დოდო გუგეშაშვილი – ”მკვლელმა ლიფტში სელფის გადაღება მთხოვა” – მკვლელობის ახალი დეტალები

დოდო გუგეშაშვილი - ”მკვლელმა ლიფტში სელფის გადაღება მთხოვა” - მკვლელობის ახალი დეტალებითადარიგის ვიცეპოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან 48-ე დღეს ,,ნიუპოსტთან“ შვილის მკვლელთან დაკავშირებით დეტალებს იხსენებს. გუგეშაშვილი ამბობს, რომ მკვლელს რამდენიმე დღით ადრე სელფის გადაღებაზე უარი უთხრა, მისივე ვარაუდით, მკვლელი შესაბამის მომენტს ელოდა, რომ დედა-შვილი ერთად მოეკლა.

– მკვლელობამდე ეს არაკაცი 5 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, ჩემმა ვაჟმა დამირეკა და მითხრა, მოსულია და გელოდებაო. ნოდარს ვუთხარი, რომ ღამის 2 საათამდე სახლში ვერ მივიდოდი და მომდევნო დღეს დავიბარე.შეთანხმებისამებრ მეორე დღეს დილით მოვიდა, თუმცა ჩაფიძის კლინიკაში, მეგობარი უნდა დამეწვინა, ამიტომ საუბარი ვერ მოვახერხეთ, სახლიდანაც ერთად გავედით. ლიფტში მთხოვა „სელფის“ გადაღება, რაზეც უარი ვუთხარი, ამის შემდეგ რომელიღაც სართულზე გააჩერა – ხელთათმანი დამრჩა შენთან, ავბრუნდები და წამოვიღებო. მაშინაც მარტო იყო ნოდარი და კარგად იციდა რომ ეძინა. ვფიქრობ, პირველ სართულზე იმიტომ არ ჩამომყვა, რომ ეშინოდა ჩემს მეგობარს არ დაენახა, რომელიც სადარბაზოში უკვე მელოდებოდა.

7-ში ძალიან ადრე მოვიდა, მისი შემოსვლიდან დაახლოებით 2 წუთში ელექტროენერგია გაითიშა. დერეფანში ორჯერ გავედი, მეგონა ჩამიჭრეს, რადგან თანხის ნაწილი მქონდა გადახდილი, მერე გამახსენდა რომ გადახდის დრო მომდევნოი დღეს, 8 თებერვალს მეწურებოდა, სწორედ ამის შესამოწმებლად გავედი ჩემს საძინებელში. როგორც კი გამოვედი საძინებლიდან, სამზარეულოს კარებთან იდგა იარაღით ხელში და მაშინვე გულში მესროლა. წამიერად თვალს დამიბნელდა, თუმცა გონება არ დამიკარგავს, გარეთ გავვარდი და ყვირილი დავიწყე: სახლში მკვლელიათქო. სახლში შებრუნებულს ნოდარი სამზარეულოს იატაკზე იწვა, ეტყობა წააქცია, ეს არაკაცი თავზე იარაღით ედგა. ბავშვი როგორც ჩანს, გასროლის ხმაზე გამოვარდა. მისთვის დამიზნებული პირველი ტყვიაც არ გავარდა. პირადად მე სკამის საშუალებით მოვაშორე მკვლელი ჩემს ვაჟს და ისევ გარეთ გავვარდი, ვიფიქრე, მე გამომყვება, რადგან ისევ ცოცხალი ვიყავი, თუმცა არ გამომყოლია. როგორც ადგილზე ნანახი სურათიდან ირკვევა, ამის შემდეგ ნაომრები არიან მისაღებ ოთახში. სულ სამად-სამი ტვიაა გასროლილი. ერთი: რომელიც მე მესროლა, მეორე: ეტყობა ჩემი შვილი ხელს უჭერდა და სხვა მიმართულებით, იატაკშია ნასროლი, და მესამე, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა – ტყვია მარჯვენა მხარეს აქვს გავლილი ფილტვით და საძილე არტერიით…შემდეგ არის ჩემი ვაჟი თავის საძინებელში შევარდნილი, სადაც გაფორმებული „ვინჩესტერი“ ჰქონდა, თუმცა მისი გადმოღებაც კი ვერ მოასწრო, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.