“კახა კალაძე და გიგა ბოკერია ერთ გუნდში არიან, ღარიბაშვილი კულუარებში თამაშობს” – კახა კუკავას პოლიტიკური შეფასება

"კახა კალაძე და გიგა ბოკერია ერთ გუნდში არიან, ღარიბაშვილი კულუარებში თამაშობს" - კახა კუკავას პოლიტიკური შეფასება“ახალი თაობის” კითხვებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– გვესმის შეფასებები და ამას სოციალური ქსელიც აჩვენებს, რომ ყოველდღე იკლებს “ოცნების” მხარდამჭერთა რიცხვი. საბოლოოდ როდის ამოიწურება “ოცნების” ლიმიტი?
– “ოცნების” ლიმიტი უკვე ამოწურულია. დღეს “ოცნება” არის იმ პერიოდში, რაც იყო შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში. მაშინაც იყო რაღაც პერიოდი, როცა ალტერნატივა არ იყო. შევარდნაძის დროს, 1999-დან 2002 წლამდე პერიოდში იყო ასეთი ვაკუუმი და სააკაშვილის დროს 2010-2011 წლებში იყო ასეთი ვაკუუმი, როცა ხელისუფლება უდრიდა ნულს და ოპოზიციაც უდრიდა ნულს.
აი, ასეთი მოცემულობა არის ახლაც. დღის წესრიგში ის საკითხი კი არ დგას, “ოცნება” როდის განულდება, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. დღის წესრიგში დგას ის საკითხი, რომელი ფრთიდან მოხდება “ოცნების” დამხობა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
თვითონ “ქართული ოცნების” შიგნით არიან ძალები, რომლებიც “ოცნების” რეიტინგის კლებას გამოიყენებენ თავიანთი მომავალი პოლიტიკური გეგმებისთვის და შეეცდებიან, ნელ-ნელა დაიწყონ “ოცნებისგან” დისტანცირება. ეს პროცესები ღიად დაიწყება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუმცა მანამდეც გამოჩნდა რაღაც ნიშნები. უთანხმოებები დაფიქსირდა რამდენჯერმე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი მოხდება ღია გამიჯვნა.
– შიგნიდან წამოვა ახალი ოპოზიცია?
– დიახ, შიგნიდანაც წამოვა. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომელი ოპოზიცია გამოდგება სიცოცხლისუნარიანი. ბრძოლა რომ დაწყებულია, ეს სრულიად აშკარაა და ბევრი პროცესი დღეს მიდის კულუარში.
– კერძოდ?
– მაგალითად, ჩვენი მაყურებელი ხშირად ხედავს ტელევიზიით “ოცნებას” ოპოზიციის წინააღმდეგ, სინამდვილეში კი ამ თამაშში კალაძე და ბოკერია ერთი ფრთაა. კალაძე-ბოკერიას ჯგუფი ჩვენ შევიძლია განვიხილოთ, როგორც ერთი ჯგუფი.
– კალაძემ დაახარისხა ოპოზიცია და “ევროპული საქართველოს” მიმართ არც კომპლიმენტები დაიშურა.
– დიახ, ასეა. მათ ჰყავთ თავისი მედიაპლატფორმა, თავისი სპონსორებიც ჰყავთ უკვე და ერთი ჯგუფი უკვე სახეზეა. ისინი შეეცდებიან, დასხდნენ ამ ლიბერასტულ პლატფორმაზე.
კულუარებში თამაშობს ღარიბაშვილიც, ის ჯერ ღიად არ გამოდის, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ამჟამად კულუარებში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო გახსნილ ფორმატს მიიღებს. შესაძლოა, არჩევნებამდეც ნაწილობრივ მოხდეს ამ ყველაფრის ლუსტრირება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ კალაძე ბოკერიას გუნდთან ერთად მოიაზრება?
– კი, ასეა. ეს უკვე ღია თამაშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტვ პირველი არის მათი მედია. რუსთავი 2-ის ეთერი უკვე დაკარგეს, ის ნაციონალების კონტროლში დარჩა. ტვ პირველი კი იქნება კალაძე-ბოკერიას მთავარი მედიადასაყრდენი.
სპონსორებიც ჰყავთ – კეზერაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. უგულავას ეპატია 48 მილიონი. საუბარია, რომ შუალედურ არჩევნებზეც დაუთმონ უპირატესობა.
ეს არის ერთი ფლანგის თამაში. კალაძე, რა თქმა უნდა, ძლიერი ფლანგია “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ ის არ არის ერთადერთი. კალაძის გარდა, იქ არის სხვა ჯგუფებიც.
არის ღია პრორუსული ფლანგიც. არის ჩუგოშვილის სულ მცირე, მაგრამ ჯგუფი ლიბერალების. არის პორტირებული ნაცების დიდი ჯგუფი. საბოლოო ჯამში, ისინი როგორ გაიყოფიან და რა ჯგუფებში გაერთიანდებიან, ეს ყველაფერი დამოკიდებულია როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, ისე ივანიშვილის პოზიციაზე.
– რა პოზიციას დაიჭერს ივანიშვილი?
– დღეს მიმდინარეობს ივანიშვილის ნელ-ნელა ჩამოწერა და გაცნობიერება იმისა, რომ 2020 წელს შეიძლება ის აღარ იყოს ძირითადი აქტორი.
– ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სერიოზულ პოლიტიკურ ძვრებს უნდა ველოდოთ?
– როგორც მინიმუმ. ჩემი აზრით, რაღაც ძვრები მანამდეც გამოჩნდება. ჩემი აზრით, კალაძე-ბოკერიას ალიანსი, საკმაოდ ღია განაცხადი იყო. საკმაოდ ღია ტექსტიც ითქვა. არ არის გამორიცხული, ასეთი ღია ტექსტით ღარიბაშვილიც გამოჩნდეს ავანსცენაზე. ანუ ღია პროცესები უკვე დაიწყება, რაც მიგვანიშნებს ძალიან ბევრ მიმართულებაზე. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტვ პირველის ეთერში მოხდა ბოკერია-კალაძის ახალი კოალიციის პრეზენტაცია. ბევრი მსგავსი პროცესია წინ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა