კახა მიქაია – “ივანიშვილი “ოცნებას” გააფარჩაკებს და მას ბოკერიას გუნდით ჩაანაცვლებს”

კახა მიქაია - "ივანიშვილი "ოცნებას" გააფარჩაკებს და მას ბოკერიას გუნდით ჩაანაცვლებს"ელოდება თუ არა საქართველოს თხილის და სიმინდის რევოლუცია, რატომ გაიზიარებს “ქართული ოცნება” ნაციონალების ბედს, რა ექსპერიმენტებს ატარებს ივანიშვილი, რატომ აკეთებენ სულელურ განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.
– თქვენთან ბოლო პერიოდში სულ ფაროსანაზე გვიწევს საუბარი და ახლაც მასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მორიგი სასწაული შემოგვთავაზა და თქვა, რომ ფაროსანა პროტეინების წყაროა.
– მანამდე გვითხრა, ჩვეულებრივი მწერიაო. ახლა ამბობს, ფაროსანა პროტეინის წყაროა და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმა, ინდაურებმა. ისიც დაამატა, რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნს, ეს ინდივიდუალური აღქმის საგანიაო.
– ეს ფაროსანა თუ პროტეინების წყაროა, მასთან საბრძოლველად რატომ გამოყვეს 50 მილიონი?
– რა ვიცი, ეგ მინისტრს უნდა ჰკითხოთ და პასუხად მორიგ სისულელეს მივიღებთ. სისულელეები ისედაც არ აკლია მაგას, რანაირად შეიძლება იმის თქმა, ფაროსანა პროტეინების წყაროაო.
ხედავთ, ფაროსანას დაგემოვნების და ორგანიზმის პროტეინებით გამდიდრების რა ორიგინალური მეთოდი შემოგვთავაზა მშობლიურმა ხელისუფლებამ?! თანაც, ფაროსანადაგემოვნებულ ქათმის ან ინდაურის ხორცს რომ მივირთმევთ, ჩვენი ორგანიზმის ინდივიდუალურობასაც მარტივად დავადგენთ და მოსალოდნელი რისკების პრევენციასაც შეძლებისდაგვარად განვახორციელებთ.
რისკები გაინტერესებთ? კი ბატონო, უბრალოდ, შეიძლება დაგვემართოს ფაღარათი. ერთი სიტყვით, სანამ ჩვენ თავზე ვიგემებდეთ ფაროსანას დაგემოვნების ორიგინალური მეთოდის შედეგებს, უმჯობესი იქნება, ეს პროცედურა ჯერ ხელისუფლებამ საკუთარ თავზე გამოსცადოს.
თუ ხელისუფლებას კუჭი აეშალა, მაშინ ჩვენი ტ….წიანი ხელისუფლებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩვენს რიგებშიც აღმოჩნდებიან მისი გულმხურვალე მხარდამჭერები და ხელისუფლებას ამ გასაჭირის ჟამს მარტო არ დატოვებენ… ნებაყოფლობით გაიზიარებენ მის ბედს.
– თქვენი აზრით, რატომ აკეთებს ხელისუფლება ასეთ განცხადებებს? ხალხს ეღადავებიან?
– წარმოდგენა არა აქვთ არაფერზე და მაგიტომ. საღადაოები თავად არიან. ყოველი მათი განცხადება საშინელებაა.
– ხელისუფლებამ მავნებელთან საბრძოლველად საინფორმაციო ომის წარმოება გადაწყვიტა და ამისთვის 1.200.000 ლარი გამოყო. ამაზე რას იტყვით?
– საინფორმაციო ომი ფაროსანას მოგებული აქვს. ყველას მისი სახელი აკერია პირზე. კარგად დაიმკვიდრა ადგილი და ეუბნება ხელისუფლებას, მოდით და დამბრიდეთო. მათ კი განცხადებების გაკეთების მეტი არაფერი შეუძლიათ. აკეთებენ სულელურ განცხადებებს. შესაძლოა, ეს არის საინფორმაციო ომი – უნდათ, რომ მავნებელი სიცილით მოკლან.
– სულ ცოტა ხნის წინ ხალხი მეოცნებეთა არაადეკვატურ განცხადებებზე ბრაზდებოდა. ახლა კი ხალხი იცინის. როგორც ამბობენ, როცა ხალხი მთავრობას დასცინის, ეს უკვე მის დასასრულს ნიშნავს. ხალხის ეს სიცილი მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ საოცნებო ხელისუფლება მოღვაწეობას ასრულებს?
– ვიდრე მაგათ მომავალზე გეტყოდეთ, ხალხის მდგომარეობაზე მოგახსენებთ. მოსახლეობა კი დასცინის ხელისუფლებას, მაგრამ თავად ძალიან მძიმე დღეშია. არაერთხელ გითხარით, რომ სამეგრელოსა და გურიაში მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყარო თხილი და სიმინდია. მავნებელმა ერთიც გაანადგურა და მეორეც. წელს კიდევ უფრო მძიმედ იქნება საქმე. ხალხი ფაქტობრივად მშიერი რჩება.
ერთი ჩემი ნაცნობი სეზონზე 5 ტონა თხილს კრეფდა. გასულ წელს ფაროსანამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა და მხოლოდ 250 კილოგრამი თხილი დაკრიფეს. ეს თხილი ჩააბარა და ის თანხა, რაც აიღო, მუშებს გადაუხადა. თავად მშიერი დარჩა. ასეთ დღეშია ძალიან ბევრი ოჯახი.
ხალხი გამწარებულია და მშიერი. მშიერ ხალხს კი ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც “ქართული ოცნება” ვერ წარმოიდგენს. ზევით იმას ვამბობდით, რომ ხალხი უკვე იცინის. ეს სიცილი “ოცნებისთვის” ძალიან ცუდად დასრულდება. მათ სასაცილოდ აღარ ექნებათ საქმე. რატომღაც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს ხელს უწყობს.
– რა პროცესს უწყობს ხელს ივანიშვილი?
– იმას, რომ “ოცნების” ლიდერებმა რაც შეიძლება მეტი სისულელე თქვან და გააკეთონ.
– არის მოსაზრება, რომ ის მათი ქმედებების შესახებ საქმის კურსში ბოლომდე არ არის.
– გამორიცხულია. რაღაც პატარა ამბები შეიძლება არ იცის, მაგრამ ძირითადი ყველაფერი კარგად იცის. დარწმუნებული ვარ, ის შეგნებულად არჩევს ისეთ ხალხს, ვისაც სისულელეების კეთებისკენ აქვს მიდრეკილება.
– ასეთი ხალხი რაში სჭირდება?
– მათ გარემოცვაში თავს კარგად გრძნობს. ამ ადამიანებზე კაიფობს და ექსპერიმენტს ატარებს. მას მოსწონს ეს პროცესი.
– ექსპერიმენტს ატარებსო და ის არ აწუხებს, ყველა მას რომ აგინებს?
– ეტყობა, არ აწუხებს. მას ალბათ “ოცნების” ჩაძირვა სურს და ამიტომ მიუშვა ესენი თავის ნებაზე. ისინიც ჭაობის ფსკერზე არიან უკვე.
– ლიდერს არ ეშინია, რომ ფსკერზე მყოფი “ოცნება” მასაც ჩაითრევს?
– არ ეშინია. ივანიშვილი არაა ის ადამიანი, ვიღაცას ფსკერზე ჩაეთრევინოს. მითუმეტეს მის მიერ შექმნილ გუნდს. ის მაქსიმალურად ცდილობს ამ ძალის გასვრას და როცა ხალხს ყელში ამოუვა “ოცნება”, მხსნელად მოგვევლინება და ახალ პარტიას შექმნის.
– თქვენი აზრით, ამიტომ არის ახლა ჩუმად ივანიშვილი?
– შეიძლება ახლა კაიფობს ამათზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალი გუნდის ფორმირებაზე მუშაობს, ძველს კი სრულად აფარჩაკებს.
– რომელი ძალით შეიძლება ჩაანაცვლოს “ქართული ოცნება”?
– ბოკერიას გუნდით. იტყვის ბიძინა და ხალხს შეუყვარდება ბოკერია.
– ასე იოლი იქნება ბოკერიას შეყვარება?
– სადაც ფაროსანაზე გვითხრეს, პროტეინების წყაროაო, იქ იმაში ვერ დაგვაჯერებენ, რომ ბოკერია დემოკრატიის წყაროა?! ხალხიც დაიჯერებს, ცოტა ბოკერიასმაგვარია “ოცნებაში”?
მინდა გავახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ივანიშვილი წლების მანძილზე კვებავდა ნაციონალურ მოძრაობას. მერე ეს ყელში ამოუვიდა და ახალი გუნდის შექმნა გადაწყვიტა. მანამდე ყოფილი ხელისუფლება სრულად გააფარჩაკა. ახლაც იგივეს აკეთებს – ის საქართველოზე ექსპერიმენტების ჩატარებას განაგრძობს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა