ტრამპი აშშ-დან რუს დიპლომატებს აძევებს?

ტრამპი აშშ-დან რუს დიპლომატებს აძევებს?აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ქვეყნიდან რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევოს. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ ტრამპს შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციით მიმართა. ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვაზე ვაშინგტონის პასუხი უნდა გახდეს.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭო მოსკოვის წინააღმდეგ რამდენიმე ზომის მიღებას განიხილავს, დიპლომატების გაძევება კი ყველაზე სერიოზული პასუხი იქნება. თუ ტრამპი აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას გაითვალისწინებს, შესაბამისი განცხადება შესაძლოა უკვე მომავალ კვირას გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ინტერპრესნიუსი