კონსტანტინე გამსახურდია – “ნატოსკენ სვლა თავად რუსეთმა გვაიძულა”

კონსტანტინე გამსახურდია - "ნატოსკენ სვლა თავად რუსეთმა გვაიძულა"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ დაწყებულ ხელმოწერებზე საუბრობს.
– ბატონო კონსტანტინე, ანალიტიკოს ლუკ კოფის იდეას, ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, საუბარია მე-5 მუხლის შეჩერებაზე, ჩვენთან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. გაწევრიანების საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს. რატომ, როგორ ფიქრობთ?
– ზოგადად ორი სხვადასხვა მოსაზრების არსებობა ერთი მხრივ ნორმალურია, მაგრამ დღეს, ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, როდესაც ათასობით ადამიანია რუსეთის რეგულარული არმიის მიერ დახვრეტილი და ათასობით ადამიანია საკუთარი სახლიდან, საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნილი, აქ შეუძლებელია ორი აზრი არსებობდეს და ეს ნორმალური იყოს.
ისინი, ვინც ნატოში თუნდაც ამ გზით გაწევრიანების პერსპექტივებზე ახმაურდნენ, არიან “სავოკები”. “სავოკი” არის ადამიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც საბჭოთა კავშირს მისტირის და რუსეთის ფედერაციას, როგორც მის შემცვლელს, იმედით აღვსილი შესციცინებს. ეს ადამიანები ხარობენ, როდესაც წაიკითხავენ ინფორმაციას, მაგალითად, ახალ რუსულ ატომურ იარაღზე ან მის თითქოს წარმატებულ გამოცდაზე. ამ “სავოკებს” ჩვენი ქვეყანა დიდი ხნის წინ ექნებოდათ ნანგრევებად ქცეული, რომ არა საერთაშორისო მასშტაბის შემაკავებელი სამხედრო-პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ ნატოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. 200 წლიანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის ფონზე, შეუძლებელია, ამ საკითხზე კიდევ არსებობდეს შიდა დაპირისპირება.
– ფაქტია, რომ არსებობს.
– დიახ და ეს სრულიად გამაოგნებელია. რასაკვირველია, მსგავსი დაპირისპირება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ არა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შავზე ამბობენ, რომ თეთრია. ჩვენი, უახლესი ისტორია სხვა არაფერია თუ არა ეს საშინელება, ყოვლად ამაზრზენი.
ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ძალიან შორს არის წასული, მე გეუბნებით თავად ნატოს ექსპერტების აზრს. პროფესორი ჯემი ში, რომელიც ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონერია ამბობს, რომ ჩემს კოლეგებს ბრიუსელზე ხშირად თბილისში ვხვდებიო. ეს არის ის ერთადერთი სწორი გზა, საიდანაც გადახვევა ყოვლად წარმოუდგენელია. ეს გადაწყვეტილება თავად ქართველ ხალხს აქვს მიღებული და გადახვევა არ მოხდება!
ვიღაც მეტყვის: და რას მოგვიტანს ნატო, ყურისძირში გვაქვს საფრთხე. მათ მინდა ვუთხრა, რომ ეს საფრთხე იქნება მანამდე, სანამ ნატო არ იქნება საქართველოში. ჯერ იყო რუსული საფრთხე და ამას მოჰყვა ნატო. ხომ უნდა გვახსოვდეს ისტორია, რატომ დავიწყეთ ნატოსკენ ყურება? იმიტომ, რომ რუსულ საფრთხეს თვალებში ჩავხედეთ, მწარედ ვიგემეთ და სხვა გზა აღარ დაგვრჩა. თავად რუსეთმა გვაიძულა, თავისი დაუნდობელი, ჩამყლაპავი პოლიტიკით, რომ თავდაცვის მექანიზმები გვეძია. თანამედროვე სამყაროში ნატოზე უსაფრთხო თავდაცვითი მექანიზმი არ არსებობს.
პუტინი გამოდის და ამბობს, რომ მათი საფრთხე არის ჩამორჩენილობა და იქვე მართავს ულტრათანამედროვე რაკეტის ამსახველი კლიპის პრეზენტაციას. კი მაგრამ ჩამორჩენილობის პარალელურად როგორ შექმნეს ძლიერი ტექნოლოგიები, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი რაკეტა?! ავტომანქანა, მობილური და ლეპტოპი ვერ გამოუშვია და თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე რაკეტა როგორ შექმნა?! ამაზე პენტაგონის რეაქცია ძალიან თავშეკავებული იყო.
– ბატონო კონსტანტინე, ხელმომწერების რომ დავუბრუნდეთ, ხელმომწერების განგაშს თითქოს მე-5 მუხლის შეჩერება იწვევს.
– არა მგონია, ეს იყოს რეალური მიზეზი. რატომ ავიწყდება ყველას საქართველო და მისი ინტერესები. დღეს ჩვენი ინტერესები ძალიან შორს არის რუსეთისგან, რუსეთი ნომერ პირველი საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ცხადია, მე მირჩევნია, რომ აფხაზეთით და სამაჩაბლოთი შევიდეთ ნატოში, მაგრამ ოკუპირებული რომ აქვს რუსეთს?! რა გავაკეთოთ, საერთოდ არ გადავდგათ ნაბიჯი არსაით?! ახლა გავწევრიანდეთ მე-5 მუხლის შეჩერებით და შემდეგ იქნებ აფხაზებმა და ოსებმა მოინდომონ კიდეც ნატოს წევრ სახელმწიფოში გაწევრიანება ჩვენ ხომ ეს წინასწარ არ ვიცით?!
იმ ნაწილს მინდა მივმართო, ვინც გვამუნათებს, რომ ჩვენ საქართველოს იმ ნაწილს ვთმობთ, რომელიც მავთულხლართების მიღმაა მოქცეული რუსეთის მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანის პირველმა კანცლერმა, შორსმჭვრეტელმა კონრად ადენაუერმა, როდესაც მას შესთავზეს გერმანიის გაერთიანება, მან უპასუხა: მე მირჩევნია ნახევარი გერმანია მთლიანად, ვიდრე მთელი გერმანია სანახევროდ. დღეს გერმანია ერთიანი სახელმწიფოა. ამით იმის თქმა მინდა, რომ დაცულ საქართველოს, წინ წასულ საქართველოს ბევრად მეტი პერსპექტივა აქვს, რომ გაერთიანდეს, ვიდრე ამ პირობებში, რომელშიც დღეს ვართ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა