გვარის შეცვლა კანონით გამკაცრდა – რას ითვალისწინებს ახალი დეტალები

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა 79 ხმით დაამტკიცეს.

ცვლილებების მიზანია, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა.

როგორც საპარლამენტო განხილვისას ითქვა, გვარის შეცვლის შემთხვევათა რაოდენობა შეზღუდული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გვარის სურვილისამებრ შეცვლა შესაძლებელი არ არის, ამჟამად მოქმედი კანონი იმდენად ფართო შესაძლებლობებს იძლევა, რომ ერთ პირს ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საფუძვლით გვარის შეცვლა 25-ჯერ და მეტჯერ შეუძლია.

“სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს.

სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქალაქეს მოუწევს, ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.

როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც 2017 წლის 28 მარტის შემდეგ შეიცვალეს გვარი, მათზე ზემოაღნიშნული შეზღუდვები ზოგადი წესის შესაბამისად გავრცელდება.
შეზღუდვა არც იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა მიიღონ. გარდა ამისა, გვარის შეცვლის ჯერადობის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა).

ამასთან, “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სახელისა და გვარის შეცვლის მსურველი 16 წელს მიღწეული პირი ვალდებული იქნება პირადად მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ცვლილების თანახმად, იკრძალება სახელისა და გვარის შეცვლის მოთხოვნით სააგენტოსათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ან საკონსულო დაწესებულებისათვის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვა.
კანონპროექტის გათვალისწინებით, სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელი იქნება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას:

– განცხადება 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლაზე/გვარის დადგენაზე/გვარის კანონიერად აღიარებაზე არ არის წარდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ;

– დაინტერესებული პირი დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი;

– დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018