კალაძე: სითი პარკზე გადაწყვეტილება არ გადავადდება

კალაძე: სითი პარკზე გადაწყვეტილება არ გადავადდებათბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კომპანია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება, “გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”. მერი ასე გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების მიმართვას, რომელიც მათ მერიაში შეიტანეს.

“არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, – განაცხადა კალაძემ.

სასამართლო დავების დასრულებამდე, სითი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას დღეს დილით მიმართა.

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

კომპანია “სითი პარკმა” განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.

კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.