მალხაზ მაჩალიკაშვილი – უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, ფაქტობრივად მძევლად ვიყავი აყვანილი, მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს

მალხაზ მაჩალიკაშვილი - უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, ფაქტობრივად მძევლად ვიყავი აყვანილი, მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილსთემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში იმყოფება. როგორც პროკურატურაში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ რა მოხდა მის სახლში, როცა მძინარე შვილი მოუკლეს.

“ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, თემირლანი საკუთარ საწოლში. იმ ღამეს მე მქონდა ყველაფრის უფლება, რომ გამეგო რა ხდებოდა იქ. მე ვიყავი თავისუფლებააღკვეთილი, აყვანილი ფაქტობრივად მძევლად. არანაირი საშუალება არ მქონდა მენახა რა ხდებოდა. მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს. დროულად გადავიყვანდი ან რამე. არ დავუშვებდი იმ შეცდომებს, რაც მათ დაუშვეს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დღეს მათთვის ცნობილი გახდება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და მოხდება მაჩალიკაშვილის გამოკითხვა, თუ რა ხდებოდა რეალურად იმ ღამეს, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცრაზმი შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.