სოსო ცინცაძე – “ყველაზე კარგი პრეზიდენტი ვახტანგ ხმალაძე იქნებოდა”

სოსო ცინცაძე - "ყველაზე კარგი პრეზიდენტი ვახტანგ ხმალაძე იქნებოდა"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, “ქართულმა ოცნებამ” აქამდე საპრეზიდენტო კანდიდატი რომ არ დაასახელა, თუნდაც არაოფიციალურად რომ არ გახმაურდა, ეს რაზე მიანიშნებს?
– ვერ შეურჩევიათ. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბოლო დროს ქალი კანდიდატის შესახებ გავრცელებული ხმები, ვგულისხმობ თეა წულუკიანისა და სალომე ზურაბიშვილის შესახებ გავრცელებულ ხმებს, არ მგონია, რეალური იყოს.
– თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა უნდოდა.
– მე არ მგონია, მისი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, ის მისაღები კანდიდატი იყოს ივანიშვილისთვის.
არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის შიგნით რამდენიმე გვარი განიხილება და დაჯგუფებებს შორის მიდის ბრძოლა, ამ ბრძოლას შორიდან ადევნებს თვალყურს ივანიშვილი, ისე, რომ არც აინტერესებს. პარლამენტის წევრები დღეს უპატრონოდ დარჩენილ სამურაებს ჰგვანან.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს უფრო საპენსიო ასაკის, დაღვინებული, გაწონასწორებული, არა ექსტრემისტი ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას, მის საზღვრებს გარეთ ღირსეულად წარმოადგენს.
ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ვახტანგ ხმალაძე. ეს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუ გახსოვთ, ივანიშვილი სანამ მარგველაშვილს დაასახელებდა კანდიდატად, ვახტანგ ხმალაძეზე ამბობდა, კარგი პრეზიდენტი იქნებაო. დღეს, ამ კონსტიტუციით, მართლაც ვეთანხმები, რომ ხმალაძე შესაფერისი პრეზიდენტი იქნებოდა.
– ბატონო სოსო, ეს თქვენი მოსაზრებაა თუ რამე ინფორმაცია გაქვთ?
– არა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. არ მგონია, დღეს ვახტანგ ხმალაძეს ივანიშვილმა რეკომენდაცია გაუწიოს.
ივანიშვილმა სადავეები ცოტა მიუშვა და პარლამენტის უმრავლესობაში უკვე გამოჩნდნენ დისიდენტები.
– მაგალითად?
– თუნდაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი რომ გადიოდა, ეს აშკარად გამოჩნდა. ასევე, ეს გამოჩნდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ეს ხალხი ფიქრობს, რომ უკვე შეიძლება ისე მოქცევა, როგორც თავად ფიქრობენ და არა – დირექტივების შესაბამისად. ამას ვერასდროს გაბედავდნენ, რომ მოდიოდეს დირექტივები, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილს მობეზრდა და ეს ხალხი მიუშვა. ეს უკვე ბევრ რამეს ეტყობა. მერწმუნეთ, დირექტივები რომ მოდიოდეს, დისიდენტობას ვერავინ გაბედავდა.
– რატომ მობეზრდა?
– მმართველობის პირველმა ეშხმა გადაიარა. ის წარმატებები, რომლებიც პირველ ხანებში იყო, რაც მის სახელს უკავშირდებოდა, ეს მოსწონდა, ყველა ადამიანს მოსწონს ეს, როდესაც ყველაფერს მიაღწია, რაც თავიდან დაისახა მიზნად, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას არჩევნების გზით დაამარცხებდა, რომ ახალ მთვარობას დააკომპლექტებდა, ეს ყველაფერი გააკეთა და ახლა მისთვის არ არის საინტერესო. მას სხვა ინტერესები აქვს. თანაც ივანიშვილი ჭკვიანი ადამიანია და ხომ ხედავს, რა ხალხთან აქვს საქმე. ჩვენი პარლამენტის 90%-ს 2 წიგნი არ ექნება წაკითხული.
– საბოლოოდ თქვა უარი პოლიტიკაში დაბრუნებაზე?
– დიახ, ასეა. მე მგონია, რომ უფრო ამ რეჟიმში დარჩება. თუმცა, აქვე უნდა ვთქვას, რომ ის არ არის კმაყოფილი იმით, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერზე – ცუდზეც და კარგზეც – მას მოეთხოვოს პასუხი, არადა, ასეა. გამოკითხვა რომ ჩატარდეს, 10 მოქალაქიდან მინიმუმ 8 გიპასუხებთ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ივანიშვილია.

ალბათ, გვიან გაზაფხულზე “ქართული ოცნება” კანდიდატს დაასახელებს და ამ კანდიდატის ვინაობით ჩვენ გავიგებთ, რეალურად აინტერესებს თუ არა “ქართული ოცნების” მომავალი პოლიტიკური ბედი ივანიშვილს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა