დეკანოზი თამაზ ლომიძე: “პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ რატომ არ გიფიქრიათ ვინმეს კანონის შემოღება? მოეშვით რელიგიით სპეკულაციას“

რელიგიური გრძნობების შეურაცხოფასთან დაკავშირებით პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო ინიციატივას მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმაურება:

„თუ გინახავთ როდესმე, პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის შემოღების ინიციატივით შესულიყოს ვინმე პარლამენტში? აი, როცა ვინმე უტიფარი საჯაროდ ამბობს, რომ ის, ვინც 2 საუკუნეზე მეტია ანადგურებს ჩემს ქვეყანას და ეკლესიას მაინც ჩვენი ძმა და მეგობარია ან როცა ოკუპანტის დროშას გამოგვიფენს საქართველოს ქუჩებში ვინმე ან საქართველოს ამაოხრებლებს პირზე კოცნით, გალობით და გაშლილი სუფრით რომ ხვდებიან ან მტრის კარზე რომ ცეკვავენ და მღერიან უსირცხვილო ქართველები და ეს ასე აშკარად და მწარედ ლახავს ჩვენს პატრიოტულ გრძნობებს. ამ დროს თქვენ არ გელახებათ გრძნობები?

თუ ასე მგრძნობიარეები ხართ და მაიცდამაინც თქვენი გრძნობებისთვის გინდათ ბრძოლა, პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ რატომ არ გიფიქრიათ ვინმეს კანონის შემოღება? მოეშვით რელიგიებს, რელიგიით სპეკულაციას და საქვეყნო საქმეს მიხედეთ.“- წერს თამაზ ლომიძე ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, კერძოდ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს.

ემზარ კვიციანის მოსაზრებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა უნდა დაწესდეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018