კახა კუკავა: “კალაძე დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს”

კახა კუკავა: "კალაძე დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს"“ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, თბილისის გენგეგმის ხმაურიან განხილვას თქვენც ესწრებოდით. ოპოზიციასა და თბილის მერს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იქ პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა. რას იტყვით თქვენ?
– პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნაწილობრივ დავეთანხმები ამ განცხადებაში კალაძეს და გეტყვით, რომ იქ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მართლაც არ იქცეოდა კორექტულად, მაგრამ…
– მაგრამ რა?
– ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რომ თბილისის მერს, ქალაქის გენგემაზე მოყვანილი ჰყავდა ვიღაცა ხულიგნები, რომლებიც მართალია დეპუტატის სტატუსით იყვნენ, მაგრამ ხულიგნები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ ჩემგან ზურგით იჯდა ეს ვიღაცა შაქარაშვილი და როდესაც ლაპარაკობდნენ ხოშტარია და ვაშაძე ამ გენგეგმის შესახებ, უცებ ზურგიდან მესმის, როგორ ეძახის – ეე, იუზგარ! მეგონა რომ მეხუთე პლატოზე ვარ 90-იან წლებში. რა შემადგენლობითაც იქ კალაძე მოვიდა, მაგ შემადგენლობით ადამიანს, წესიერ ოჯახში დაბადების დღეზე არ შეუშვებდნენ! კონფერენციზე ან პრეზენტაციაზე, დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს ქალაქის მერი, თუ მას პრეტენზია აქვს რაღაც თანამედროვეობაზე!
– ანუ თავიდანვე იყო პროვოკაციის ნიშნები ორივე მხრიდან?
– ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ იყო რეგლამენტის გადაჭარბება. ვიღაცამ ვრცლად ისაუბრა. მე პირადად არ დამირღვევია რეგლამენტი, ველოდებოდი ჩემს რიგს და როცა მომიწია,მერე ვთქვი. თუმცა ეს არ ამართლებს არანაირად იმას, რომ ელენე ხოშტარიას ბოზი ქალი უძახეს და აქეთ სხვებს გაექაჩნენ, ცხვირპირს დაგამტვრევთო. შაქარაშვილი კი არა, რაც საქართველოში მხედრიონელი და მკვლელი იყო, ყველა მობილიზებული ჰყავდა ნაცმოძრაობას და ამით ვერ აშინებდნენ ოპოზიციას და შაქარაშვილით თუ აპირებენ ოპოზიციის დატერორებას, ამით შორს ვერ წავლენ!
– რას იტყვით გენგეგმაზე, რის მიღწევას ცდილობს კალაძე?
– რაც შეეხება ქალაქის გენერალურ გეგმას, ზუსტად იგივე ხდება, რაც ტექდათვალიერებებზე ხდებოდა, ანუ მუდმივად გადავადება. გენერალურ გეგმასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ეს ეხება სამშენებლო ბიზნესს, რომელიც არის ძალიან დიდი კორუფციული ფული და რომელიც თავისი მასშტაბებით არ ჩამოუვარდება ნარკობიზნესს და არც მსოფლიო მედიკამენტების მაფიას. შეიძლება აღემატება კიდეც, რაც ამ მშენებლობებში ფული იდება. ის, რაც შემოთავაზებულია ამ გენგეგმით, ნიშნავს იმას, რომ მაფია, რომლის დიდი ნაწილიც არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები, დაკარგავს წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ გენგეგმაში ძალიან კონკრეტულად წერია ის უბნები, ის ქუჩები, სადაც მაღალსართულიანი კორპუსების განაშენიანება შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, ამ განხილვაზე მოეწყო სწორედ ეს ფარსი. მე ვისმენდი მათ არარეალურ შენიშვნებს, თითიდან გამოწოვილს. თითქოს აქვს რაღაცა ხარვეზი, რომ რომელიღაცა ფურცელზე არასწორად არის რაღაც დატანილი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები ჰქონდა მერიას.
– პრინციპულ საკითხებზე შენიშვნები არ ყოფილა?
– რაიმე პრინციპული პოზიცია მათგან, რომ არ ვეთანხმებით რომელიმე კონცეპტუალური საკითხის გადაწყვეტას, რაც გეგნგეგმის პროექტში იყო, არ ყოფილა. გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ აპირებენ ამ ჯგუფთან ხელშეკრულების გაწყვეტას. თავიდან ამას ვიცე მერი ელოშვილი უარყოფდა, თუმცა პრეზენტაციის დასასრულს კალაძემ თქვა, ორ დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებასო. ამ ტიპის განხილვაში თუ არიან ამდენ ადამიანთან, რთულია, ამის გარანტია მისცე ადამიანს, რომ ორ დღეში გადაწყვეტილება გექნება.
– კალაძემ გენგეგმის ავტორებიც გააკრიტიკა. რა შენიშვნები აქვთ მათი მისამართით?
– ეს კრიტიკა სასაცილოა! ძალიან კარგად უპასუხა კალაძეს მერაბ ბოლქვაძემ. არც კი შეხვედრიან ამ ადამიანებს! წერილი მიწერეს, ესეც არის იურიდიული პროცედურა, ხელშეკრულება როცა უნდა გაწყვიტო, სამოქალაქო კოდექსი გავალებს, რომ ჯერ წერილი უნდა გააგზავნო და ხარვეზი დაუწერო, მაგრამ რეალურად მერიას რაიმე შენიშვნები და შეკითხვები თუკი ჰქონდა, არ უნდა შეხვედროდა?! გამოვიდა მერაბ ბოლქვაძე და თქვა, ვიხვეწებით შეხვედრასო. ჩამოვიყვანეთ უცხოელი სპეციალისტები იმ საკითხებზე, რა შენიშვნებიც მერიას ჰქონდა, მოვაწყვეთ პრეზენტაცია და არ მოვიდა ამ შეხვედრაზე არც მერი და არც მისი რომელიმე მოადგილე და არიან კუკუდამალობანას რეჟიმში! არ აინტერესებთ ამ ადამიანების მოსაზრებები.
– ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებენ?
– ფაქტია, რომ რეალურად სწორედ ხელშეკრულების გაწყვეტა უნდათ. ამ შეხვედრას ესწრებოდა ილია წულაიაც, “ოცნების” დეპუტატი, რომელიც სამშენებლო ბიზნესში არის კალაძის პარტნიორი და პირდაპირ ლობირებდა და ამბობდა, რომ ბიზნესს არ უნდა მივაყენოთ გარკვეული ზარალი ამ გენერალური გეგმით! პირდაპირ გვითხრეს, რომ გენერალურ გეგმას სახელისუფლო ბიზნესი განიხილავს, როგორც მისთვის მიყენებულ ზარალს.
– მათი გადმოსახედიდან ეს ბიზნესი სერიოზულად დაზარალდება?
– კი, რა თქმა უნდა, დაზარალდება! იმიტომ, რომ როგორც კი ჩვენ ვიტყვით, რომ ფალიაშვილზე, ვაჟაზე, ჭავჭავაძეზე და ასე შემდეგ არ შეიძლება კორპუსების მშენებლობა, ან როგორც კი ვიტყვით, რომ ქალაქის ტერიტორია არ უნდა გაიზარდოს, ესეც აზარალებს მათ. პირდაპირ კალკურატორით იყო მოსული ბატონი წულაია და მოთქვამდა ცხარე ცრემლებით! მერია არ აპირებს, რომ გენგეგმა ამ ფორმით დაამტკიცოს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა