“ჩემი შვილის სისხლს არავის შევარჩენ, ჩემებურად მოვიქცევი…”- მაჩალიკაშვილის მამა მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

"ჩემი შვილის სისხლს არავის შევარჩენ, ჩემებურად მოვიქცევი..."- მაჩალიკაშვილის მამა მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავსდუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ„პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკვეთებს ასრულებენ და იმ მტკიცებულებებს ანადგურებენ, რომლებიც თემირლანის უდანაშაულობას ადასტურებს“.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ხელყუმბარა, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებად იდო განადგურებულია.

მაჩალიკაშვილები მთავარი პროკურორის მოქმედებებითაც უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ ირაკლი შოთაძის პირობის მიუხედავად, არც ერთზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილის მამა, პირობას დებს, იბრძოლებს იმისთვის, რომ მისი „შვილის სიკვდილი არავის შერჩეს“.

“მე რომც გავტყდე, ხეობა არ გატყდება, ნახევარი საქართველო არ გატყდება, ამას არავის შევარჩენ!”, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

19 წლის მოკლული ახალგაზრდის ჭირუსუფალის მოთხოვნა უცვლელია: “გომელაურის სტრუქტურა, დამკვეთიც, შემსრულებელიც ყველა სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ“.

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილის მამამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ უკვე გაეცნო ორგანიზაცია EMC- ის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის პირველად შედეგებს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ რამდენიმე მიმართულებით ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს ეჭვქვეშ აყენებს.

„გამოძების ხსენებაც არ მინდა… უნდობლობას ვუცხადებ, მთავრობას, ხელისუფლებას, პროკურატურას და მთავარ დამნაშავეს სუს-ს. მათი დამოუკიდებლობა არის ნული. გომელაური, გოგაშვილი და სხვვები ყველანი დამნაშავეები არიან. მათი გადადგომა და უმკაცრესად დასჯა არაერთხელ მოვითხოვე, თუმცა ისინი ყველანაირად ცდილობენ თემირლანი დამნაშავედ გამოიყვანონ, რომ თავები გადაირჩინონ. სასამართლოც იმიტომ დაიწყო, რომ დრო გაწელონ, იქნებ ამასობაში ვიღაც შეაცდინონ, შეაშინონ და თემირლანის წინააღმდეგ რაღაც ათქმევინონ და ტყუილი დააწერინონ. სწორედ ამას ემსახურება ეს სიბინძურე, ეს ბინძური თამაში სწორედ ამიტომ წამოიწყეს“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ დუსში ბრალდების მხარე, ისეთ ადამიანს ვერ იპოვის, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.

„მთელი ხეობა ერთმუშტადაა შეკრული, ისინი უდანაშაულო თემირალანის მკვლელობას არავის აპატიებენ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილის უდანაშაულობა დავამტკიცო და სტრასბურგის სასამართლოში წავიდე. თუ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ დამამარცხა, მე ჩემს ზომებს მივიღებ, ჩემებურად მოვიქცევი. მე თუ „მომასვენეს“ ჩემს ზურგს უკან ხალხი დგას, თემირლანის სისხლი არავის შერჩება. იმათ, ვინც სიტყვით და საქმით მოკლა ჩემი შვილი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“– თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭის მამა, სისხლიან ღამეს იხსენებს და დარწუნებულია, რომ თემირლანს ხელყუმბარა „ჩაუდეს“.

„ხელყუმბარა, რომელიც გაანადგურეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო ერთადერთი ნივთმტკიცება, როცა იმ საზარელ დღეს მანახეს. თემირლანის ოთახში შემიყვანეს, ეგრევე მითხრეს – წინააღმდეგობა გაგვიწია და ამიტოომ ვესროლეთო. მთელი ოთახი, საწოლი, ტელეფონი, ყურსასმენი სისხლში იყო ამოსვრილი, მხოლოდ ხელყუმბარა იყო სუფთა. ეგრევე გამოჩნდა ეს კითხვა – თქვე ნაძირლებო თქვენ საქმის კეთებაც არ იცით და არც გაფუჭებათქო. აღნიშნული ხელყუმბარა, სუს-მა მიიტანა და მანვე ააფეთქა. თურმე ხელყუმბარაზე სისხლის არარსებობა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა ირაკლი შოთაძისთვის, ამ უკანასკნელი ადამიანისთვის… ესენი ყველანი სუს-ის „პეშკები“ არიან და მასთან ერთად თამაშობენ ამ ბინძურ თამაშს“- დასძინა მაჩალკაშვილმა.

დუსიის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ვახტანგ გომელაურის დასჯის მოთხოვნით აქციები უახლოეს პერიოდში გაიმართბა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მიმდინარე წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დუისში, მაჩალიკაშვილების სახლში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა 26 დეკემბერს ჩაატარეს.

ნიუპოსტი