გიორგი აბაშიშვილი ავსტრიაში მსხვილი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

გიორგი აბაშიშვილი ავსტრიაში მსხვილი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ორი უმსხვილესი ბიზნესკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობით არიან დაინტერესებულნი.

გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და საქართველოში მოიწვია.

ევროპაში უმსხვილესი HR კომპანიის Trenkwalder აღმასრულებელ დირექტორთან ოქტაი ერკიაზთან შეხვედრისას გამოითქვა სურვილი, IT და სამედიცინო მიმართულების ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტების ევროპაში დასაქმებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში კი, იგეგმება მისი ვიზიტი საქართველოში და ვითარების ადგილზე შესწავლა.

გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრისას კომპანიის Arthur D. Little Austria GmbH პრეზიდენტმა ანდრეას რუდამ და ამავე კომპანიის მენეჯერმა ალექსიოს სებტმა გამოთქვეს დაინტერესება საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

გიორგი აბაშიშვილის შეხვედრებს ავსტრიაში ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ტაბატაძე და ავსტრიის ეკონომიკური პალატის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კონსტანტინ ბეკოსი.