გოგა ონიანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა – პროკურორი გულუაშვილი: “ონიანი საპატიმროში მხოლოდ 2 წელს გაატარებს”

ყოფილი უფლებადამცველის გოგა ონიანის საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, გოგა ონიანის საქმის თაობაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად ონიანი 2 წელს საპატიმროში, ხოლო 2 წელსა და 6 თვეს პირობითი მსჯავრის სახით მოიხდის.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა აღნიშული საპროცესო შეთანხმება.

მისი თქმით, ყველა წარდგენილ ბრალდებაში გოგა ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

„როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის და მათი შეფასების შედეგად მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმადაც, გიორგი ონიანი სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს წინაშე ბრალდების მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის მიერ მიღწეულია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, უცვლელად დარჩა გიორგი ონიანისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი – 4 წლითა და 6 თვისუფლების აღკვეთა. შეიცვალა მისი მოხდის პირობა. ანუ, საპროცესო შეთანხმების თანახმად, იგი საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს 2 წელს და ამ ვადის ათვლა დაიწყება 2017 წლის 7 ნოებრიდან. ხოლო, დარჩენილი 2 წელი 6 თვე მას ჩაეთვლება პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ამასთან ერთად საკუთარი პოზიცია დააფიქსირა შუამდგომლობის თაობაზე დაცვის მხარემაც. დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, გიორგი ონიანმა სრულად აღიარა მის მიმართ ყველა წარდგენილი ბრალდება, რომლის თანახმად, მან 2011 წლის ოქტომბრის თვეში, იყო რა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილე, გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და პოლიტიკური ნიშნით განახორციელა ლევან მდინარაძის და დავით შათირიშვილის დევნა. მოახდინა მათი უკანონო დაკავება და მათ საქმეში მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვის შედეგად, ასევე დაცვის მხარის პოზიციის მოსმენის შემდგომ გამოტანილ იქნა გამამატყუნებელი განაჩენი. გიორგი ონიანი დამნაშავე იქნა ცნობილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან ერთად მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საბოლოო ჯამში 4 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა გულუაშვილმა.

საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ონიანისთვის გამოტანილი სასჯელის ვადა 4 წელი და 6 თვე გაიყოფა, რომლის თანახმად, ყოფილი ადვოკატი 2 წელს საპატიმროში გაატარებს. დარჩენილ 2 წელსა და 6 თვეს კი ონიანი პირობითი მსჯავრის სახით მოიხდის. საპატიმრო ვადის ათვლა მსჯავრდებულის დაკავების დღიდან, 2017 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018