“ჭორს ავრცელებენ, რომ პატრიარქის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება იგეგმება”

"ჭორს ავრცელებენ, რომ პატრიარქის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება იგეგმება"საქართველოს საპატრიარქოში დიდი ამბებია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში, ადვოკატის რანგში მოინახულა. თქვა, რომ დეკანოზისგან სკანდალური ინფორმაციები მოისმინა და მალე ამაზე საჯაროდ ილაპარაკებს.

15 მარტს საღამოს ნიკა გვარამია უკვე საქართველოს პატრიარქს შეხვდა. შეხვედრა ილია II-ის თხოვნით გაიმართა. საპატრიარქო ამ შეხვედრაზე კომენტარს არ აკეთებს. გვარამია შეხვედრას ადასტურებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციებს არ ფლობს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა. სამაგიეროდ იცის, ვინ დგას საპატრიარქოს სახელით გავრცელებული განცხადების უკან. იცის იმ ვითომდა კომპრომატის შესახებ, რომლის გავრცელებასაც თითქოსდა გვარამია აპირებს.

ვინ ავრცელებს ამ ჭორებს, ვინ არიან საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები, რა ინტრიგებს ხლართავს შორენა თეთრუაშვილი, რატომ უნდა მიბაძოს ქართულმა ეკლესიამ ვატიკანს, – ამ თემებზე გოჩა მირცხულავა “ახალ თაობას” ესაუბრება.

გოჩა მირცხულავა:

– საქართველოს საპატრიარქოში და არა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მიმდინარე პროცესები სულ უფრო და უფრო ემსგავსება აბსურდის თეატრს და მისი პათოსი უნისონში მოდის ფარისევლისა და მებაჟის იგავთან.

რამდენიმე დღის წინ, სამმა ქორეპისკოპოსმა, რომელთა შორის იყო პატრიარქის მოსაყდრე შიო, დახურულ კარს მიღმა გამართა თათბირი. რის შედეგად 14 მარტს გავრცელდა განცხადება. ეს განცხადება, დიახაც, ჰგავს ე.წ. “ტროიკის” განაჩენს.

კომუნისტური პათოსით გაჟღენთილი განცხადების აბსურდულობა – მტრების ძიება ეკლესიის გარეთ, თვალნათლივ მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ეკლესიის მმართველნი დაცლილნი არიან არა მხოლოდ პრაგმატიზმისგან, არამედ რწმენისა და სიყვარულისგან.

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს ორი მტერი. ერთია უღირსი მღვდელმსახურები. მეორე ის, რომ ქართული ეკლესია დაცლილია სიყვარულისგან. ცალკეული პირები ქადაგებენ სიყვარულს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ამის ნათელ მაგალითად მოვიყვან საპატრიარქოში ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრას, როდესაც არც ერთ იერარქს არ უსაუბრია სიყვარულზე, მაგრამ ისაუბრეს ნიცშეზე და პრობლემებზე. არადა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სიყვარული ამოძრავებს.

დიახ, ქართული ეკლესია დაცლილია სიყვარულისგან და ვხედავთ ამის პროდუქტს – ერთმანეთთან დაპირისპირებულ იერარქებს.

იმის მიუხედავად, რომ საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არ ეთანხმება უამრავი ღვთისმსახური, პირდაპირი და ირიბი შეურაცხყოფები მიაყენეს არა ერთ სოციალურ, საზოგადოებრივ ჯგუფსა თუ სახელმწიფოს ცალკეულ ინსტიტუტებს, ძირითადი სათქმელი მაინც ციანიდის საქმის მოსალოდნელი განვითარებაა.

ცხადია, რომ ნიკა გვარამიას ჩართვა აღნიშნულ საქმეში მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ მოცემულობას და საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს საქმეზე და ამ დრომდე პასუხგაუცემელ კითხვებზე, რისი გასაჯაროებისგან მიზანმიმართულად იყვნენ შეზღუდულები დეკანოზ მამალაძის ადვოკატები.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ნათელი მოეფინება არა მხოლოდ ცალკეული მეუფეების სიხარბესა და მომხვეჭელობას, არამედ მათ კორპორატიულ მიზნებს – საპატრიარქოს შიდა საქმიანობაში, ასევე ქონებრივ თუ ბიზნესინტერესებს და ხელისუფლების როლს აღნიშნულ საქმეში.

სავარაუდოდ, ამ მოსალოდნელი მხილების “პრევენცია” იყო გაკეთებული განცხადება. რაოდენ სავალალოა, როდესაც ქორეპისკოპოსებმა საკუთარი თუ კორპორატიული ინტერესების დასაცავად, განცხადების ტექსტში პატრიარქის მაღალი ავტორიტეტის გამოყენება გადაწყვიტეს და მის ზურგს უკან დამალვა განიზრახეს.

– რატომ გგონიათ, რომ პატრიარქის ზურგს უკან იმალებიან?

– აღნიშნულის დასტურია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაჟღერებული ეს სიტყვები: ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.

აღნიშნული მოსაზრების დასტური იყო გარკვეული პასაჟები, რომელიც ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ, პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დასაცავად გააჟღერა ტელეკომპანია “კავკასიაში” და ამავდროულად, მიუთითა ნიკა გვარამიას მოსალოდნელ დესტრუქციულ ქმედებაზე, რომელიც ყოველგვარი შეთქმულების თეორიის ჩარჩოებს სცდება.

დამატებით, ჩემ მიერ მიღებული ინფორმაციისა და ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად მინდა გაუწყოთ, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები და ამ ინსტიტუტთან დაახლოებული პირები, ამჟამად ახდენენ ასეთი მოსაზრების კულტივირებას, რომ “ნიკა გვარამია აპირებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას”.

– ვინ არიან საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები?

– დაახლოებული პირები არ სარგებლობენ არანაირი იურიდიული სტატუსით საპატრიარქოში. ისინი მეტწილად ემსახურებიან სხვადასხვა გარკვეული ჯგუფებისთვის საჭირო და სასურველი ჭორების გავრცელებას.

– სასურველი ჯგუფები საპატრიარქოს შიგნით არიან?

– დიახ, დიახ, საპატრიარქოს შიგნით არიან ეს ჯგუფები.

– რაც შეეხება კომპრომატებს, რა კომპრომატები შეიძლება გამოაქვეყნოს გვარამიამ პატრიარქზე?

– სახელდება მასალის შინაარსიც, რომლის გამჟღავნების უფლებას საკუთარ თავს არ მივცემ.

– რატომ?

– მისი სრული აბსურდულობის გამო. სამაგიეროდ, თავს უფლებას ვაძლევ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პატრიარქის სახელის ხსენება აღნიშნულ განცხადებაში ემსახურება კონკრეტული მეუფეებისა თუ მღვდელმსახურების მიერ საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობას.

მათ სურთ მრევლი დაარწმუნონ, რომ სამომავლოდ თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი მავანთა ავ ქმედებებზე (აქ კატეგორიულად გამოვრიცხავ ვინმეს პირად ცხოვრებაზე აპელირებას), ეს ჩაითვალოს აბსურდად და ცილისწამებად.

საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირებს ინფორმაციების გავრცელებას შორენა თეთრუაშვილი ავალებს. ეს ადამიანი ბევრ სკანდალში ფიგურირებს და ის დიდი ხანია რაც ილია II-ეს პატრიარქად აღარ მოიხსენიებს. ის უწმინდესს მოხუცს ეძახის. როდესაც პატრიარქი ვინმესთან მოისურვებს შეხვედრას, მას ურეკავს თეთრუაშვილი და ეუბნება, რომ მოხუცს სურს მასთან შეხვედრა.

საპატრიარქოს გარშემო აგორებული ინტრიგების დიდი ნაწილის უკან ის დგას და ამ თემებზე სხვებს ალაპარაკებს. მასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, მაგრამ ის არსად არ მიდის. არადა ჯობია, მან გააკეთოს კომენტარები, მით უმეტეს, რომ შორენა თეთრუაშვილი სასულიერო პირი არაა.

ისევ “ტროიკის” განცხადებას დავუბრუნდები და ხაზგასმით ვიტყვი, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ, ვითომ “პრევენციული”, მდარე ხარისხის, სიძულვილით აღსავსე, სრულიად არაკვალიფიციური შინაარსის განცხადებით, აიცილონ მორალური პასუხისმგებლობა. ხოლო, შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები და ფაქტები, რომელთა გამჟღავნებასაც ასე უფრთხიან, საზოგადოებას წარუდგინონ, როგორც ცილისწამება და “დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება”.

ასევე, სრული პასუხისმგებლობით, დაბეჯითებითა და დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ბატონი ნიკა გვარამია არანაირად არ განახორციელებს პატრიარქის საწინააღმდეგო და მისი დისკრედიტირებისკენ მიმართულ ქმედებებს და მით უფრო, მიუღებელია ე.წ. “ციანიდის საქმეში” ჩართვის საწყის ეტაპზე მისგან გარკვეული “მონსტრის” შექმნის მცდელობა – თან პატრიარქის მოსალოდნელი დისკრედიტირების კონტექსტში.

იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი გვარამია ნამდვილად ამხელს იმ პირებს (როგორც საერო, ასევე სასულიერო), რომლებმაც დეკანოზ მამალაძის საქმეში ნამდვილად შეასრულეს და ასრულებენ საზიანო როლს, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქართული სახელმწიფოს მიმართ.

საზოგადოებას გვაქვს უფლებრივი მოვალეობა, მოვითხოვოთ, ნათელი მოეფინოს დეკანოზ მამალაძის საქმეს. ასევე გვაქვს სრული საფუძველი, რომ ამ საქმეში საპატრიარქოს არ ვენდოთ.

– რის საფუძველზე არ უნდა ვენდოთ?

– საქართველოს საპატრიარქოს უახლოეს წარსულში არსებობს შავი ლაქა, როდესაც ამ ინსტიტუტმა თავი დაუხარა კონკრეტულ მართლმსაჯულებას. ერთი, ეს არის თვითმფრინავის ბიჭების საქმე და ბერი თეოდორე ჩიხლაძის საკითხი. მაშინ საპატრიარქოს საერთოდ ხმა არ გაუღია და ეს ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს.

მეორე ფაქტი გახლავთ ყოფილი ჭყონდიდის ეპისკოპოსი, მეუფე იოანე – ცეზარ ანანიაშვილი. ის კაგებემ შეთითხნილი ბრალდებით დააკავა. მან სასჯელიც მოიხადა, მაგრამ არც საპატრიარქოს და არც რომელიმე მღვდელმთავარს არ გამოუდვია თავი მის მხარდასაჭერად. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, დასაფლავებამდე რამდენიმე დღით ადრე, აღადგინეს ყველა რეგალიაში.

სამწუხაროდ ასეა, რომელიმე სასულიერო პირს თუ პრობლემა შეექმნება, საპატრიარქო განერიდება ხოლმე მოვლენებს. მხოლოდ ბოლო, დეკანოზ მამალაძის შემთხვევა იყო გამონაკლისი – როდესაც რამდენიმე მეუფემ გაბედა ხმის ამოღება. დანარჩენებმა თქვეს, რომ უპირობოდ ენდობიან გამოძიებას.

აქვე გავახსენებ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და მაქსიმალურად შეეცადონ, თავი შეიკავონ როგორ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევისგან, ასევე ცალკეული პირებისა თუ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების დისკრედიტირების მცდელობისგან.

სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში მართლა არ ერევა, მაგრამ სასულიერო პირები ხშირად ერევიან პოლიტიკაში. არჩევნების წინ აფიქსირებენ თავის პოზიციას. ერთხელ, ორი სასულიერო პირი პარლამენტის წევრიც კი იყო.

– ეს როდის?

– 2 სასულიერო პირი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ მოხვდა. ერთი მათგანი იქ მრგვალი მაგიდიდან შევიდა, ხოლო მეორე – კომუნისტური პარტიიდან.

საქართველომ უამრავი უბედურება გამოიარა – ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამოქალაქო ომი, რუსეთის გამუდმებული აგრესია. არც ერთი ძნელბედობის დროს ქართული ეკლესია ასე სუსტი არ ყოფილა, როგორც დღეს არის.

ამის მიზეზები ეკლესიამ თავის წიაღში უნდა ეძიოს. სასულიერო პირების 32% წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

– რა დანაშაულებისთვის?

– ადამიანის მოკვდინება, გაუპატიურება, ყაჩაღობა. ყველა სახის დანაშაულია ჩადენილი.

– თქვენი აზრით, მათ არ უნდა ჰქონდეთ ეკლესიაში ყოფნის უფლება? თუ მოინანიეს?

– ეკლესიაში ყოფნის უფლება როგორ არა აქვთ. ძალიან კარგია, როცა ადამიანი დანაშაულს ინანიებ და ეკლესიაში მიდიხარ, მაგრამ მათ შეეძლოთ შორეულ მონასტრებში წასულიყვნენ და იქ ელოცათ. ესენი კი საკმაოდ მაღალ საფეხურებზე არიან.

გამუდმებით მიდის საუბარი ჯიპებსა და იმ ფუფუნებაზე, რომელშიც სასულიერო პირები ცხოვრობენ. ვატიკანმა, პაპი ფრანცისკის გადაწყვეტილებით, უარი თქვა ფუფუნებაში ცხოვრებაზე. მათი თქმით, როცა ხალხს შია, ისინი ფუფუნებასა და სიმდიდრეში ვერ იცხოვრებენ.

ჩვენთან რა ხდება? ისიც კი სწყინთ, როცა ვამბობთ თუ რატომ აფინანსებს ეკლესიას სახელმწიფო 25 მილიონით.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ეკლესიის მსახურების კუთვნილება, ეკლესია არის ყველასი, ვისაც სწამს უფალი. რწმენის სიძლიერე და სიწმინდე არ განისაზღვრება ადგილით საეკლესიო იერარქიაში და არც ეკლესიისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლით. რატომ არ უფიქრდებიან ღვთისმსახურნი იმას, რომ იქნებ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ეკლესიის მტრებად მოიხსენიებენ და მიიჩნევენ, არიან ისინი, ვისაც უფალმა დააკისრა უდიდესი ტვირთი და ვალდებულება – ამხილოს.

არ დაგავიწყდეთ, რომ თვით მაცხოვარი არ აღიარეს და მასში უფალი ვერ შეიცნეს ფარისევლებმა. სანთელი სასანთლეზე უნდა იდოს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი და არა საწოლის ქვეშ და ამიტომაც “რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ”.

და ბოლოს, ამ ადამიანებს ავიწყდებათ უმთავრესი რამ – არ არის დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს. შესაბამისად არ მესმის, თუ რატომ უშლიან ისინი ხელს სიმართლის გარკვევას.