მეუფე გრიგოლი – ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი“

მეუფე გრიგოლი - ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი“ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი და მამა კახაბერი შეხვდნენ.„მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. ის გარემოებათა მსხვერპლია“- უთხრა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.

სასულიერო პირის განცხადებით, „დეკანოზი მამალაძის ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს.

– ბუნებრივია, რომ სურვილი გამიჩნდა შევხვედროდი და პირადად მომესმინა მისგან ის, რისი თქმაც სურს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატიმრის მონახულება – ეს ძალიან კეთილი საქმეა. რაც შეეხება საუბრის თემას, ეს არის სასულიერო პირსა და მორწმუნე ადამიანს შორის საუბარი, რომელიც დაცულია და პირადად მას რაიმე განცხადების გაკეთება არ უთხოვია. შესაბამისად, იმ საუბრის გამჟღავნება, რომელიც ჩვენს შორის შედგა, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე მსჯავრდებულის ზიარების საკითხი, რაზეც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა თქვა, რომ ამ საკითხში ჩართული არ არის, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „სასურველია, რომ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს, მიეცეს ზიარების საშუალება“.

მეუფე გრიგოლს იმედი აქვს, რომ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ჭეშმარიტება დადგინდება.

– იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხში დროთა განმავლობაში მეტი ნათელი შემოვა. მე ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია იგი მხოლოდ ერთ–ერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, მაშინ რატომ იმყოფება საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ეს ჩემი კითხვებია, არ გაფანტულა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ იგი დამნაშავეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მსხვერპლი, -განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ნიუპოსტი