ერევანში მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს

ერევანში მერიის შენობის ბლოკირება დაიწყესაქციის მონაწილეებმა ერევნის მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს. ამ მოქმედებისაკენ მათ მომიტინგეების ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა.

„გადაკეტეთ შენობის ყველა შესასვლელი. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მშვიდობიან აქციას ვატარებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პოლიციამ ქალაქის ცენტრისკენ ახალი ძალები მიიყვანა და იმ ოპოზიციონერების დაკავება დაიწყო, რომლებიც ქუჩებზე მოძრაობის პარალიზებას ცდილობენ. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება საფრანგეთის მოედანზე, ოპერის შენობის ახლოს. სამართალდამცველებმა კორდონები აღმართეს და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ოპოზიციონერებს ქუჩების დაბლოკვაში.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წამოაყენეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.

ფაშინიანმა გუშინ განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

ინტერპრესნიუსი