაჭროდ სჭირდებათ.
სალომე ზურაბიშვილს, მათ გარდა, პარლამენტშიც რამდენიმე ადამიანი უჭერს მხარს. იმედი მაქვს, რომ ისინი თავისას ვერ გაიტანენ. ზურაბიშვილი კარგი პრეზიდენტი არ იქნება.
– რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
– ეს ქალბატონი ბოლომდე ვერ ჩამოვიდა პარიზიდან, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ხშირად ავიწყდება, რომელი ქვეყნის პარლამენტში ზის. მაგას რომ თავი დავანებოთ, არ არის კარგი მაჟორიტარი. ის ჩემი მაჟორიტარიცაა და კარგად ვიცი ეს ამბები. მე ასეულობით მთაწმინდელი შემიძლია მოგიყვანოთ, რომლებიც მოყვებიან, როგორი დამოკიდებულება აქვს მათთან დეპუტატს. წარმომიდგენია, რას იზამს, პრეზიდენტი თუ გახდება.
თეა წულუკიანის პრეზიდენტობაც არ იქნება კარგი ამბავი. ეს ადამიანი უსაზღვროდ ამბიციურია.
– ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავა?
– არა, მაგას როგორ გააკეთებს. ივანიშვილს ყველა დავალებას პირნათლად შეუსრულებს.
– მის კანდიდატურას ვინ ლობირებს, ივანიშვილი?
– ივანიშვილი არ ლობირებს. წულუკიანს მხარს ძველი მეოცნებეები უჭერენ.
– ძველ მეოცნებეებში ვის გულისხმობთ?
– ვოლსკი, კვაჭანტირაძე, ქანთარია და ეგეთი ტიპები.
– თქვენი აზრით, ივანიშვილი ვის მხარეზე იქნება?
– ეგ ჯერ თავად ივანიშვილმაც არ იცის.
– ეგ როგორ?
– ჩვეულებრივად. ივანიშვილს გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ის საკმაოდ მერყევი ადამიანია. ხშირად ყოფილა, რომ მას უკვე მიღებული გადაწყვეტილება შეუცვლია.
შესაძლოა ამ მომენტისთვის ის წულუკიანის კანდიდატურას იწონებს, მაგრამ ხვალ ზურაბიშვილი მოეწონოს, ზეგ კი სულ სხვა ადამიანი დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატად.
ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ფეხზე ადგება ბატონი ბიძინა. ამას სრული სერიოზულობით გეუბნებით, მარცხენა ფეხზე თუ ადგა, შესაძლოა წინა საღამოს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
აქედან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. მართალია, ახლა წულუკიანსა და ზურაბიშვილზე საუბრობენ, მაგრამ ამ დღეებში ბიძინას შესაძლოა სხვა ვინმე მოუვიდეს თავში. სანამ კანდიდატურა ოფიციალურად არ დასახელდება, ძნელია იმის მტკიცება, ვინ იქნება კანდიდატი.
ახლა მთელი ყურადღება ამ თემაზე გადავიდა და აღარავის აინტერესებს ის ცვლილებები, რომლებიც მთავრობაში იგეგმება.
– დაახლოებით ერთი თვის წინ თქვენ ამბობდით, რომ პრემიერი მარტის დასაწყისში თანამდებობას დატოვებდა. კვირიკაშვილი ჯერ ისევ მთავრობის მეთაურია.
– ჯერ ისევ მარტის დასაწყისია. გიორგი კვირიკაშვილის წასვლა არჩილ ტატუნაშვილისა და ბორჯომის ამბების გამო ცოტა დაიგვიანებს. როგორც კი ამ ფრონტზე ყველაფერი დალაგდება, კვირიკაშვილი წავა.
– სად წავა, შემთხვევით ეგ ხომ არ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი?
– გამორიცხულია. ეგ იგივეა, გენერალი რომ ოფიცრის თანამდებობაზე დანიშნო. იმის მოლოდინიც იყო, რომ “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ღარიბაშვილი იქნებოდა, მაგრამ ეს ადამიანი ახლა ჩინურ კომპანიაში მუშაობს.
– პრეზიდენტობა უფრო პრესტიჟული არ არის, ვიდრე ჩინურ კომპანიაში მუშაობა?
– ეგ მიღებული პრაქტიკაა. მთავრობის მეთაურები ხშირად მუშაობენ კომპანიებში მრჩევლებად. ღარიბაშვილს, თუ არ ვცდები, 50.000 ექნება ხელფასი. აქედან გამომდინარე, სულ აღარ უნდა პრეზიდენტობა.
– ფიქრობთ, რომ კვირიკაშვილიც ასეთ სამსახურს იშოვის?
– ვერ გეტყვით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის წასვლას პარლამენტში რაღაც ძალების გააქტიურება მოჰყვება.
– ვინ გააქტიურდება?
– გეგიძის ფრაქცია. ამ ფრაქციაში შეკრებილი ადამიანები ნაციონალებს დასანახად ვერ იტანენ, რაღაც აქტივობებს აუცილებლად დაიწყებენ. სხვათა შორის, ამ გუნდსაც ჰყავს ფავორიტი პრეზიდენტის პოსტზე. ისინი სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს.
ივანიშვილს ახლა პრეზიდენტის კანდიდატურის შესარჩევად არ სცალია. ის მომავალი პრემიერის შერჩევაზე მუშაობს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა