ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა – ”იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს”

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა - ”იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს”“რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის მონახულების შემდეგ, აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, საუბარი შეეხო სტრასბურის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს.

გვარამიას თქმითვე, ევროპული სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს.

– მთლად ამას არ მოველოდი, რაც აქ გავიგე. ეს ადამიანი არის მძევალი ქართული სახელმწიფოსა და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებების. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი – დეკანოზი გიორგი მამალაძე, არის ქართული სახელმწიფოს მძევალი. იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ჩემთვის ამ წუთში სრულიად ნათელია, რომ იგი, როგორც მინიმუმ, შეწყალებულ უნდა იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ. იგი უნდა გამართლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ ცხადია, ამის იმედი არა აქვს.

ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებითაც, თუმცა, ეს გრძელი გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზი მამალაძე სტრასბურგში სასამართლოს მოიგებს, თუმცა, თუ ის მანამდე ციხეში დავტოვეთ, შეიძლება, კარგად არ დასრულდეს.

ეს ადამიანი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ. იგი სასჯელს იხდის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გარკვეული საკითხების გადამოწმების შემდეგ ის იმ ინფორმაციაზე ხმამაღლა ისაუბრებს, რომელიც ბრალდებულმა ე.წ. მატროსოვის ციხეში სტუმრობისას მიაწოდა.

– მე ვაპირებ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ვისაუბრო, მათ შორის იმ ინფორმაციებზე, რაც მომაწოდა დეკანოზმა მამალაძემ. უბრალოდ, რამდენიმე დღე დამჭირდება იმისთვის, რომ მისივე მითითებით, გარკვეული საკითხები გადავამოწმო, – თქვა გვარამიამ.

ნიუპოსტი