რატომ გააქტიურდა საპატრიარქოში დასავლური ფრთა

რატომ გააქტიურდა საპატრიარქოში დასავლური ფრთაქართველმა მღვდელმთავრებმა დასავლეთს მოწყალე თვალით შეხედეს. ბრიუსელსა და შეერთებულ შტატებში ვოიაჟების შემდეგ, მაღალი რანგის სასულიერო პირები უკვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდებიან.
ამ დღეებში ისინი დიდი ბრიტანეთის საელჩოში დიპლომატებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო.
ელჩებთან გამართულ შეხვედრას პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი ესწრებოდა.
რას უკავშირდება სასულიერო პირებში დასავლური განწყობების ზრდა, რას გააკეთებს დასავლური ფლანგის საპირწონედ რუსეთი, რა შანსი მისცა ილია II-მ საქართველოს მოსახლეობას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
გოჩა მირცხულავა:
– საპატრიარქოში დასავლეთთან დაახლოების ტენდენცია გრძელდება, რაც სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორით არის განპირობებული. ერთი ფაქტორია პოლიტიკური, მეორე ეკონომიკური და მესამე – მორალური.
პოლიტიკურ ფაქტორში ვგულისხმობ იმას, რომ დასავლეთთან დაახლოება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრიარქოში რუსული ნიშის დაკავება მოხდა – მოსკოვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ჰყავს თავისი ფავორიტი. სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, საზოგადოებას თავი წარუდგინოს, როგორც საპატრიარქოს შიგნით დასავლური ღირებულებების მქონე ჯგუფმა. მიუხედავად იმისა, მჯერა თუ არა ამ პირების გულწრფელობის, მაინც პოზიტიურ ნაბიჯად მიმაჩნია ეს.
ამ ჯგუფის წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტის შემდეგ გამოვთქვი ეჭვი, რამდენად იქნებოდა რეალიზებული ის, რაზეც მათ იქ ისაუბრეს. მხედველობაში მაქვს ამ მღვდელმთავრების ყოველდღიურ საქმიანობა – ქადაგებები, მრევლთან მუშაობა. უნდა გაკეთებულიყო განმარტებები დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. მომხდარიყო მათი პროპაგანდა.
უნდა თქმულიყო, რომ დასავლური ღირებულებები არ მოდის წინააღმდეგობაში ქართულ ტრადიციებთან და მართლმადიდებლური ეკლესიის ღირებულებებთან. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ გაკეთებულა.
ზემოთ გულწრფელობასთან დაკავშირებით ვთქვი და ამ თემას გავაგრძელებ. ქორეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებისთვის რადიკალური ქადაგებებით არის ცნობილი. ის იყო ერთ-ერთი განმხორციელებელი 2013 მაისის იმ მოვლენებისა, რომლებმაც ჩვენს ეკლესიას მრევლი დააკარგვინა.
– ამ მოვლენამ დააკარგვინა ეკლესიას მრევლი?
– ამ თემაზე მართალია ჩუმად, მაგრამ მაინც საუბრობენ ეკლესიის წიაღში. ამბობენ, რომ 17 მაისის მოვლენებმა მართლმადიდებლურ ეკლესიას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა – იმ პერიოდის შემდეგ მრევლის რაოდენობამ იკლო.
– მრევლის შემცირებასთან დაკავშირებით სასულიერო პირებს სხვა შეხედულებები აქვთ.
– არ აქვს მნიშვნელობა, ვის დააბრალებენ ამას ქართული ეკლესიის მესვეურები. მრევლის შემცირება, პირველ რიგში, მათი ბრალია და არა – მედიის ან ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი რომელიმე პერსონის თუ დაჯგუფების.
როგორც ზემოთ უკვე გითხარით, საპატრიარქოში რუსული ნიშა დაკავებულია და სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, ამ ნიშის საპირწონედ რაღაც შექმნას.
დასავლეთთან დაახლოების მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ეკონომიკური მომენტი. ეკლესია სახელმწიფოსგან იღებს დაფინანსებას, საპატრიარქოს სხვა შემოსავალიც აქვს. ამ თანხების შემომწირველებიც და განმკარგველებიც რუსეთთან დაახლოებული პირები არიან. ეს თანხები ძირითადად იმ ეპარქიებში მიდის, სადაც რუსეთის გავლენა მაღალია და იქაური მღვდელმთავრები რუსულ თამაშს თამაშობენ.
აქედან გამომდინარე სასულიერო პირების ნაწილი რუსეთის ეკონომიკურ საპირწონესაც ეძებს. სოციალურ ქსელში მოვკარი ამასთან დაკავშირებით მოსაზრებებს თვალი. დადასტურებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ აზრს არსებობის უფლება აქვს – დასავლეთმა, შესაძლოა, ქართული ეკლესიისთვის რაღაც გრანტები გამოყოს.
გრანტების გამოყოფა მართლაც კარგი იქნება თუ ეს ჩვენი ეკლესიების რეაბილიტაციას და კულტურული ძეგლების გადარჩენას მოხმარდება.
სხვა მიმართულებით ამ წუთას თანხის გამოყოფის აუცილებლობას ვერ ვხედავ და ეს ჩემი მხრიდან რეკომენდაციად მიიღონ საელჩოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციება.
ახლა რაც შეეხება მორალურ ფაქტორს. კიდევ ერთხელ ვამბობ. რომ ძნელი დასაჯერებელია სავლეს პავლედ გადაქცევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რწმენა ერთგვარად ემოციურ კატეგორიად ითვლება. ჩვენ ამ სასულიერო პირებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გვაქვს. ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.
ისევ მეუფე იაკობი მინდა გავიხსენო. პიროვნულად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მისი ქმედებები შეუძლებელია დავივიწყოთ. გავიხსენებ 2013 წლის 17 მაისს. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი იყო. როგორ მისდევდა 20-25 ახალგაზრდას 40.000-იანი ლაშქრით.
თავად ფორმა და ქმედება იყო მიუღებელი, თორემ ეკლესიას ვერავინ წაართმევს იმის უფლებას. რომ რაღაც დაგმოს, რაღაც მოიწონოს, რაღაც შეაფასოს.
– თქვენი აზრით, რა უნდა გაეკეთებინა 17 მაისს ქართულ ეკლესიას?
– რუსთაველზე 20-25 ახალგაზრდა შეიკრიბებოდა. მათთან უნდა მისულიყვნენ ქართული ეკლესიის მაღალი იერარქები, დაეკავებინათ ხელში ბიბლია და ელაპარაკათ იმ ახალგაზრდებთან. ეს საუბარი ყოველგვარი ლაშქრისა და ტაბურეტკების გარეშე უნდა წარმართულიყო.
მორალურ ფაქტორზე როცა ვსაუბრობ, არის გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რამდენად გულწრფელები არიან ეს სასულიერო პირები. რამდენად ამოძრავებთ მათ პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები ამ ნაბიჯის გადადგმისას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ხდება დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მღვდელმთავრების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც დადებითად ვაფასებ მღვდელმთავრების დასავლეთთან დაახლოების მცდელობას. კითხვების მიუხედავად, მაინც კარგია, რომ საპატრიარქოში გაჩნდა დასავლური ფრთა.
– ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, რომ საპატრიარქოში რუსული ნიშა უკვე დაკავებულია. ეს ნიშა დაკავებული რომ არ ყოფილიყო, საპატრიარქოში დასავლური მიმართულება არ გაჩნდებოდა?
– ე.წ. დასავლური მიმართულებიდან რომელიმე რომ დასახელებულიყო პატრიარქის მოსაყდრედ, ვერ გეტყვით, რამდენად დაიწყებდნენ ისინი დასავლურ ღირებულებებზე საუბარს. ფაქტია, რომ მღვდელმთავრების ნაწილმა დაიწყო დასავლურ ღირებულებებზე საუბარი, რაც მხოლოდ მისასალმებელია.
– ზოგჯერ რუსული მომენტიც აკეთებს თურმე კარგ საქმეს.
– ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია – ჩვენ არ ვიცით, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა დასავლური ფრთისთვის რამდენად წარმატებული იქნება. სასურველია, ეს ასე მოხდეს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ წუთას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდგომარეობა ძალიან ჰგავს მხცოვანებაში მყოფი ერეკლე მეორის მდგომარეობას, როდესაც მას სვავებით ეხვივნენ თავს მისი “კეთილმოსურნეები”. რომლებიც აბსოლუტურად რუსეთის თამაშს თამაშობდნენ.
ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ტახტისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. სადაც პატრიარქის მოსაყდრე კვლავ ინარჩუნებს მდუმარებას. ამით ის იქმნის ერთგვარ პიროვნულ იმიჯს, რომ ის რაღაცებში არ ერევა.
მოსაყდრედ მისი გამოცხადებიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და მისგან დღემდე ვერ მოვისმინეთ ღირებულებითი განცხადებები. არ ვიცით, რას ფიქრობს ის საქართველოს მომავალზე და როგორ წარმოუდგენია საქართველოს ეკლესიის განვითარება. არაფერს ამბობს იმ რეფორმების აუცილებლობაზე, რომელთა გატარებასაც აუცილებლად მოითხოვს საქართველოს ეკლესია.
ჩვენ ასევე არ ვიცით, რა ხდება ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც სასამართლო დაასრულებდა ციანიდის საქმის განხილვას, საპატრიარქოში შეიქმნებოდა კომისია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს შეისწავლიდა.
დღეს არავინ საუბრობს იმაზე, შეიქმნა თუ არა საპატრიარქოში კომისია და სწავლობს თუ არა ის ამ საკითხს. საზოგადოებას აქვს სერიოზული ეჭვი, რომ ციანიდის საქმე არის შეთითხნილი და პროკურატურის მტკიცებულებები მყიფეა.
მეუფე შიოს დუმილი აჩენს მოსაზრებას, რომ მოსაყდრე ნელ-ნელა იკრებს ძალებს, მუშაობს სხვადასხვა მღვდელმთავრებთან და ღვთისმსახურებთან. მუშაობს იმაზე, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, საეკლესიო კრებამ მას დაუჭიროს მხარი. და ძალიან კარგია, რომ ამის საპირწონედ არსებობს ძალა.
ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოსაყდრის დანიშვნით ჩვენი ეკლესია და სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აარიდა.
ილია II-მ ჩვენ, საზოგადოება, დაგვაყენა ფაქტის წინაშე, რომ თავად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ განვითარდება ქართული ეკლესია.
ილია II-ის პატრიარქად არჩევის დროს, როცა მიმდინარეობდა საეკლესიო კრება, სიონის საკათედრო ტაძარი გარშემორტყმული იყო საქართველოს მოსახლეობის მიერ. სიონი ფაქტიურად ალყაში იყო და საზოგადოებამ მღვდელმთავრები აიძულა, ილია II-ის სასარგებლოდ გაეკეთებინათ განცხადება.
მოსაყდრის დანიშვნით პატრიარქმა ერთგვარი სიგნალი მოგვცა, რომ ის გამოუვალ მდფომარეობაში იყო და მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოოდ ქართული ეკლესიის განვითარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მრევლმა უნდა მიიღოს და არა – მხოლოდ სინოდმა და საეკლესიო კრებამ.
– საზოგადოებას რისი გაკეთება შეუძლია? პატრიარქის არჩევნებში ვერ ჩავერევით.
– საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტზე არ ვიხილოთ პერსონა, რომელიც რუსეთის ინტერესებს გაატარებს.
– საპატრიარქოში მედასავლეთეების გააქტიურებას რუსეთი რით უპასუხებს?
– საპასუხო ნაბიჯები აუცილებლად იქნება. რუსეთს საქართველოში აუცილებლად სჭირდება დასაყრდენი. გაგახსენებთ დუგინის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთს მოკავშირეები უნდა მოძებნოს არა პოლიტიკოსებში, არამედ ხალხში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მათ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ეკლესია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მძლავრი და ავტორიტეტული ინსტიტუტია.
რა თქმა უნდა, მოსკოვს უნდა, რომ ასეთი ინსტიტუტი მის მიერ იმართებოდეს. რუსეთი სათავისოდ სწორად იქცევა, როცა ქართულ ეკლესიაზე გავლენის მოპოვებას ცდოლობს. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მივცემთ მას ამის გაკეთების საშუალებას.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა