ლაშა ჩხარტიშვილი – “დმანისის და ბოლნისის ნიადაგში ტყვიის შემცველობა ძალიან არის მომატებული”

ლაშა ჩხარტიშვილი - "დმანისის და ბოლნისის ნიადაგში ტყვიის შემცველობა ძალიან არის მომატებული"ქვემო ქართლში კატასტროფული ვითარებაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წელთან შედარებით ტყვიის რაოდენობა ნიადაგში საგანგაშოდაა მომატებული.
ტყვიით დაბინძურებულია საყდრისის საბადოსთან ახლოს მდებარე სოფლების სავარგულები.
– ტყვია ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის საშიში ელემენტია. იგი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ტვინის ფუნქციონირებაზე, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, მეხსიერების დაქვეითებასა და სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას. ორგანიზმში დალექვის შემდეგ, ტყვია იქიდან ძალიან ძნელად განიდევნება, ამას საშუალოდ 10-დან 30 წელი ესაჭიროება, – ნათქვამია დასკვნაში.
ნიადაგის გარდა დაბინძურებულია მდინარეებიც. რაც არანაკლებ საფრთხის შემცველია. აი, რა წერია დასკვნაში:
– რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედის. ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება.
კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა უფლებადამცველ და ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილისთვის. ის დიდი ხანია, რაც საუბრობს რეგიონში შექმნილ კატასტროფულ ვითარებაზე.
რატომ მიმდინარეობს სამუშაოები მოძველებული ტექნოლოგიებით, ვინ მდიდრდება ხალხის სიცოცხლის ხარჯზე, რატომ არის საყდრისის აფეთქება კაცობრიობის წინააღმდეგ მოწყობილი ტერორისტული აქტი? – ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
ლაშა ჩხარტიშვილი:
– კაზრეთი, ჭიათურა-ზესტაფონი, ტყიბული და კასპი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ათწლეულებია, რაც დგას, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა მეტნაკლებად დაცული იყოს და არ იხოცებოეს.
ხელისუფლება ჩემ მიერ ჩამოთვლილ რეგიონებში მომუშავე კომპანიებს არ სთხოვს, რომ მათ ახალი ტექნოლოგიებით იმუშაონ და თავი დაანებონ გასული საუკუნის მეთოდებს. ამ მეთოდებით მუშაობა კომპანიებს იაფი უჯდება, არც მათ და არც მათთან კავშირში მყოფ ხელისუფლებას არ აინტერესებს, ეს რა ზიანს აყენებს ან გარემოს, ან ადამიანებს. რეალურად ამ ყველაფრის უკან დგას ოლიგარქიული მაფია, რომელიც შეზრდილია ყველა ხელისუფლებასთან.
ჩემ მიერ ნახსენები რეგიონებიდან ყველგან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ყველაზე მძიმე ვითარება არის კაზრეთში. კაზრეთს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ უბედურების ზონა.
კაზრეთით ხელისუფლების წარმომადგენლებიც ბევრ ფულს შოულობდნენ. ჯერ იყო და შევარდნაძე-მამალაძე შოულობდნენ იქ ფულს, მერე – სააკაშვილი და პუტინთან დაახლოებული რუსი გენერლები. ახლა ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. რუსულ-ქართული ოლიგარქიული მაფია ერთის მხრივ გვძარცვავს, ხოლო მეორეს მხრივ გვწამლავს.
დღეს ივანიშვილი არის ქვეყანაში მთავარი და მთელი ხელისუფლება მას ემორჩილება. მორჩილი ხელისუფლება მადნის მომპოვებელ კომპანიებს ყველაფერზე ხელს უწერს და ყველაფრის უფლებას აძლევს. მათ საყდრისის აფეთქების უფლებაც კი მისცეს. ეს, ჩემი აზრით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტია.
– კაცობრიობის წინააღმდეგ რატომ?
– იმიტომ, რომ ეს საბადო მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს მომპოვებელი მაღაროა. მასთან ასეთი მოპყრობა როგორ შეიძლება. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ეს ძეგლი შენარჩუნებულიყო. ამათ კი ააფეთქეს, რითაც, როგორც უკვე გითხარით, კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს.
ტერაქტზე არანაკლები დანაშაულია ის გარემო, რაც ამ რეგიონში შექმნეს. აქ ადამიანები ოქროზე ცხოვრობენ და მათ კაპიკებზე ამუშავებენ. აღარაფერს ვამბობ დაბინძურებულ გარემოზე, სადაც ამ ხალხს უწევს ცხოვრება.
აქ ელემენტარულადაც კი არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. არაა დაცული ციანიდის მოსხურების მოედნები. არაფერს აკეთებენ, რომ ჰაერში არ გავრცელდეს ნატრიუმის ციანიდი, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებაა.
– ამ ციანიდის გამო არ დაიჭირეს მამა გიორგი მამალაძე?
– მამა გიორგისთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ კალიუმის ციანიდი იყო. თავიდან ნატრიუმის ციანიდზეც საუბრობდნენ. ეს ძალიან უცნაური ისტორიაა. დღემდე ვერ დაადგინეს, ჰქონდა თუ არა მას საერთოდ ციანიდი. ვერც იმას ამტკიცებენ, რომ მამა გიორგი ვიღაცის მოკვლას აპირებდა. გვითხრეს, რომ ის ვიღაც პატრიარქის მდივან-რეფერანტი იყო. ჩვენ დღემდე არც ის ვიცით, რატომ მონათლა ის პრემიერმა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირად.
ნატრიუმის ციანიდს ჰაერში ასხურებენ, მადნის ზემოთ. ის ქარის მიერ საკმაოდ დიდ მანძილზე ვრცელდება და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.
აქ ნიადაგი და წყალი სხვა მძიმე ლითონებითაც არის დაბინძურებული. ლამის მენდელეევის მთელი ტაბულაა აქ. ეს მავნე მინარევები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია, მდინარეებში ჩაედინება.
– ეს მდინარეები მინდვრების მოსარწყავად გამოიყენება.
– რა თქმა უნდა, ამ მდინარეებით ირწყვება მინდვრები, სადაც მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. ამ დაბინძურებულ პროდუქციას ჭამენ როგორც ადგილობრივები, ასევე სხვა რეგიონებში მაცხოვრებლებიც. აქ მოწეული პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება.
ადგილებში, სადაც ხდება მადნის მოპოვება, შეგნებულად არ ტარდება მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევები. ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენს თავზე რაღაცა გავიგოთ, არადა, ეს სახელმწიფოს საქმეა. ჩვენ ამის ცოდნის უფლება კონსტიტუციით გვაქვს. ხელისუფლება ამის უფლებასაც კი გვართმევს.
მართალია, კვლევების ჩატარებისგან თავს იკავებენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ რეგიონებში კატასტროფულად არის გაზრდილი როგორც სიმსივნური დაავადებები, ასევე სხვა პათოლოგიები.
ეს დაავადებები სხვა რეგიონებსაც ემუქრება – როგორც უკვე გითხარით, აქ მოწეული პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება. ეკოლოგიის თვალსაზრისით, არც ამ რეგიონებშია კარგი მდგომარეობა.
– თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება კომპანიებს არაფერს სთხოვს იმისთვის, რომ მათ ახალი ტექნოლოგიებით იმუშაონ და გარემო ასე არ დააბინძურონ. საზოგადოებას არ შეუძლია, რომ ეს კომპანიები აიძულოს?
– საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გამოხატოს პროტესტი. რამდენად გამოიღებს ეს შედეგს, ვერ გეტყვით. ხელისუფლებას ჯერჯერობით ყველაფერი გასდის. კაზრეთში და ამ რეგიონში მოსახლეობა საკმაოდ მძიმე დღეშია. მოგეხსენებათ, სამუშაოები ჭირს და ისინი მადნის მომპოვებელ კომპანიაში მუშაობენ.
მათ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. როგორც კი რამეს გააპროტესტებენ, სამსახურიდან გაუშვებენ, ეს ადამიანები ასეთი არჩევანის წინაშე დგანან – ან შიმშილით უნდა მოკვდნენ, ან მძიმე სამუშაო პირობებს და გარემოს შეეწირონ. არჩევანს მეორის სასარგებლოდ აკეთებენ.
საზოგადოების პროტესტს მაშინ ექნება შედეგი თუ მთელი ქვეყანა ერთად დავდგებით. პროტესტი აუცილებლად უნდა გამოვხატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანი ტყვიით დავიხოცებით. ეს ტყვია იმ ტყვიასავით უცბად არ კლავს, მაგრამ შედეგი აქაც მძიმეა.
– ხელისუფლება არაფერს აკეთებსო. ამბობთ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხომ სუნთქავენ ამ ჰაერს, სვამენ ამ წყალს და ჭამენ ამ ბოხტნეულს. მათ რაიმე იმუნიტეტი იცავთ თუ რატომ არ ადარდებთ ეს?
– დაავადებისგან არც ისინი არიან დაზღვეულები, მაგრამ მათთვის ახლა მთავარია ფული. ჰგონიათ, რომ ფული ყველაფრისგან დაიცავს. ამ ფულით ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება შეუძლიათ, მაგრამ ეს ხშირად საკმარისი არ არის.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა