ღარიბაშვილი, წულუკიანი, თამაზაშვილი, კბილაშვილი, მწარიაშვილი – ვის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას პროკურატურას სკანდალური მოწმე

ღარიბაშვილი, წულუკიანი, თამაზაშვილი, კბილაშვილი, მწარიაშვილი - ვის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას პროკურატურას სკანდალური მოწმეახლო მომავალში საზოგადოებას ბევრი ახალი სკანდალი ელოდება. მოწმე გოდერძი ჯოლოხავას პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმა გადაწყვიტა.
მოწმე ჯოლოხავას უფლებებს სამართალდამველთა რეფორმირების ცენტრის ადვოკატები იცავენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს რომ ჯოლოხავას მონაყოლი საზოგადოებას შოკში ჩააგდებს.
მოწმეს, რომელმაც სიმართლის თქმა გადაწყვიტა სახელმწიფომ 2 დაცვა დაუნიშნა და მისთვის კონსპირაციული ბინაც გამოყო. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში ამის შემდეგ ცოტა დამშვიდდნენ და ჩათვალეს რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლე დაცული იქნებოდა.
15 მარტს შუადღისთვის ჯოლოხავამ მეუღლემ მესიჯი მისწერა, სადაც ამბობდა რომ მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. პროკურატურის განცხადებით, მოწმის სიცოცხლე დაცულია და მას საფრთხე არ ემუქრება. პროკურატურის არ სჯერა ზვიად კუპრავას.
რატომ ეშინიათ ჯოლოხავას გამო სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში, რა დავალებებს აძლევდნენ მას, ვისი გვარები ამოტივტივდა და ვისთან მიდის კვალი, რაზე ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფოს? – ამის შესახებ ზვიად კუპრავა “ახალ თაობას” ესაუბრება.
ზვიად კუპრავა:
– თქვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას დაუნიშნა დაცვა და ის კონსპირაციულ ბინაში მოათავსა. რაც იმას ნიშნავს რომ მისი სიცოცხლე იქნება დაცული. გუშინ, 15 მარტს მისმა მეუღლემ შემდეგი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო: “ნინო, ახლა კარგად მომისმინე, ჩემს სიცოცხლეს აზრი არა აქვს. თავს არაფერი დაუშავო, გვანცა ცოდოა უშენოდ. გამაგრდი, გვანცას მიხედე. ორივე ძალიან მიყვარხართ და ორივემ მაპატიეთ”.
როგორც კი ეს მესიჯი მიუვიდა, მეუღლემ ჯოლოხავას გადაურეკა, მაგრამ ის მის ზარებს არ პასუხობდა. შეშფოთებული ქალი, რომელთანაც მანამდე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა.
მყისიერად გადავურეკე ჯოლოხავას და ვკითხე თუ რა იყო ამ შინაარსის გზავნილის მიზეზი.
– რა გიპასუხათ?
– ძალიან ემოციურად მელაპარაკა ჯოლოხავა და მთხოვა, მას თუ რამე მოუვიდა, ამ საქმეს მივყვე ბოლომდე. ამის შემდეგ ტელეფონი გამითიშა და ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა.
ცხადია ამის შესახებ პროკურატურა ჩავაყენე საქმის კურსში. პროკურატურამ მითხრა, ეს ადამიანი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ არის და საშიში არაფერიაო. ამ განცხადებამ პირადად მე ვერ დამამშვიდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი დაცულია.
ამის ნათელი მაგალითია შალვა თათუხაშვილის ისტორია. ისიც სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
მინდა მჯეროდეს, რომ მსგავსი რამე არ მოხდება ჯოლოხავას შემთხვევაში. ღმერთმა არ ქნას და თუ რამე მოხდა, შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ ეს ადამიანი თვითმკვლელობას არ აპირებს. ეს რომ სდომნოდა დაცვას არ მოითხოვდა. მან სიმართლის თქმა გადაწყვიტა და სწორედ ამ მიზნით მოვიდა ჩვენს ორგანიზაციაში.
ამ ინტერვიუს როცა ვწერთ, ჩემმა მეგობრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გოდერძი ქალაქის პროკურატურაში მიიყვანეს და ის ჩვენებებს იძლევა. მას ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, არადა არ ილევა ეს საქმეები.
– განა რამდენი აქვს სალაპარაკო, რომ ამდენი ხანი აძლევს ჩვენებებს?
– მოსაყოლი ძალიან ბევრი აქვს. 15 მარტამდე ის სამჯერ დაიკითხა. პროკურატურაში პირველად 12 მარტს მივედით. სადაც მისი დაკითხვა 8 საათი გაგრძელდა. რის შემდეგ ჩვენების მისაცემად უკვე ქალაქის პროკურატურაში დაგვიბარეს. ჯამში ის 18 საათი იძლეოდა ჩვენებებს. ამას დაემატება ის დროც, რაც მან 15 მარტს გაატარა პროკურატურაში.
ის თავის ჩვენებებში კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს. ასახელებს ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც მიუღია უკანონო დავალებები. საუბრობს იმაზეც თუ ვინ მოახდინა მისი გადაბირება. მისი დავერბოვკება ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ის ციხეში იყო.
მე წინა ინტერვიუშიც გითხარით რომ ციხეში მასთან შევიდა ლაშა მელიქია. იქედან კი იმის სანაცვლოდ გამოიყვანეს რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მიეცა.
ლაშა მელიქია თავის მხრივ არის თბილისის ყოფილი პოლიციის უფროსის მერაბ ბაღათურიას აღზრდილი კადრი და მისი ახლო ნათესავია. მერაბ ბაღათურია ციხის დირექტორიც იყო და მელიქია სასჯელაღსრულებაში წაიყვანა. ქალაქის სამმართველოში როცა დაინიშნა ბაღათურია, იქ გადაიყვანა. ჯოლოხავამ როგორც მითხრა, მელიქია თავისი ნათესავის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.
ჯოლოხავას გადმობირება მოხდა 2013 წელს. მაშინ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ის ამ სისტემაში ბანკიდან და ბიძინას სამყაროდან გადმოვიდა. ის ამ სისტემაში დილეტანტი იყო. მას პოლიციას ულაგებდა ბაღათურია.
– ასე ენდობოდა ბაღათურიას?
– ის ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია. აქედან გამომდინარე ულაგებდა ბაღათურია მაშინდელ შს მინისტრს პოლიციას. ალბათ არც ის არის შემთხვევითი რომ ჯოლოხავა, სწორედ ბაღათურიას კადრმა გადმოიბირა და მას ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემა დაევალა.
ამ სქემაში ჩართული იყო შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი მირზოევი, რომლის გვარი კორტების სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს. პოლიტიკური სპექტრის მხრიდან საქმეში იყვნენ ჩართული, ირმა ინაშვილი, თეა წულუკიანი, არჩილ კბილაშვილი. სულ ახლახანს ამოტივტივდა პროკურორ მაია მწარიაშვილის გვარი.
წავა თუ არა კვანძი უფრო შორს, ამას მომავალი გვაჩვენებს. ის გვარები რომლებიც ახლა ვახსენეთ ნამდვილად მონაწილეობდნენ ამ სქემაში. ადრეც გითხარით, რომ ჯოლოხავასთან დაკავშირებით განცხადებები აქვთ გაკეთებული წულუკიანსა და ინაშვილს. მათ მედიას მისცეს კომენტარი.
პროკურატურას შეუძლია იმ საშვის ამოღებაც, რომელიც იუსტიციის მინისტრმა დაუშვა ჯოლოხავაზე. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ასე მარტივად ვერ შევხვდებით თეა წულუკიანს. სამაგიეროდ მასთან ციხიდან 3 დღის გამოსული კაცი შედის.
ადრე მოგიყევით, რა ჩვენებების მიცემა დაევალა მას ბაჩო ახალაიას, დათო საყვარელიძის, გიგი კალანდაძის და სხვათა წინააღმდეგ. ჯოლოხავას მე ვკითხე, ეს სქემა წულუკიანის კაბინეტში ხომ არ დაიწერა. მან მითხრა, რომ წულუკიანამდე დალაგებული ამბავი მივიტანეთ, მაგრამ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს სქემა წულუკიანის მიერ იყო დალაგებული. თან ისე იყო დალაგებული, რომ უკვე დალაგებული მისულიყო იუსტიციის მინისტრთან.
ძალიან ჩახლართული ამბავია. ჯოლოხავა დეტალურად აღწერს ამ ყველაფერს თავის ჩვენებებში. ძალიან ბევრი ეპიზოდი დაგროვდა და ყველა ეპიზოდს ჰყავს თავისი გმირები.
ცრუ მოწმემ რაღაც დეტალებზე ტელეეთერებშიც ისაუბრა, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, მაგრამ ესენი იმასთან შედარებით არაფერია, რაზეც ჩვენებებში ლაპარაკობს. მისი ჩვენებები მთელ რიგ საკითხებში გადამოწმებადია. მე და თქვენ ამას ვერ გადავამოწმებთ, მაგრამ ამას შსს და პროკურატურა მარტივად გააკეთებს.
– შეგიძლიათ გვითხრათ, მის ჩვენებაში რა არის გადამოწმებადი?
– ის ხომ ჰყვება, რომ რაღაც დავალება მიიღო. სათანადო დოკუმენტაციაში აუცილებლად იქნება მითითებული, რომ აგენტმა მიიღო დავალება, რისთვისაც გაიცა კონკრეტული თანხა. შემდეგ ეს აგენტი საიდუმლო დოკუმენტზე ხელს აწერს. ოღონდ ხელს სახელით და გვარით კი არ აწერს, არამედ შერქმეული ფსევდონიმით.
ეს დოკუმენტები საზოგადოებისთვის არის საიდუმლო, მაგრამ არა პროკურატურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ასე რომ რასაც ეს ადამიანი ჩვენებაში ყვება, ყველაფერი დადასტურებადია.
ამ მონაყოლით, მე უბრალოდ შოკირებული ვარ. ბევრი რამე მსმენია, მაგრამ მსგავსი არაფერი. ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ გამუდმებით სისხლიან 9 წელზე მიდის საუბარი, მაგრამ ამ ჩვენებებში ისეთი რამეები წერია, რა 9 წელი, რის 9 წელი. კაცი ამბებს ყვება, შეიძლება გადაირიო.
– შეიძლება რამის მოყოლა?
– მაგალითად, პოლიციაში მას აძლევდნენ ნარკოტიკებს და ეუბნებოდნენ, რომ გაეყიდა. შემოსული თანხა ჯოლოხავას პოლიციაში მიჰქონდა. ეს ხომ საშინელებაა, მაგრამ სხვა დავალებებთან შედარებით არაფერია.
ერთ ამბავსაც მოგიყვებით, 2015 წელს რუსთავში მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი. სამართალდამცავებს ძალიან უნდოდათ საქმის გახსნა და ასეთი რამე მოიფიქრეს: ჯოლოხავა მიუგზავნეს მოკლულის მამას, რომელიც შვილის ამბავს ძალიან განიცდიდა. ამ ადამიანს შვილმკვდარი მამისთვის უნდა შთაეგონებინა რომ მას შური ეძია და შვილის მკვლელი მოეკლა. ჯოლოხავამ მის დარწმუნება მოახერხა, მაგრამ მოკლულის მამამ უთხრა, რითი მოვკლა, იარაღი არ მაქვსო. სამართალდამცავების დავალებით, იარაღი მას ჯოლოხავამ მიუტანა, ვითომ სადღაც უშოვა და მიჰყიდა. შვილმკვდარმა მამამ ამ იარაღში 600 დოლარი გადაიხადა. ცოტა ხანში ის იარაღის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
შვილმკვდარ მამას რომ ასეთ რამეს გაუკეთებ. რა ნამუსით უნდა ილაპარაკო იმ 9 წელზე. ასეთი და ამაზე უარესი ამბები მრავლად არის ჯოლოხავას ჩვენებებში. რომელსაც ახლა სახელმწიფო იცავს, მაგრამ მისი სიცოცხლე მაინც საფრთხეშია.
– ჯოლოხავამ საგამოძიებო უწყებას პირველი ჩვენება 12 მარტს მისცა და მოწმეთა სახელმწიფო დაცვის პროგრამაში ჩასმას ითხოვდა. მთავარი პროკურატურისგან უარი მიიღეთ, მაგრამ დღის ბოლოს ქალაქის პროკურატურამ დაგიბარათ დაკითხვაზე, სადაც გაირკვა, რომ ჯოლოხავას დაცვა დაუნიშნეს. თქვენი აზრით, თავიდან რატომ თქვეს უარი და მერე რატომ დათანხმდნენ?
– მთავარ პროკურატურაში მისი დაკითხვა 8 საათს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ დაცვის გამოყოფაზე უარი ეთქვა. მოწმეთა დაცვის პროგრამა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამიტომაც ხშირად არ სვამენ მოწმეებს ამ პროგრამაში.
– ჯოლოხავას შემთხვევაშიც ამის გამო შეიკავეს თავი?
– ერთ-ერთი მიზეზი ესაც იქნებოდა. მთავარი პროკურატურიდან ჩვენ მივედით სახალხო დამცველის ოფისში. სადაც აღარავინ აღარ დაგვხვდა. იმ შემთხვევაში, თუ დაცვას არ დაუნიშნავდნენ, მას სახალხო დამცველის ოფისში ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი. სხვაგან მას წასასვლელი არ ჰქონდა, ყველგან საფრთხე ემუქრებოდა.
ომბუდსმენის ოფისში გვითხრეს, რომ მსგავსი რამე მათ პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩვენ უარი ვთქვით ტერიტორიის დატოვებაზე. იქ მყოფი პირები დაუკავშირდნენ ომბუდსმენს. რომელმაც ალბათ პროკურატურაში დარეკა, წივილ-კივილი ატეხა. ღამის 11 საათზე დაგვირეკეს საქალაქო სასამართლოდან, სადაც მოწმემ 4 საათიანი ჩვენება მისცა. იქვე გვითხრეს, რომ ჯოლოხავა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართეს. პროკურატურიდან ის დაცვამ გაიყვანა. ცხოვრობს კონსპირაციულ ბინაში.
ახლა მის სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე მთელი პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფოს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გოდერძი ჯოლოხავა ძალიან ბევრ ბინძურ საქმეში გამხელთ და კონკრეტულად თქვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის, მათ შორის ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირებს ადებს ხელს! თუ ჯოლოხავას რაიმე მოუვიდა, მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა