მამუკა გამყრელიძე – “ევროპული საქართველო” ხელისუფლების თამაშს თამაშობს”

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები მზადებას იწყებენ. კულუარულად კანდიდატებიც სახელდება. საუბარია იმის თაობაზეც, რომ “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იქნება. რას იტყვით თქვენ?
– შეიძლება ქალიც იყოს პრეზიდენტი. რატომაც არა, ეს საინტერესო იქნება და სრულიად მისაღები იქნება დასავლეთისთვისაც. ეს ერთგვარი რევერანსი იქნება იმ ტრენდისა, რომელიც ახლა დასავლეთშია. ამიტომ მე მივესალმები გადაწყვეტილებას, თუ ქალი პრეზიდენტი გვეყოლება.
– ოპოზიციის კანდიდატზე რას იტყვით?
– ამ პროცესში ჩემთვის მთავარია ოპოზიციონერი კანდიდატი. იქნება თუ არა ერთობლივი ოპოზიციონერი კანდიდატი.
– ბოლო დღეებია მიხეილ სააკაშვილი აქტიურობს, 2018 წელს არჩევნებს მოვიგებთო. ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს. რა შანსები აქვს ოპოზიციას?
– მე რა უფლება მაქვს, სააკაშვილს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ მის ადგილზე ცოტა გავუფრთხილდებოდი ასეთი განცხადებების გაკეთებას. ცოტა გადაჭარბებულია, რომ ჩვენ მოვალთ, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც სხვა ოპოზიციური ძალა ხელისუფლებს ვერ დაამარცხებს.
– ოპოზიციის გაერთიანება შესაძლებელია?
– ალბათ გაერთიანებაც არ მოხდება, რადგან ჩვენ უკვე ვხედავთ ძალიან ღიად “ევროპული საქართველოს” პოზიციებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გაერთიანდება სხვა ოპოზიციურ ძალებთან. პირიქით, ისინი მომხრე არიან, რომ დაშლილი იყოს ოპოზიცია. დღეს ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხერხდება.
– გაკეთდა მინიშნებები, რომ “ევროპული საქართველო” ივანიშვილის სატელიტი პარტიაა, იქნებ ამიტომ არ უნდათ მათ ოპოზიციის გაერთიანება?
– მე არ მაქვს არავითარი ფაქტობრივი საფუძველი, რათა დავადანაშაულო რომელიმე ოპოზიციური პარტია ივანიშვილის რეჟიმზე მიყიდვაში. მათ შორის “ევროპული საქართველოც”, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიზიარებ მათ პოზიციას. მიმაჩნია, რომ მათი სტრატეგია – მაქსიმალურად გაიშალონ ოპოზიციური პარტიები და სახელისუფლო კანდიდატს ბრძოლა მეორე ტურში გაუმართონ, მინიმუმ მცდარია. ხელისუფლებისთვის ბრძოლა მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებით არის შესაძლებელი. მეორე ტურზე აპელირება მიმაჩნია თვალთმაქცობად. როგორც ჩანს, “ევროპული საქართველო” არ აპირებს ხელისუფლებისათვის ბრძოლას და მხოლოდ მთავარი ოპოზიციონერის სახელით დაკმაყოფილდება. ასეთი მინიმალისტური სტრატეგია მოდის ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებთან ზუსტ თანხვედრაში.
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ საჭიროა ოპოზიციური ერთიანი კანდიდატი?
– დიახ, ასეა და ეს უნდა ესმოდეს ოპოზიციას, რომ ცალკე აღებული ვერც ერთი პარტია ვერ მოუგებს ამ ხელისუფლებას და ჩვენ მივიღებთ ისევ იმას, რაც გვაქვს. ამ არჩევნებშიც გაიმარჯვებს ხელისუფლება.
– და როდემე გაგრძელდება “ოცნების” გამარჯვებები?
– ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც მოდის 90-იანი წლებიდან, უნდა წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ. ყველა ეს ადამიანი, მათი 90%, მათ შორის მეც, ვართ საბჭოთა კავშირის პროდუქტი, დაკომპლექსებული ადამიანები ვართ ამ საბჭოთა წყობილებით. უნდა მოვიდეს სრულიდ პრაგმატული, ახალგაზრდა თაობა. თუმცა ჯერ ამისთვის საჭიროა, შეიქმნას საზოგადოებრივი ფუნდამენტი. თუ არ იქნება ფუნდამენტი, ვერაფერს ავაშენებთ.
– ამ ყველაფერს დიდი დრო დაჭირდება.
– შეიძლება დაჭირდეს 10 წელი, ან 20, მაგრამ ფუნდამენტის გარეშე სახლი არ შენდება! სამოქალაქო საზოგადოება თუ არ იქნება, პოლიტიკური კლასი იქნება მახინჯი, იქნებიან კვაზი პოლიტიკოსები და ისინი აუცილებლად იმოქმედებენ საკუთარი ინტერესებით და არა – სახელმწიფო ინტერესებიდან.
როდესაც ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების და მოთხოვნების გამტარებელი იქნება მასზე აღმოცენებული პოლიტიკური კლასი, აი, მაშინ იქნება ჯანსაღი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში.
– “ოცნების” კანდიდატს ივანიშვილი დაასახელებს?
– აქამდე ასე ხდებოდა და ალბათ ისევ ასე იქნება. გეტყვით იმასაც, რომ აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება “ოცნების” კანდიდატი. ერთადერთი საინტერესო იქნება, თავად ბიძინა ივანიშვილი თუ გახდება პრეზიდენტი.
– რატომ?
– ეს პოლიტიკური პროცესს აუცილებლად გააჯანსაღებდა საქართველოში. ამით დამთავრდებოდა არაფორმალური მმართველობა. კარგი იქნება, ივანიშვილი თუ გამოვა ჩრდილიდან. თუმცა, როგორც მე ვხედავ, მას კულისებიდან გამოსვლა არ უნდა და ამით ძალიან ცუდ როლს თამაშობს საქართველოს პოლიტიკური განვითარებისთვის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018