”ფრთხილად იყოს კალაძე, ამ ქალაქში იმდენი ტაქსის მძღოლია, რომ მარტო მათი აქციებიც ეყოფა!”

”ფრთხილად იყოს კალაძე, ამ ქალაქში იმდენი ტაქსის მძღოლია, რომ მარტო მათი აქციებიც ეყოფა!”ტაქსებზე რეგულაციები მკაცრდება. სხვა რეგულაციებს ემატება ისიც, რომ ტაქსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მრიცხველი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დღეს თბილისში 40 ათასზე მეტი ტაქსი მოძრაობს. მათი დიდი ნაწილი კი გაუმართავი და მოუწესრიგებელია.
ახალ რეგულაციებს დადებითად ხვდებიან ტაქსის კომპანიები. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ბაზარს გააუმჯობესებს, თუმცა ბევრი ტაქსის მძღოლი მიატოვებს ამ საქმიანობას და ამან შესაძლოა დეფიციტი შექმნას ქალაქში. გაძვირდება მომსახურებაც.
დღეს ტაქსების მოძრაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება, არ არის სპეციალური ლიცენზიები და გადასახადები. ამ დრომდე ტაქსის მძღოლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მაგრამ მალე რეგისტრაცია და ლიცენზიის აღება ყველა მძღოლისთვის სავალდებულო გახდება.
ტაქსის კომპანია 200-200-ში მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები დროულია. ეს ბაზარს დაარეგულირებს, თუმცა გამოიწვევს ავტომობილების დეფიციტს და ფასების ზრდას.
ზოგიერთ კომპანიაში კი თვლიან, რომ ძალიან ბევრ მძღოლს გაუჭირდება ახალ რეგულაციებზე გადაწყობა. არ არის გამორიცხული, ბევრმა კომპანიამ მოთხოვნებიც ვერ დააკმაყოფილოს და ბაზარი დატოვოს. ასევე მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ახალ რეგულაციას თან ახლავს დიდი პროტესტი, ამიტომ ქალაქის მთავრობის მხრიდან ყველაფერი კარგად უნდა იყოს გააზრებული.
“ახალი თაობის” გამოკითხვაზე, თუ რას ფიქრობს მომხმარებელი ახალ რეგულაციებზე, ჩვენ არაერთგვაროვანი პასუხები მივიღეთ.
თამუნა, 29 წლის:
– მივესალმები ასეთ რეგულაციას. ტაქსები ხშირად ქმნიან ქალაქში საცობებს. ტაქსის მძღოლების უმეტესობა გაუმართავი ავტომობილებით მოძრაობას და გარემოს აბინძურებენ.
– შესაძლოა, ახალმა რეგულაციებმა მომსახურების ტარიფები გაზარდოს.
– მაინც რეგულაციის მომხრე ვარ. თუ კომპანიის ტაქსი არ გამოიძახე, ისე მგზავრობა შეუძლებელია. უკაცრავად და ხშირად ტაქსის მძღოლს ვერც ჩაუჯდები სალონში, ისეთი სუნია და ავტომობილი იმდენად ბინძურია. აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ეს სფერო. ვისაც არ ეზარება, დღეს ყველა ტაქსაობს.
ნანა, 53 წლის:
– ხშირად მიწევს ტაქსით გადაადგილება. სამსახური საკმაოდ შორს მაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მიდის ბოლომდე. ამიტომ იძულებული ვარ, ხშირად ვიარო ტაქსით.
– ბევრი უკმაყოფილოა, ტაქსების უმრავლესობა მოუწესრიგებელია, ცუდი სუნია ავტომობილში და ასე შემდეგო.
– მეც ხშირად გამიშვია რამდენიმე ტაქსი და სხვა გამიჩერებია. თუმცა როცა ვაგვიანებ, არჩევის დრო არ არის და გამართლებაზეა. მთელი ისტორიები მაქვს მძღოლებთან დაკავშირებით.
– ხშირად გხვდებათ უჟმური მძღოლი?
– დღეს ისე უჭირს ყველას, განსაკუთრებით ამ პროფესიის ადამიანს, რომ ვერც უსაყვედურებ, რატომ არ ხარ ხასიათზეო. თუმცა ხშირად შემხვედრია ძალიან განათლებული და ჯენტლმენი მძღოლები. ზოგი თვითონ ცდილობს შენთან საუბრის წამოწყებას, ზოგიც ისეთი რისხვით შემოგხედავს, რომ გაღიმებასაც ვერ გაბედავ.
– მალე რეგულაციები ამოქმედდება, მიესალმებით მერიის ამ ინიციატივას?
– ძალიან კარგია, თუ მოწესრიგდება ეს სფერო. თუმცა, ამის გარდა, იმდენი პრობლემაა ქალაქში, რომ მარტო ეს რას უშველის.
– საცობებიც განიმუხტებაო.
– საცობებს ნუ გამახსენებთ, სახლში დაბრუნებას ზოგჯერ საათებს ვანდომებ. თუმცა ის ხალხიც ძალიან მეცოდება, ვინც ამ საქმიანობით ოჯახებს ინახავს. ისეთი გზები უნდა მოინახოს, რომ არც ეს ხალხი დაზარალდეს და არ დარჩეს ლუკმა-პურის გრეშე.

“ახალი თაობა” რამდენიმე ტაქსის მძღოლსაც გაესაუბრა.
ზურა, 44 წლის:
– რაღა ჩვენთვის მოიცალა კალაძემ, ამდენი პრობლემაა ქალაქში, ჯერ იმას მიხედოს.
– საიდანღაც ხომ უნდა დაიწყონ?
– მაინცდამაინც ტაქსის მძღოლებს რატომ გვეცნენ?! ორ კაპიკს ვშოულობთ, რომ ოჯახები ვარჩინოთ. იოჯახში ჩემს გარდა ხუთი სული ცხოვრობს და მხოლოდ მე ვმუშაობ. ამასაც თუ მუშაობა ჰქვია.
– ტაქსის კომპანიაში მუშაობა არ გიცდიათ?
– არა. ასე მირჩევნია, როცა მინდა, მაშინ ვმუშაობ, თანაც ასე მეტი მრჩება. ნახევარი თუ კომპანიას მივეცი, შვილებს რაღა ვაჭამო?!
– დაახლოებით რა თანხას შოულობთ დღეში?
– დღეს გააჩნია. ყოველთვის არ გიმართლებს. შეიძლება ერთ დღეს 100 ლარი მიიტანო სახლში და მეორე დღეს 20 ლარიც ვერ იშოვო. მე ვცდილობ, საღამოს საათებში და ხშირად შუაღამემდეც ვიმუშავო. ღამით საცობები არაა და საწვავსაც ნაკლებს ვწვავ.
– ტაქსის მძღოლებს მოუწესრიგებელი ავტომობილები ჰყავთ, ცუდი სუნია და ბინძურიაო, ძალიან ბევრი მგზავრი ჩივის.
– ჩემს ავტომობილზე ამას ვერავინ იტყვის. აი, თქვენი თვალით ნახეთ, რა მდგომრეობაშია. ვცდილობ, ყოველთვის წესრიგში მყავდეს და ამის გამო მგზავრი არ დავკარგო.
– რეგულაციები დაგაზარალებთ?
– ძალიან. ბევრ მძღოლს მოუწევს ამ საქმიანობაზე უარის თქმა. ჩემი ავტომობილი შედარებით ახალია. ძალიან ბევრი ისეთი ტაქსი მოძრაობს თბილისში, რომ ისინი ამ რეგულაციებს ვერ გაივლიან. ჯერჯერობით ჩუმად არიან, მაგრამ უკვე პირადად რომ შეეეხებათ, მერე დიდი ამბები მოჰყვება ამას.
ვაჟა,  63 წლის:
– მე ტაქსის კომპანიაში ვმუშაობ. ყველა ამ რეგულაციას თავად კომპანია მიხედავს. სიმართლე გითხრათ, მთავრობა დიდ ფულს გააკეთებს ამ ახალი რეგულაციებით.
– კომპანიები არ დაზარალდებიან ამით?
– ისე არა, როგორც კერძო პირები. ბევრ კომპანიას ალბათ აწყობს კიდეც ასეთი რეგულაციები, რადგან დღეს ძალიან ბევრი ტაქსია ქალაქში და მერე ასე აღარ იქნება. კონკურენტებს ჩამოიშორებენ.
– გაძვირდება ტაქსით მომსახურება?
– რა თქმა უნდა, გაძვირდება. აბა ამხელა გადასახადების და რეგულაციების მერე ტარიფს იგივეს ვინ დატოვებს?! მართალია, კომპანიაში ვმუშაობ, მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად არ მახარებს. რეგულაციების ამოქმედება ძალიან ბევრ ადამიანს უმუშევარს დატოვებს და ჩვენ გაჭირვებულ ხალხს კიდევ ეს უნდა? ამას არ მოჰყვება კარგი ამბები.
– ასაკობრივი ზღვარის დაწესებაზეც საუბრობენ და ამ შემთხვევაში ეს თქვენ არ შეგეხებათ?
– ჩვენს კომპანიაში ნახევარზე მეტი პენსიონერი მუშაობს. რას უშვრებიან ამ ხალხს?! ვისაც მუშაობა შეუძლია, უნდა იმუშაოს, რატომ უკრძალავ?! ვისაც არ შეუძლია, ის ისედაც სახლში ზის. რადგან პენსიონერია, ამიტომ შიმშილით უნდა მოკვდეს? თუ იმხელა პენსია გვაქვს, რომ უზრუნველად შეძლებ ცხოვრებას? ფრთხილად იყოს კალაძე, ამ ქალაქში იმდენი ტაქსის მძღოლია, რომ მარტო მათი აქციებიც ეყოფა!
– ფიქრობთ, რომ აქამდე მივა საქმე?
– მივა, როგორ არ მივა. თითო მძღოლის უკან მინიმუმ 4-5 ადამიანი დგას. ეს ხალხი ოჯახებს ინახავს. დაასაქმონ მაშინ. გგონიათ, გვეხალისება ტაქსაობა?! თვითონ პრემიებს და ხელფასებს ვეღარ ითვლიან და საწყალ ხალხს ჯიბეში უძვრებიან!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა