,,მკვლელის ფეხებთან იყო ჩემი შვილი… მკვლელი ცდილობდა, რომ თავში ესროლა…” – დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობის დეტალებს იხსენებს

,,მკვლელის ფეხებთან იყო ჩემი შვილი… მკვლელი ცდილობდა, რომ თავში ესროლა…” – დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობის დეტალებს იხსენებს7 თებერვალს თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს, საკუთარ სახლში ერთადერთი შვილი,  ნოდარ გუგეშაშვილი მოუკლეს, თავად კი მძიმედ დაჭრეს. მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. დოდო გუგეშაშვილი საქმის მთავარი მოწმეა.  ის მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული და კონსპირაციულად,  დაცვის თანხლებით გადაადგილდება.

დოდო გუგეშაშვილი ,,პირველი არხის” ჟურნალისტთან დეტალურად იხსენებს ტრაგიკულ 7 თებერვალს და ამბობს, რომ მისმა შვილმა მკვლელს წინააღმდეგობა გაუწია. დედის ყვირილის შემდეგ ნოდარი შევარდა სამზარეულოში და ცდილობდა თავადამსხმელის მოგერიებას.

– მკვლელის ფეხებთან იყო ჩემი შვილი, ანუ იატაკზე გაზსა და კედელს შორის კეფით. მკვლელი ცდილობდა, რომ თავში ესროლა. მე ეს როდესაც დავინახე, სკამით მოვაშორე, – ყვება დოდო გუგეშაშვილი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ  სახლი დატოვა, რომ მკვლელი მას გაჰყოლოდა.

შვილმკვდარი დედა გამოძიების მასალებს, ფოტოსურათებს გაეცნო, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა და გამომძიებელმა უთხრეს, რომ  არ ენახა, რადგან ეს მისთვის ძალიან მძიმე იქნებოდა.

– სახლში იყო ჩემი ვაჟის გაფორმებული ,,ვინჩესტერი”. როდესაც ჩემს ვაჟს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ჩემი ვაჟი ისევ არის შევარდნილი თავის საძინებელში და ნახევრად ამოღებული აქვს ვინჩესტერი ჩასადებიდან, ვინაიდან ტყვიები ცალკე ედო…  და იქვე აღესრულა…

მე უნდა მენახა…  მე ყველაფერი უნდა ვიცოდე ჩემი შვილის ამქვეყნად ბოლო წამების შესახებ, – ამბობს დოდო გუგეშაშვილი.

შეიქმნა მკვლელის ფოტორობოტები, რომლებიც გამოძიებას მისი ვინაობის დადგენაში დაეხმარება.

სარკენიუსი