ნუგზარ კახიძის მკვლელობის თვითმხილველი ქალი დაკითხვაზე წაიყვანეს

ნუგზარ კახიძის მკვლელობის თვითმხილველი ქალი დაკითხვაზე წაიყვანესთბილისში მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის, ახლობლებს და ოჯახის დამხმარე ქალს, რომელიც დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველია, პოლიცია კითხავს. დამნაშავემ აღნიშნული ქალბატონიც დაჭრა და ის თავდაპირველად სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

მკვლელობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ ერთი ბაზრობის მეწილე და ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე ნიღბის გარეშე მოქმედებდა და ის ბინაში შესაღწევად იქ მყოფებს გაეცნო, როგორც ბანკის თანამშრომელი.

მოკლული ბიზნესმენის ახლობლები ამბობენ, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა, თუმცა რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, მათ საუბარი უჭირთ.

გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

პირველი რადიო