ნუკრი ქანთარია – “რეზოლუციაში რუსეთისადმი დაჩოქება-ხვეწნაზე საუბარი არ იქნება” – რას აპირებს უმრავლესობა

ნუკრი ქანთარია - "რეზოლუციაში რუსეთისადმი დაჩოქება-ხვეწნაზე საუბარი არ იქნება" - რას აპირებს უმრავლესობა“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, პრემიერის რუსეთისადმი მიმართვასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივი განცხადების გავრცელებას აპირებს. რამდენად იყო მოსალოდნელი, რომ კვირიკაშვილის ეს მიმართვა ასეთ რეაქციებს გამოიწვევდა?
– პრემიერის ეს მიმართვა საკმაოდ დროული და ღირსებით სავსე იყო. ქვეტექსტში ეს საკმაოდ გამოკვეთილი იყო და ვისაც ამის დანახვა უნდოდა, ის დაინახავდა კიდეც. ჩვენ, რუსეთის პროვოკაციებს არ წამოვეგებით. ჩვენი გზა არის ურთიერთობების დალაგების გზა. აქამდე ცხედრის გადმოცემა რომ არ ხდება, პროვოკაციაა, აბა რა არის, მაგრამ ჩვენ ამ პროვოკაციებს არ წამოვეგებით. ამის ფონზე, ნელ-ნელა შეიძლება ხელი გაგექცეს იქითკენ, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ და გამოვცადეთ, სამწუხაროდ, ამიტომ გონივრულობას ალტერნატივა არ აქვს.
როგორც პასუხისმგებლობის მქონე ლიდერმა, სახელმწიფოს მეთაურმა კვირიკაშვილმა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესები მაღლა დააყენა, თორემ რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ოპოზიცია როგორ გაყიდდა ამას და როგორ შეეცდებოდა სათავისოდ ამის გამოყენებას. ჩვენ აქამდე მოვახერხეთ სტაბილური გარემოს შექმნა და მის შენარჩუნებას ვცდილობთ. ეს არის მთავარი და არა ის, რომ გარკვეული ჯგუფები რომ გამოვარდებიან და მათი შიშით არაფერი არ უნდა ვთქვათ.
– ოპოზიცია ამბობს, რომ დამასუსტებელი, დამაზიანებელი იყო პრემიერის ეს მიმართვა.
– ამას განსაკუთრებით ის ხალხი ამბობს, რომელთაც წითელი ხიდი კრიტიკულ სიტუაციებში გვერდით ეგულებათ ხოლმე.
– ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობთ?
– ნაციონალურ მოძრაობასაც და “ევროპული საქართველო” რომ ჰქვიათ, მათაც. სხვებსაც, რომლებიც მათ არიან მიტმასნილი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არავის ჰქონდა, რომ საპასუხოდ რუსეთის ფედერაციიდან ია-ვარდები წამოვიდოდა და ბოდიშები, სინანული – ეს რა მოგვსვლიაო! ჩვენ, კარგად ვიცით რუსეთის დღევანდელი პოზიცია, ყველა ვხედავთ, როგორია მისი პოზიცია თუნდაც დიდ ბრიტანეთში. ტერეზა მეის, დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას, მესამე პირმა უპასუხა. ამიტომ, მე ვეთანხმები პრემიერ კვირიკაშვილს, როდესაც ის ამბობს, რომ საუბრისთვის გარკვეული სივრცე რჩება.
– რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებითაც მაინტერესებს: როგორია ამ საკითხზე უმრავლესობის პოზიცია, შედარებით რბილი უნდა იყოს თუ შესაძლებელია უმცირესობასთან ერთად მიიღოთ?
– ამ საკითხზე ჩემი გამოკვეთილი პოზიცია მაქვს: რეზოლუციები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, შეიძლება მკაცრი იყოს, შეიძლება შედარებით ნეიტრალური, მაგრამ რეზოლუციას გარკვეული რესურსი უნდა გააჩნდეს, მის უკან საქმე უნდა იდგეს. ჩვენ გადავყევით იმას, ერთიანი იქნება რეზოლუცია თუ არ იქნება, ისეთ რეგისტრში ავიყვანეთ, რომ ამ რეზოლუციამ უნდა გადაწყვიტოს ქართულ-რუსული ურთიერთობების ბედი ან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. კარგ შემთხვევაში შეიძლება ეს რეზოლუცია იყოს “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება დაგვაზიანოს კიდეც.
– რა შემთხვევაში?
– თუ გულის მოოხებას დავიწყებთ. თუ იმ ემოციას, რაც გვაქვს, ქაღალდზე გადმოვღვრით. ქაღალდი კი გაუძლებს, მაგრამ შემდეგ?! ამიტომ, ვფიქრობ გაცილებით გონივრული მიდგომა არის საჭირო, თუკი რაღაც შედეგზე გვინდა გასვლა. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის დაჩოქება-ხვეწნაზე და თავის დამცირებაზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ აუცილებელია, რაციონალური იყოს ჩვენი მიდგომა.
– პარტია “ქართული ოცნება” პრემიერს რომ შეხვდა, რაზე იყოს საუბარი, მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე თუ კიდევ განიხილეთ სხვა საკითხები? სამთავრობო ცვლილებებზეც იყო მსჯელობა?
– არა, არა, სხვა საკითხებზე არ ყოფილა საუბარი. ეს იმდენად ვრცელი საკითხია, რომ ამ საკითხს ძალიან დიდი დრო დავუთმეთ. ერთი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, მოგეხსენებათ, რომ გივი ჭიჭინაძე დასახელდა კანდიდატად.
– წინასაარჩევნოდ თითქოს სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. გუნდში არის ამაზე საუბარი?
– მსგავსი არაფერი ხდება. ვერ გეტყვით, ვისი ფანტაზიებია.
– საპრეზიდენტო კანდიდატი თუ შეათანხმა “ქართულმა ოცნებამ”?
– ჯერჯერობით არა.
– არც შეხვედრა გამართულა ამ საკითხზე?
– ჯერ არ ყოფილა ამ საკითხზე მსჯელობა. თუმცა, ამის დრო ახლოვდება და მოგვიწევს ამ საკითხზე მსჯელობა და შეთანხმება. ვფიქრობ, უახლოეს დროში ამ საკითხზე იქნება შეხვედრა. ბუნებრივია, ყველა რაღაცას ფიქრობს, მაგრამ საქმიანი მსჯელობა ამაზე ნამდვილად არ ყოფილა.
– მართალია, რომ ქალი კანდიდატი ეყოლება მმართველ პარტიას?
– არა მგონია, ასე იყოს. ისე, ქალი კანდიდატი ცუდად არ ჩანს თავისთავად, მეტიც, მიმზიდველად გამოიყურება, თუნდაც დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ტერეზა მეის რომ უყურებ, მის პოლიტიკას, მაგრამ ეს არ იქნება ძირითადი კრიტერიუმი. ვისაც ეკითხებიან, ყველა პასუხობს, რომ კარგი იქნება ქალი კანდიდატი და მეც შემიძლია ასე გიპასუხოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ასე ნამდვილად არ არის.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა