სოსო ცინცაძე: “ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ”

სოსო ცინცაძე: "ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ მინდა გკითხოთ, პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, დროში გაიჭიმებაო, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– ჩემთვის სრულიად გაუგებარია, აღმაშფოთებელიც კი არის, რომ შერიგების მინისტრს როგორ არ აქვს არაფორმალური კონტაქტები თუნდაც ოსებთან.
– უნდა ჰქონდეს?
– რასაკვირველია, ეს არის დიპლომატიის ანბანი. რამდენი წელი ჯერ მოადგილე იყო, ახლა მინისტრია, ამდენი ხნის მანძილზე მაინც უნდა მოეხერხებინა და არაოფიციალური კონტაქტები დაემყარებინა.
დიპლომატიაში არსებობს ოფიციალური და არაოფიციალური ურთიერთობები, ძნელი სათქმელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. 1972 წელს ამერიკამ ჩინეთი საბჭოთა კავშირის თავდასხმას გადაარჩინა, მაგრამ ამას ვერ წაიკითხავთ ვერც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. თუმცა, ეს ფაქტი მოხდა და ეს მიღწეულ იქნა სწორედ არაფორმალური, არაოფიციალური მოლაპარაკებებით.
გასაგებია, რომ ოსებს და აფხაზებს არავინ არაფერს ეკითხება და ყველაფერს მოსკოვი წყვეტს, მაგრამ რატომ უარყვეს ეს არაოფიციალური ურთიერთობები, არ მესმის. როგორც კი დააპატიმრეს ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ტატუნაშვილი, მაშინვე არაოფიციალური კონტაქტები უნდა ამოქმედებულიყო. ახლა მოსკოვი ცდილობს, რომ დაგვიმტკიცოს, რომ ამერიკელები ვერ გვიშველიან.
– სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა.
– დიახ, გააკეთა და მორჩა, რუსები ყურს არ გააბარტყუნებენ. თქვენ ფიქრობთ, ვინმე რუსებს ამის გამო სანქციებს დაუმატებს ან კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მისცემს?! ამიტომ ვამბობ, რომ მყარი არაოფიციალური არხები უნდა არსებობდეს სწორედ მსგავსი გამოუვალი სიტუაციების დროს ასამოქმედებლად. მაშინ რაში გვჭირდება ეს სამინისტრო, სრულიად გაუგებარია! რომელი შემრიგებელია ეს მინისტრი, რომელიც დარეკვას ვერ ბედავს და თუ დარეკა, რატომ არ აყენებს საქმის კურსში საზოგადოებას?!
– კონსტიტუციონალისტი ბოძაშვილი გამოდის ინიციტივით, რომ საერთაშორისო დონეზე “სამხრეთ ოსეთი” ხმარებიდან ამოვიღოთ.
– რასაკვირველია, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. ამ ტერიტორიის ძირძველი სახელწოდება “სამაჩაბლოა”. “სამხრეთ ოსეთი” კომუნისტების მიერ შემოღებული ტერმინია. როგორც კი შენ იტყვი “სამხრეთ ოსეთს” და რადგან არსებობს “ჩრდილოეთ ოსეთი”, იმანენტურად გაერთიანების საკითხი დგება. არსებობს ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა, ერთი ხალხი უნდა გაერთიანდეს, როგორც ორი გერმანია გაერთიანდა თავის დროზე.
ამ საკითხზე სერიოზული დისკუსია უნდა დაიწყოს საერთაშორისო დონეზე და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავაბრუნოთ ტერმინი “სამაჩაბლო”.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა