ნუკრი ქანთარია რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევებაზე – ”ბოკერიას ჭკუაზე უნდა ვიაროთ?!”

ნუკრი ქანთარია რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევებაზე - ”ბოკერიას ჭკუაზე უნდა ვიაროთ?!”საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიასთვის გაუგებარია რა პრინციპით გააძევა საქართველომ რუსი დიპლომატი და რას მოელის ის ამ ნაბიჯის სანაცვლოდ. ქანთარიას თქმით, ეს ნაბიჯი მისაღებია მაშინ, თუ არსებობს გარკვეული გარიგება დასავლელ პარტნიორებთან და ამის სანაცვლოდდ საქართველო გარკვეულ გარანტიებს მიიღებს. უმრავლესობის წევრი ეჭვობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიას მითითებებით მოქმედებს.

– დღეს გახდა ცნობილი ერთი დიპლომატის გაძევების შესახებ, ეს თუ არის გარკვეული გარიგების ნაწილი და ჩვენი საერთაშორისო თაბამეგობრობა მკაცრად იტყვის, რომ ამ ქვეყანას ხელი აღარ დაადოთ, თორემ ჩვენ ავამოქმედებთ მე-5 პუნქტს და ასე და ასე, მაშინ ერთი კი არ უნდა გაგვეძევებინა, ვისაც რუსული და სლავიანური იერი აქვს ყველა უნდა მიგვეყოლებინა ერთბაშად. ახლა თუ ეს არის წამხედურობა, რომ ჩვენც აქა ვართ, 60 კაცს ვერ გავუშვებთ და მიტომ ერთით შემოვდივართ საქმეში. მაშინ არ ვიცი, ამის შემდეგ რა სიმწვავეებს უნდა ველოდოთ და ვართ თუ არა ამისთვის მზად. პრემიერის განცხადებამ რაღაც გარკვეული ბიძგი და სივრცე გააჩინა, ახლა კი გარკვეული სიმწვავისთვის უნდა მოვემზადოთ. საერთოდ გასარკვევია, ვისი წამხედურობით უნდა ვიყოთ და ვიაროთ. თუ ბოკერიას ჭკუა-გონებაზე იქნება საქმე, რომელიც ცუდ შემთხვევაში ამანათებს უნდა იღებდეს და კარგ შემთხვევაში ჩუმად უნდა იყოს თავჩაქინდრული, იმიტომ რომ სწორედ მათმა პოლიტიკამ მოიტანა ის რა დღეშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ უნდა გვეცადა, რომ მშვიდობიანად, საქმიანად და ღირსეულად რაღაცა წინ წავსულიყავით და რასაც ქვია ურთიერთმოლაპარაკება შევსულიყავით ამ პროცესში, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც უცხადებს და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

ნიუპოსტი